მოსახლეობის 19% ამბობს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ხალხური მედიცინისთვის მიუმართავს - NDI

პუბლიკა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 19%-ს კორონავირუსისგან დასაცავად ან მისგან სამკურნალოდ ხალხური მედიცინის საშუალებებისთვის მიუმართავს.

NDI-ს კითხვაზე, რომ ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტურია ხალხური მედიცინა, მათ შორის, ცხელი წყლისა და არყის დალევა, ნივრის ჭამა და მიუმართავთ თუ არა მათ ხალხური მედიცინისთვის, მოქალაქეთა 19%-მა უპასუხა – „დიახ“.

მოსახლეობის 78% პასუხობს, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად ხალხური მედიცინისთვის არ მიუმართავს. 3%-მა კი უპასუხა, რომ „არ იცის“.

მეთოდოლოგია:

მოსახლეობის გამოკითხვა NDI-ის დაკვეთით „CRRC საქართველომ“ ჩაატარა. კვლევისთვის გამოყენებული იყო სატელეფონო გამოკითხვა და ფოკუსჯგუფების მეთოდოლოგია.

სატელეფონო გამოკითხვის შემთხვევაში, საველე სამუშაოები 26-30 ივნისის პერიოდში ჩატარდა და სულ შედგა 1 550 დასრულებული ინტერვიუ. გამოპასუხების მაჩვენებელი 35%-ია.

რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩა. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ხოლო საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%-ია.

ფოკუსჯგუფების ნაწილში სულ 10 ფოკუსჯგუფი საქართველოს ხუთ ქალაქში ჩატარდა: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალქალაქსა და მარნეულში. საველე სამუშაოების პერიოდი 24-30 ივნისია.

ფოკუს ჯგუფების მონაწილეებს შორის იყო შერეული ასაკი, სქესი და დასამქების სტატუსი.

ND-ის მიხედვით, მონაწილეები ორი მეთოდით შეარჩიეს: 1. CRRC-ის კოორდინატორები მიდიან ქალაქის რამდენიმე ცენტრალურ ადგილას, შემთხვევითად აჩერებენ ადამიანებს და ჯგუფურ დისკუსიაში მონაწილეობას სთავაზობენ და მე-2: „თოვლის გუნდის“ მეთოდით.

ფოკუსჯგუფში დისკუსიას პროფესიონალი მოდერატორი უძღვებოდა, ღია კითხვებით.