წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა პროექტს, რომლითაც შესაძლოა, საქართველომ აშშ-ის დახმარების 15% ვერ მიიღოს

პუბლიკა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ პროექტს, რომელშიც შეტანილია პუნქტი, რომ საქართველომ შესაძლოა, აშშ-ის დახმარების 15% ვერ მიიღოს , სანამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ შეატყობინებს კონგრესს, რომ საქართველოს მთავრობა დგამს ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის.

პროექტს მხარი 224-მა კონგრესმენმა დაუჭირა, 189 კი წინააღმდეგი იყო. 17-მა კონგრესმენს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. 224-ივე მხარდამჭერი კონგრესმენი „დემოკრატია“, ხოლო 189 მოწინააღმდეგეს შორის – 186 „რესპუბლიკელია“, 2 „დემოკრატი“ და 1 დამოუკიდებელი. წარმომადგენელთა პალატის მიერ მხარდაჭერილი დოკუმენტი განსახილველად სენატს გადაეგზავნება.


კანონპროექტის მიხედვით, 2021 წელს საქართველოსთვის დახმარების სახით 135 025 000 დოლარია განსაზღვრული, თუმცა ფინანსური დახმარების შესახებ დოკუმენტში თანდართულია წინაპირობა – ამ დახმარების 15% შესაძლოა შემცირდეს იქამდე, სანამ ამერიკის სახელმწიფო მდივანი არ დაადგენს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისთვის, კორუფციასთან ბრძოლისთვის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის უზრუნველყოფისთვის ქმედით ნაბიჯებს დგამს.

დახმარება – ამ აქტის მე-3 და მე-4 თავების თანახმად, საქართველოსთვის ფინანსური დახმარების სახით ხელმწისაწვდომი იყოს არანაკლებ 135 025 000 აშშ დოლარისა.

სახსრების შეჩერება – განსაზღვრული ფინანსური დახმარების 15% შესაძლოა არ გაიცეს მანამ, სანამ სახელმწიფო მდივანი არ დაადგენს და კომიტეტებს არ წარუდგენს მოხსენებას იმის თაობაზე, რომ ცენტრალური ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს დგამს:

ა) დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისთვის, რაც ამ აქტის თანმხლები ანგარიშის ამ თავში არის გაწერილი;

ბ) კორუფციასთან ბრძოლისთვის, ანტიკორუფციული კანონებისა და რეგულაციების გატარების ჩათვლით და;

გ) იმის უზრუნველსაყოფად, რომ კერძო სექტორში კანონის უზენაესობა მოდიოდეს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში, უცხოური ბიზნესებისთვის, შევიწროვების გარეშე, თავისუფლად საქმიანობის უფლების უზრუნველყოფის ჩათვლით, რათა სრულად მოხდეს იმ კომერციული და ფინანსური სარგებლის რეალიზება, რაც საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების შედეგადაა განპირობებული”, – წერია კანონპროექტში.