„მთავარი არხის” ინფორმაციით, პანკისში მურად ქავთარაშვილის საცხოვრებელ სახლს რამდენჯერმე ესროლეს. სროლა 28-29 ივლისის ღამეს სოფელ დუისში მოხდა.
ამ დროს სახლში ქავთარაშვილის მშობლები იმყოფებოდნენ. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. პანკისის სათემო რადიო WAY-ის ინფორმაციით, ისროლეს მურად ქავთარაშვილის მისამართით, რომელიც თბილისიდან ახალი ჩამოსული იყო და სახლში შედიოდა. „მთავარ არხთან” საუბრისას მურად ქავთარაშვილის მამამ განაცხადა, რომ არ იცის, ვინ ესროლა მათ სახლს.
როგორც „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 151-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
რადიო WAY-ის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით პოლიციაში გამოკითხვაზეა გადაყვანილი სამი პირი, მათ შორის, ერთ-ერთი ასლან მუთოშვილია, რომელიც 2019 წლის 27 ნოემბერს დუისში მოკლული ვისო მუთოშვილის ძმაა. ვისო მუთოშვილის მკვლელობის ბრალდებით არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი არიან დაკავებულები. ურთიერთდაპირისპირების საფუძველი პანკისის ხეობაში ჰესების აშენების საკითხი გახდა.
„ქავთარაშვილებმა რამდენჯერმე სცადეს მუთოშვილებთან შერიგება, მაგრამ ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. სათემო რადიოს ინფორმაციით, პარასკევს, მარხვის დასრულების შემდეგ ქავთარაშვილები მუთოშვილებთან შესარიგებლად კვლავ გეგმავდნენ ხალხის გაგზავნას.
მუთოშვილების წარმომადგენლები მურად ქავთარაშვილს ადანაშაულებდნენ პანკისში შეიარაღებული ჯგუფის ხელმძღვანელობაში. მათივე თქმით, სწორედ მურად ქავთარაშვილი და ამ ჯგუფის სხვა წევრები მონაწილეობდნენ შარშან, ნოემბერში, საკობიანოსთან მომხდარ დაპირისპირებაში, რა დროსაც ვისო მუთოშვილი მოკლეს”, – წერს რადიო WAY.