მდინარაძე: „სუსმა დააკავა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებმაც მიუხედავად გაფრთხილებისა, არ შეწყვიტეს გარკვეული მოძრაობები“

პუბლიკა

მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მისი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებს გასული დღეების განმავლობაში ჩატარებული „ძალიან წარმატებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებებისთვის“.

„როგორც მოგეხსენებათ, სუსის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ორი ადამიანიდან ერთს ბრალი ორი სხვადასხვა სახელმწიფოს სასარგებლოდ სადაზვერვო ინფორმაციების მოპოვებაში ედება. ჯაშუშობაში და ჯაშუშური ქსელის ერთგვარ ლიდერობაში მხილებულია მეორე ბრალდებული, რომელიც თანხებსა და დავალებებს ქსელის წარმომადგენლებზე ანაწილებდა.

ბრალდების მიხედვით, აღნიშნული პირი იმავე სახელმწიფოს ე.წ. ,,სპეცსამსახურის რეზიდენტს” წარმოადგენდა, რომლის სასარგებლოდაც სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემის ბრალდებით რამდენიმე კვირის წინაც დავაკავეთ ერთი ბრალდებული.

ამას ნამდვილად მოჰყვა საკმაოდ პოზიტიური კომუნიკაცია შესაბამის სამსახურებს შორის, თუმცა, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ორი დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებმაც მიუხედავად გაფრთხილებისა, წინა დაკავებების შემდგომაც არ შეწყვიტეს გარკვეული მოძრაობები ამ მიმართულებით. იმედია, ამ შემთხვევაში მაინც იქნება სწორი დასკვნები გამოტანილი შესაბამისი სამსახურების თუ კონკრეტული პირების მხრიდან.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ დღეს ქართული სახელმწიფო, ქართული სპეცსამსახურები, ქართველი სამართალდამცველები და უსაფრთხოების სისტემა არის იმდენად ძლიერი, რომ მას შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო ღონისძიებების ჩატარება – რეალური ჯაშუშური ქსელების გაშიფვრა და მათი წევრების დაკავება, რაც იმ კატეგორიის ოპერატიულ და საგამოძიებო ღონისძიებებს მიეკუთვნება, რომელიც ძალიან უჭირთ ხოლმე გაცილებით ძლიერ და დიდ სახელმწიფოებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

30 მაისს სუსში განაცხადეს, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს პრორუსული ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე.

გულბაათ რცხილაძე პრორუსული ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტის” დამფუძნებელია.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ დაკავებული ორ ქვეყანასთან თანამშრომლობდა და პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას ახორციელებდა. სუსის ინფორმაციით, ბრალდებულს შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზებას უწევდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებას.

„ევრაზიის ინსტიტუტმა“ და რამდენიმე სხვა პრორუსულმა ჯგუფმა 25 მაისს საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ დააფუძნეს. ამასთან გულბათ რცხილაძე იყო ტელე-რადიოკომპანია „ობიექტივის” ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი.

სუსში ასევე განაცხადეს, რომ დააკავეს მეორე პირიც – რომელიც სუსის მტკიცებით „ონლაინპლატფორმის საფარით სადაზვერვო ქსელს მართავდა“. მეორე დაკავებული 2008 წლის აგვისტოს ომში მოკლული ჟურნალისტის, გიგა ჩიხლაძის ძმა, ირაკლი ჩიხლაძეა.

საჯარო წყაროებით, ირაკლი ჩიხლაძე ინტერნეტგამოცემა „ახალი კავკასიის“ თანამშრომელია. პლატფორმაზე მისი ავტორობით არაერთი მასალა იძებნება.

სუსის თქმით, ჩიხლაძე ონლაინპლატფორმის საფარით სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს მართავდა. კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას. ასევე ახორციელებდა სპეცსამსახურებისგან მიღებული თანხების განაწილებას სადაზვერვო ქსელის წევრებს შორის, აძლევდა მათ შესაბამის დავალებებს და აკონტროლებდა შესრულების პროცესს.