SPAR Georgia სოფელ წიფნარის სკოლის 33 მოსწავლისთვის სასკოლო კვებას დააფინანსებს. სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
„მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური არის ბავშვების კვების საკითხი სკოლებში და ფაქტობრივად, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ბიზნესს სხვა ამაზე უკეთესი სოციალური პასუხისმგებლობა არ შეიძლება რამე გააჩნდეს, თუ არა რეალური წვლილი შეიტანოს ადამიანების და მათ შორის ბავშვების ყოველდღიურობაში”, – აცხადებს „დეილი ჯგუფის“ მარკეტინგის დირექტორი თათული გულბიანი.
რაც შეეხება განათლების სამინისტროს ჩართულობას ამ პროცესში, კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ უწყებას მხოლოდ სკოლების ჩამონათვალი სთხოვეს. დანარჩენ საკითხებზე კი კომუნიკაცია უშუალოდ დირექციასთან ჰქონდათ.
„მათ იციან, რა შეიძლება სკოლაში ბავშვებისთვის, რა არ შეიძლება… რაციონი შევადგინეთ, რომ დაბალანსებული იყოს. მაგალითად, ხილი შედიოდეს ბავშვების ყოველდღიურ რაციონში, წყალი, გარკვეული ფუნთუშეულიც და ა.შ. რაც შესაძლებელია მოკლედ სკოლის ფარგლებში, რომ ბავშვებმა მიიღონ, მაქსიმალურად გავწერეთ”, – ამბობს ის.
მისივე თქმით, სკოლის დირექტორისვე ინფორმაციით, ამ სკოლაში მოსწავლეთა 66% სოცდაუცველია.
„არჩევანი გვქონდა ორ სკოლას შორის და ამ ფაქტორმა გადმოწონა, როცა გავიგეთ, რომ რეალური საჭიროების მქონე ბავშვები იყვნენ და მათ შეიძლება მეტად სჭირდებოდათ მხარდაჭერა”, – ამბობს ის.
სასკოლო კვების დანერგვაზე განსაკუთრებით აქტიურად საუბარი 2021 წელს დაიწყო.
საკითხი ასევე გაანალიზებულია პოლიტიკის დოკუმენტში, რომელიც „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა“ მოამზადა.
საკითხი საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ დღის წესრიგში მოძრაობა „ხმის“კამპანიის შედეგად დადგა. მათ სკოლებში უფასო კვების მოთხოვნით კამპანია 2021 წელს დაიწყეს. მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ საჯარო სკოლებში სახელმწიფომ უნდა დაიწყოს ბავშვთა სასკოლო კვების საყოველთაო პროგრამა.
მოცემულ ეტაპზე მოძრაობა „ხმა” უფასო სასკოლო კვების მოთხოვნის ხელმოწერებსაც აგროვებს. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივის წესით მოხდება. ბოლო ცნობით, ამ დროისთვის შეგროვებულია 15 000-ზე მეტი ხელმოწერა.
28 მაისს პარლამენტში მინისტრმა სასკოლო კვების საკითხზეც ისაუბრა. მას კონკრეტულად არ უთქვამს რა ვადებში და როდის გეგმავენ უფასო სასკოლო კვების დანერგვას – „სასკოლო საათებში კვების საკითხის მოგვარებას ჩვენ ვუდგებით სისტემურად და ორიენტირებულნი ვართ მდგრადი მექანიზმის შექმნაზე”.