საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა სულ უფრო და უფრო ღრმავდება. თანამშრომლობის ისეთ სფეროებზეა საუბარი, როგორიცაა: თავდაცვა, უსაფრთხოება, დემოკრატიზაცია, ვაჭრობა და ეკონომიკა – ყველაფერი, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, სენატის მიერ დამტკიცებულ თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად.
მისი თქმით, ცალკეულ მეგობარს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, იქნება ეს კონგრესმენი თუ სენატორი, შეიძლება, გარკვეული კითხვის ნიშნები ჰქონდეს და მათ, როგორც საქართველოს მეგობრებს, აქვთ ამ კითხვის დასმის უფლება.
„ხედავთ, რომ დროთა განმავლობაში, ეს კითხვები ნელ-ნელა იხსნება. ცუდია ის, რომ, პოლიტიკური პროცესიდან გამომდინარე, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინების გარეშე, ვიღაც-ვიღაცები ცდილობენ, ეს სტრატეგიული პარტნიორობა პოლიტიკური პროცესების ნაწილი გახადონ, რასაც ვერ მიაღწევენ იმიტომ, რომ სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ყველა სახის პოლიტიკურ ან პარტიულ ინტერესზე უფრო მაღლა დგას. ეს ყველას კარგად ესმის, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი მცდელობები გაგრძელდება, მაგრამ შესაბამისი და საკადრისი პასუხი გაეცემა, როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
სენატის მიერ დამტკიცებულ თავდაცვის ავტორიზაციის აქტს ასევე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი, რომელმაც აღნიშნა, რომ „სენატის მიერ მიღებულმა დოკუმენტმა კიდევ ერთხელ გადაასხა ცივი წყალი მათ, ვინც საქართველოსთვის პრობლემის შექმნას ცდილობს. მათ შორის, კონგრესმენებისა თუ სენატორების მეშვეობით – ეს გეგმა ვერ ხორციელდება“.
აშშ-ის სენატმა 23 ივლისს მხარი დაუჭირა 2021 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს, რომელიც თავდაცვის ხარჯისათვის მომავალ წელს ბიუჯეტიდან 740.5 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თავდაცვითი ეფექტიანი მუშაობისთვის აშშ გამოყოფს დახმარებას, რათა შეაკავოს რუსეთის ფედერაციის აგრესია და, ამასთანავე, მეტი ყურადღება და რესურსი მიიმართოს შავი ზღვის რეგიონში ცვალებადი სამხედრო ბალანსის საპასუხოდ.
„ასევე, გაიზარდოს NATO-სა და სხვა მრავალმხრივი წვრთნების სიხშირე, არეალი და მასშტაბი შავი ზღვის რეგიონში, საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით”, – ნათქვამია დოკუმენტში.
ივნისში, როდესაც შეერთებული შტატების სენატი 2021 საბიუჯეტო წლის თავდაცვის ბიუჯეტს განიხილავდა, სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯიმ რიშმა ცვლილებების ინიცირება მოახდინა, რომელთა მიზანიც საქართველოსთვის შეერთებული შტატების სამხედრო მხარდაჭერის დემოკრატიულ მდგომარეობასთან დაკავშირებაა.
აშშ-ის თავდაცვის აქტის საბოლოო ვერსიაში ხსენებული ცვლილებები არ შევიდა.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მომზადებულ ცვლილებათა საკანონმდებლო პროექტში საუბარი იყო საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, გასული წლის საპროტესტო გამოსვლებსა და 8 მარტის შეთანხმებაზე. ინიცირებული ცვლილებების პროექტის მიხედვით, საარჩევნო რეფორმაზე მომზადებული შეთანხმების მხარდაჭერისთვის, ოპოზიციური პარტიები წინაპირობად აყენებდნენ, მათი თქმით, პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის, გიორგი რურუას გათავისუფლებას. „შეთანხმების მიუხედავად, გიორგი რურუა რჩება წინასწარ პატიმრობაში“, – აღნიშნული იყო რიშის მიერ ინცირებულ ცვლილებათა ტექსტში.