საქართველოში 16 წლამდე ასაკის 226 160 ბავშვი 200-ლარიან საარსებო შემწეობას იღებს

პუბლიკა

საქართველოში 16 წლამდე ასაკის 226 160 ბავშვი 200-ლარიან საარსებო შემწეობას იღებს – ეს არის სოციალური მომსახურების სააგენტოს აპრილის ოფიციალური მონაცემები.

„პუბლიკის“ მიერ სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზით, ეს რიცხვი, დაახლოებით, ამ ასაკის ბავშვების რაოდენობის 28%-ია.

კერძოდ, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოში 16 წლამდე 810 598 ბავშვია.

810 598 ბავშვიდან დახმარებას იღებს 226 160 მათგანი, რაც 27.9%-ს წარმოადგენს.

შესაბამისად, გამოდის, რომ საარსებო შემწეობას 16 წლამდე ბავშვებიდან დაახლოებით ყოველი მეოთხე იღებს.

რა შემთხვევაში ინიშნება სოციალური დახმარება და კიდევ ვინ იღებს ბავშვის მიზნობრივ დახმარებას?

საქართველოში არსებული სოციალური დაცვის სისტემა სხვადასხვა ტიპის ბენეფიტისგან შედგება, მათ შორისაა, სოციალური შემწეობა და არასრულწლოვანებისთვის განკუთვნილი სოციალური შემწეობა.

საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს, დამატებით ბავშვის დახმარების მიღების უფლება კი აქვს 65 000-დან 120 000 ქულების მქონე ოჯახებსაც. ანუ შესაძლოა, რომ ოჯახი არ იღებდეს თითოეულ წევრზე სოციალურ დახმარებას, მაგრამ თუ აქვს 120 000-მდე ქულა, მიიღებს მხოლოდ ბავშვის დახმარებას.