10 ქართული მითი კორონავირუსზე

კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად სოციალურ ქსელში სწრაფად ვრცელდება მითებიც ამ ვირუსის შესახებ. გამონაკლისი არც საქართველოა. საზოგადოებამ უკვე არაერთი მითი მოისმინა, დაწყებული „ბიოლოგიური იარაღით“ და „ანტისეპტიკური ღვინით“ დასრულებული. გავრცელებული მითების ნაწილზე „პუბლიკა“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თავმჯდომარის მოადგილეს, პაატა იმნაძეს ესაუბრა.

  1. „ღვინო არის ანტისეპტიკი. ღვინოში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან არის თავისუფალი. თითონ ღვინოში რომ ჩააწო, როგორც სპირტში რომ ჩააწო“

პაატა იმნაძე: ალკოჰოლის შემცველობა ღვინოში აბსოლუტურად არასაკმარისია საიმისოდ, რომ იმოქმედოს მიკროორგანიზმებზე.

  1. „ვირუსის დროს ალკოჰოლის მიღება ეფექტიანია“

პაატა იმნაძე: ეს თავდაპირველად ერთმა შოტლანდიელმა დაწერა, რომ ვისკიმ მომარჩინაო, მაგრამ მეცნიერული მტკიცებულებები არ არსებობს. მეეჭვება, რომ ალკოჰოლს მოერჩინა. ალკოჰოლის მიღება, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით, ცუდად მოქმედებს ნებისმიერი სახის ინფექციურ დაავადებაზე.

  1. „მანქანაში დაკიდებული ნივრის მძივი კორონავირუსისგან დაგიცავთ“

პაატა იმნაძე: მანქანაში ნივრის ჩამოკიდება ვირუსისგან ვერ დაგიცავთ, თუმცა ადრე იყო, როდესაც გრიპის საწინააღმდეგო არაფერი არ არსებობდა, რჩევის სახით მოუწოდებდნენ, ბავშვებს ნივრის მძივები ჩამოკიდეთ და ასე იარეთო. ამის ეფექტიანობა ძალიან დიდ ეჭვს იწვევს.

ნიორი თავისთავად კარგია, საოჯახო მედიცინაში ფართოდ გამოიყენება. ნიორი, ოღონდ ახალი, შეიცავს ფიტონციტებს, რომლებიც ანტიმიკრობული თვისებებით ხასიათდება. ნივრის ფიტონციტებისთვის არ აქვს მნიშვნელობა ვირუსის ან მიკრობის სახეობას, მაგრამ თვითონ გზა, როგორ უნდა მიიღო ეს ფიტონციტები… ის ადვილად აქროლვადი ნივთიერებებია და, პრაქტიკულად, გამოდის, რომ მთელი დღე ნიორი უნდა ღეჭო.

  1. საერთო კოვზით ვირუსი არ გადაგედებათ“

პაატა იმნაძე: ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისი პირადი ნივთები, კოვზი, ჭიქა თუ ჩანგალი. ყველაფერი უნდა იყოს ინდივიდუალური და არ არის მისი გაზიარება რეკომენდებული. გამოყენების შემდეგ ის უნდა დამუშავდეს გარეცხვით. ნებისმიერი სარეცხი საშუალება შეიცავს მადეზინფიცირებელ ნივთიერებებსაც. დღევანდელ პირობებში ყველანაირი პირადი მოხმარების ნივთი უნდა იყოს გარეცხილი და ჭურჭლის სარეცხი საშუალებებით დამუშავებული.

  1. „კორონავირუსს ჰომეოპათია და პრეპარატი „ვირუთინი“ კურნავს“

პაატა იმნაძე: ჰომეოპათია უფრო რწმენის საგანია, ვიღაცას სჯერა, მაგრამ ძალიან გთხოვთ, მაგის იმედად ნუ იქნებით. ერთი სერიოზული წყარო მაინც დამისახელონ, სერიოზული გამოცემა, სადაც ამას გავლილი აქვს ჩვეულებრივი წამალივით ორმაგი ბრმა მეთოდით კვლევა, კონტროლირებადი კვლევა და ა.შ. თუ კვლევის შედეგებს დამიდებენ, რომ წამალი მოქმედებს, მაშინ მთელი მსოფლიო აქ უნდა ჩამოვიდეს, რადგან მთელი მსოფლიო ეძებს ახლა წამალს. ჩემი გაფრთხილებაა, ფრთხილად იყვნენ და ამ წამლის იმედად ნუ იქნებიან.

  1. „კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი ბიოლოგიური იარაღია“

პაატა იმნაძე: ეს არის აბსოლუტური სისულელე. იყო გამოქვეყნებული ძალიან მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევები ამ ვირუსის სეკვენირებით. სეკვენირება ნიშნავს გენების თანმიმდევრობის დადგენას. გენების თანმიმდევრობა დადგენილია. იმის აღმოჩენა – რაიმე მუტაცია ხელოვნურია თუ ბუნებრივი, უმარტივესია მათთვის, ვინც ეს საქმე იცის. სეკვენირება შეუძლია მსოფლიოში ბევრ ლაბორატორიას. გამოქვეყნდა ყველაზე დიდი ავტორიტეტების მეცნიერული შრომა ამ დარგში, რომლის მიხედვითაც, ეს ვირუსი ბუნებრივად არის წარმოქმნილი. ისიც კი დადგენილია, რა დროს წარმოიქმნა ის ბუნებაში. ეს მოხდა გასული წლის ოქტომბერში. დანარჩენი ყველაფერი სპეკულაცია და შეთქმულების თეორია. ეს აბსოლუტურად არ შეეფერება სიმართლეს. პირველწყარო რომ ღამურაა, ეს დადასტურებული ფაქტია, რადგან ღამურისგან გამოყოფილ კორონავირუსსა და ამ კორონავირუსს შორის მსგავსება 90%-ზე მეტია.

სხვათა შორის, გენების თანმიმდევრობის დადგენა ლუგარის ცენტრშიც არის შესაძლებელი, ჩვენც ვაკეთებთ სხვადასხვა მიკროორგანიზმის სეკვენირებას.

  1. „როგორც კი დათბება, კორონავირუსი გაქრება“

პაატა იმნაძე: სხვა რესპირატორული ვირუსების ჩვეულებრივი თვისებაა, რომ მეტია, როცა ცივა და ნაკლებია, როცა ცხელა. თუმცა მაინც, ამას გვიჩვენებს გაზაფხული, რადგან როდესაც ახალია ვირუსი, პირველ წელს, შესაძლოა, ეს თვისება ნაკლებად გამოავლინოს, თუმცა მერე შეიძლება, სეზონური გახდეს. დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ ეს ვირუსი მერე ჩვეულებრივი სეზონური ვირუსი გახდეს, მაგრამ პირველ წელიწადს არ დაემორჩილოს ზაფხული-ზამთრის ციკლს. მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ვირუსი არ არის ადამიანის ორგანიზმზე მიჩვეული და მას სულაც არ აწყობს (პრინციპში, არც ერთ ვირუსს), მასპინძელი ორგანიზმი მოკლას, ვინაიდან ის ცოცხალ უჯრედებში მრავლდება და ცოცხალი უჯრედები სჭირდება. ამიტომაც დიდი ალბათობით, რაც უფრო შეეგუება ეს ვირუსი ჩვენს ორგანიზმს, მით უფრო ნაკლებად აგრესიული გახდება ადამიანისთვის. მაგალითად H1N1 პირველად რომ გავრცელდა, ბევრ თბილ ქვეყანაშიც დადასტურდა მისი შემთხვევები, მერე კი გახდა ჩვეულებრივი სეზონური ვირუსი.

  1. „მწეველებს კორონავირუსი არ ეკარებათ“

პაატა იმნაძე: კვლევაც ადასტურებს, რომ რისკის ფაქტორი მძიმე გამოსავლით არის მწეველობის ხანგრძლივი ისტორია. ასე რომ, იმედი არ ჰქონდეთ მწეველებს, რომ ეს არ დაემართებათ.

  1. „ეპიდემიოლოგი“ პორნოვარსკვლავი

Facebook-გვერდმა „ქრისტეს გზა“ გამოაქვეყნა პორნოვარსკვლავ ჯონი სინსის ფოტო. გვერდი ფოტოს აღწერაში მიუთითებს, თითქოს ფოტოზე გამოსახული კაცი ამერიკელი ეპიდემიოლოგი, კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის შემქმელი, ჯონათან ვან სინია და პრეპარატის „დახმარებით შეძლებს ქართული ერის ვირუსის პრევენციას“. გვერდი „ქრისტეს გზა“ „ამერიკელი ეპიდემიოლოგის“ საქართველოში ჩამოსვლას პატრიარქის ინიციატივას მიაწერს. პოსტს ათასობით გაზიარება აქვს. ფოტოზე გამოსახული პირი არც ეპიდემიოლოგია და ამ ეტაპზე არც კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის არსებობა დასტურდება.

 

  1. „ახალი წლის წინა ღამეს დაგვირიგა „სეიფგარდის“ საპნები“ ნარიმანის მიმდევარი აცხადებს, რომ ნარიმანმა კორონავირუსი და მოსალოდნელი საფრთხე იწინასწარმეტყველა.

უკომენტაროდ.

გადადით ბმულზე, გახდით ჯგუფის წევრი და თვალი ადევნეთ გადამოწმებულ ახალ ამბებს კორონავირუსის შესახებ.