პარლამენტში ინიციირებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლითაც განისაზღვრება, რომ ყადაღას არ დაექვემდებარება და აღსასრულებლად არ მიექცევა ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება.
ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობა განსაზღვრულია ჯამურად არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, აღნიშნული თანხა თავისი ბუნებით წარმოადგენს არა ზოგად შემოსავალს, არამედ სახელმწიფოს მხრიდან ორსულის/მშობლის მიზნობრივ ფინანსურ მხარდაჭერას, რის გამოც მიზანშეუწონელია მისი აღსასრულებლად მიქცევა.
„2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამაში „მხოლოდ მშვიდობით ღირსებით კეთილდღეობით ევროპისკენ“, სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოყოფილია სოციალური დაცვა (თავი 3.1.2).
აღნიშნულ თავში ხაზგასმულია დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მნიშვნელობა და ამ მიზნით ოჯახის მხარდამჭერი სერვისების გაგრძელებისა და განვითარების აუცილებლობა. სწორედ ასეთ, ოჯახის მხარდაჭერაზე და შესაბამისად, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ ერთ-ერთ ზომას წარმოადგენს ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულადი დახმარების გაცემა“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.