ცვლილებების პროექტი - რას წერს სენატორი საქართველოსთვის სარეკომენდაციო ნაწილში

პუბლიკა

ცვლილებების პროექტი თარგმნილია „ამერიკის ხმის” მიერ;

შეერთებული შტატების სენატი 2021 საბიუჯეტო წლის თავდაცვის ბიუჯეტს განიხილავს. ბიუჯეტში სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯიმ რიშმა ცვლილებების შეტანის ინიცირება მოახდინა, რომელთა მიზანიც საქართველოსთვის შეერთებული შტატების სამხედრო მხარდაჭერის დემოკრატიული მდგომარეობასთან დაკავშირებაა.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მომზადებულ ცვლილებათა საკანონმდებლო პროექტში, საუბარია საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, გასული წლის საპროტესტო გამოსვლებზე და 8 მარტის შეთანხმებაზე. ინიცირებული ცვლილებების პროექტი ამბობს, რომ საარჩევო რეფორმაზე მომზადებული შეთანხმების მხარდაჭერისთვის, ოპოზიციური პარტიები წინაპირობად აყენებდნენ, მათი თქმით, პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის, გიორგი რურუას გათავისუფლებას. „შეთანხმების მოუხედავად გიორგი რურუა რჩება წინასწარ პატიმრობაში“, – აღნიშნულია ტექსტში.

სენატორმა ჯიმ რიშის ცვლილებების პროექტი მოიცავს სარეკომენდაციო ხასიათის პუნქტებს საქართველოსთვის, რომელსაც „ამერიკის ხმა” უცვლელად გთავაზობთ:

1. აშშ-ის სენატი მიესალმება საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს მიერ ეკონომიკური რეფორმირების, მმართველობის და ანტიკორუფციულ საკითხებში მიღწეულ პროგრესს;

2. სენატი ხელახლა აცხადებს სურვილს განავითაროს თანამშრომლობა აშშ-სა და საქართველოს შორის, მათ შორის, საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, თუ საქართველოს მთავრობა განაგრძობს კეთილსინდისიერ მცდელობას ეს რეფორმები განახორციელოს;

3. მოუწოდებს ხელისუფლებას, არჩეულ ოფიციალურ პირებს და საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, უარი თქვან ძალაუფლების ცდუნებაზე და იმუშაონ ერთად​ თავისუფალი პრესის შენების, კერძო ბიზნესისთვის [განვითარების] საშუალების მისცემის და უფრო მეტად გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის;

4. ხაზს უსვამს ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის [ეუთო] რეკომენდაციების მნიშვნელობას საარჩევნო რეფორმის საკითხზე, რაზეც 2020 წლის 8 მარტს პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება მოხდა;

5. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გააძლიეროს ქვეყნის დემოკრატია სასამართლო დამოუკიდებლობის გაუმჯობესებით, მათ შორის ყველა ისტანციაში მოსამართლეების დანიშვნის უფრო გამჭვირვალე პროცედურის დანერგვით და მმართველი პარტიის დიდი გავლენის ქვეშ და მის მიმართ ლოიალობის მიხედვით მოსამართლეების დანიშვნის პრაქტიკის დასრულებით;

6. ამტკიცებს, რომ ამ საარჩევნო და სასამართლო რეფორმების წარმატებით განხორციელება კრიტიკულია იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ აღადგინოს ნდობა მის ერთგულებაში დემოკრატიული განვითარებისა და დასავლეთში ინტეგრაციისადმი.

7. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გაატაროს პოლიტიკა, რომელიც დემოკრატიულ და სასამართლო პროცესებს გააძლიერებს, როგორც იდეურად, ისე პრაქტიკულად და ამით, კიდევ უფრო განამტკიცოს საქართველოს ევროატლანტიკური კურსი;

8. აღიარებს საქართველოს პარლამენტის მომავალი არჩევნების მნიშვნელობას და მოუწოდებს საქართველოს მთავრობის ოფიციალურ პირებს უზრუნველყონ, რომ არჩევნები თავისუფალ, სამართლიან, მშვიდობიან გარემოში გაიმართოს და ჩატარდეს 2020 წლის 8 მარტს შეთანხმებული წესების თანახმად”.

იმისთვის, რომ თავდაცვის ავტორიზაციის აქტში ინიცირებული ცვლილებები კანონად იქცეს, სენატმა უნდა გაიზიაროს და დაამტკიცოს. თუ სენატი ცვლილებებს დაამტკიცებს, ამით ის საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს. შესწორებები არაა იურიდიულად დამავალდებულებელი.