შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ორგანიზაცია „სალამის“ განცხადებას ეხმაურება.
პლატფორმა „სალამი“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2021-2024 წლების სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობის პროცესს არაინკლუზიურს უწოდებს.
„სამწუხაროდ, ჩვენი დაკვირვებით, 2021-2024 წლის სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში, სწორედ რომ შეინიშნება არასისტემური და კრიტრიუმების გარეშე მუშაობის ნიშნები, “ – ვკითხულობთ „სალამის“ განცხადებაში.
ორგანიზაციის ამ განცხადებას სამინისტრომ უპასუხა და განაცხადა, რომ პროცესის ასე დახასიათება გასაკვირი და მიუღებელია, რადგან, მათი მტკიცებით, „სალამის“ წევრებმა იცოდნენ, რომ მომდევნო ანალოგიურ შეხვედრაზე მონაწილეობას მიიღებდნენ.
„17-18 ივლისს ტარდება ახალი სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის სამთვრობო კომისიის და სამუშაო ჯგუფის გაერთიანებული სხდომა, რომელიც გაფართოებულ ფორმატში წარიმართება და სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უნცირესობების საბჭოს წარმომადგენლები და მინისტრის საკონსულტაციო საბჭოს წევრი არასამთავრობო ორგანიზაციებიც დაესწრებიან.
მოხარული ვართ, რომ სტრატეგიის შემუშავების პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით ასეთი მაღალი ინტერესია, მითუმეტეს ახალგაზრდების მხრიდან.
ჩვენი ხედვაა, მთელი პროცესი მაქსიმალურად ინკლუზიურად წარიმართოს და კონსტრუქციულად განწყობილი ყველა იმ აქტორის ჩართულობა უზრუნველყოფილი იყოს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის საკითხებით. ამიტომ დაიგეგმა სამუშაო შეხვედრების, ფოკუს ჯგუფებისა და განხილვების მთელი ციკლი, ასევე ვითხოვეთ წერილობით წარმოედგინათ პოზიციები და რეკომენდაციები. თითოეული მოსაზრება თუ ინიციატივა ჩვენთვის საინტერესოა. ნამდვილად გასაკვირი და მიუღებელია პროცესის ასე დესტრუქციულად დახასიათება არასამთავრობო ორგანიზაცია “სალამის” მხრიდან , მაშინ როცა ისინი ინფორმირებულნი არიან რომ ამ თემაზე შეხვედრების მთელი ციკლია დაგეგმილი და გაწერილი, ასევე კარგად იციან რომ მომდევნო ანალოგიურ შეხვედრაზე ისინი მონაწილეობენ“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
„სალამის“ განცხადებას დღეს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი(EMC) გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სოლიდარობის ნიშნად EMC-ც უარს აცხადებს დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობაზე.
სამინისტრო არ გვრთავს სტრატეგიული დოკუმენტის მომზადების პროცესში – პლატფორმა „სალამ“
16 ივლისი, 2020