მთავრობა „უკანონო კრიპტომაინინგის“ აღმოსაფხვრელად მესტიაში გამრიცხველიანების პროცესს იწყებს

პუბლიკა

სამართალდამცველებს შორის კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მესტიაში გამრიცხველიანების პროცესი დაიწყება.

მისი თქმით, მთავრობა „ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას იწყებს“, ამ მხრივ ერთ-ერთი გამოწვევა კი მესტიაში „უკანონო კრიპტომაინინგის პროცესია“.

„ელექტროენერგიის მოხმარებამ მესტიის მუნიციპალიტეტში 2025 წელს 133 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა მაშინ, როდესაც, მსგავსი მასშტაბის მუნიციპალიტეტის ელექტრომოხმარება, ყველა მონაცემის გათვალისწინებით, სხვა შემთხვევებში არ აღემატება 10 მილიონ კილოვატსაათს. შესაბამისად, ეს ნიშნავს ელექტროსისტემისა და მის ფინანსურ დაზიანებას მინიმუმ 20-25 მილიონი ლარით, რომელიც დამატებით ფინანსურ ტვირთად აწვება ელექტროენერგიის საფასურის გადამხდელ ყველა მოქალაქეს. ამ შემთხვევაშიც შეგვიძლია დავაკონკრეტოთ, თითოეული აბონენტი ქვეყანაში, ყოველი გადახდის დროს, კონკრეტულად ამ პრობლემის გამო, დამატებით ლარნახევარს იხდის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პრობლემის აღმოსაფხვრელად, დაიწყება გამრიცხველიანების პროცესი მესტიაში, რაც აქამდე სხვადასხვა წინააღმდეგობრივი გამო ვერ ხერხდებოდა.

„აქვე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გამრიცხველიანების ერთადერთი მიზანია ელექტროენერგიის უკანონო და ფარული მოხმარების აღმოფხვრა. ელექტროენერგია სვანეთში კვლავ იქნება უფასო თითოეული აბონენტისათვის საჭირო მაქსიმალური რაოდენობის ფარგლებში, ხოლო აღნიშნული რაოდენობის ზემოთ დაწესდება ლიმიტი და შესაბამისი ტარიფი. რაც შეეხება გამრიცხველიანებას, ის მოხდება არა მხოლოდ ლოკალურად, არამედ მსხვილი მასშტაბითაც თითოეულ სოფელზე თუ დასახლებულ პუნქტზე, რაც პრობლემის კონკრეტული მიმართულებით იდენტიფიცირების საშუალებას მოგვცემს.

სამართალდამცველებს უკვე დაევალათ ამ პროცესის მაქსიმალური ხელშეწყობა და კონტროლი, ასევე ელექტროენერგიის დიდი ოდენობით უკანონო მოხმარების მაქსიმალური რესურსით გამოვლენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

ყველას მოვუწოდებთ, პატივი სცენ ამ პროცესს. ნებისმიერ ხელშეშლას და სამართალდარღვევას მოყვება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.