მთავრობამ პროცესი თავის ნებაზე მიუშვა და გვითხრა, დაჭამეთ ერთმანეთი - ლუიზა მუთოშვილი

პუბლიკა

პანკისში დღეს ორ მხარეს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც დაღუპულია ერთი ადამიანი, გვარად მუთოშვილი, დაჭრილია სამი ადამიანი.

ადგილობრივი აქტივისტი ლუიზა მუთოშვილი „TV პირველთან“ ამბობს, რომ გარდაცვლილი მისი ბიძაა და მას პირადი დაპირისპირება არავისთან ჰქონია, მაგრამ აქ იყო დაპირისპირება ორ ჯგუფს შორის, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და მომხრეებს შორის. მისი თქმით, გარდაცვლილია ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე.

„შეიძლება ახლა სხვადასხვა ინტერესების მქონე ჯგუფებმა დაიწყონ საუბარი და რომ იყო პირად გარჩევებზე დავა. დავა დაახლოებით რამდენიმე თვის წინ დაიწყო და უკავშირდება პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობას. ამ ერთი წლის განმავლობაში ვიცით, რომ მოწინააღმდეგე მხარესთან სისტემატურად მუშაობდნენ ის ადამიანები, რომლებიც ხეობაში ჰესის მშენებლობას ლობირებდნენ. ამ შემთხვევაში ვსაუბრობ ადგილობრივ ქისტებზე, იყვნენ ქავთარაშვილები და იყვნენ ფარეულიძეები“, – ამბობს ლუიზა მუთოშვილი.

მისი თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რადგან ის ლობირებს ჰესის მომხრეებს. მუთოშვილის თქმით,  ხელისუფლებამ პროცესი თავის ნებაზე მიუშვა და სწორედ ამიტომ დადგა ეს შედეგი.

„ამ ადამიანებს ლობირებენ და ხელს აფარებენ. დღეს მომხდარის შესახებ პასუხისმგებლობას პირადად მე ვაკისრებ ხელისუფლებას, მთავრობას. რადგან ჩვენი მოთხოვნა, რომელიც ამ ერთი წლის განმავლობაში გვქონდა, იყო ის, რომ ყოფილიყო ღია დიალოგი ადგილობრივებთან და ამაზე არ წამოვიდნენ, მიუშვეს პროცესი თავის ნებაზე და გვითხრეს – წადით ახლა, დაჭამეთ ერთმანეთი. შედეგი სახეზეა“, – თქვა ადგილობრივმა აქტივისტმა ლუიზა მუთოშვილმა „tv პირველთან“.

——————————————————————————————————–

დაახლოებით 2 წელია პანკისის ხეობის მოსახლეობის ნაწილი აქტიურად აპროტესტებს პანკისის ხეობაში დაგეგმილი „ხადორი 3“ და „სამყურისწყალი 2“ ჰესის მშენებლობას, რის თაობაზეც სასამართლოშიც მიმდინარეობს დავა.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ჰესების ნებართვის დოკუმენტების ანალიზი აჩვენებს, რომ ისინი აშკარად დაუსაბუთებელია და სათანადოდ არ არის შესწავლილი ჰესების მშენებლობისგან გარემოზე ზემოქმედების რისკები, მათ შორის, სასმელ წყალზე მისი ზეგავლენა. ხეობაში უკვე აშენებული ჰესების გამოცდილებიდან გამომდინარე, ადგილობრივები აღნიშნავენ პატარა ხეობაში ჰესების კასკადის (მთლიანობაში 4 ჰესის) დამაზიანებელ გავლენის შესახებ მათ უნიკალურ ბუნებრივ და სოციალურ გარემოსა და ხეობის მდგრადი ეკონომიკური განვითარების რესურსზე.

2019 წლის 21 აპრილს „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობის განახლების საკითხს ადგილზე მოსახლეობა პროტესტით შეხვდა. პოლიციამ შეკრებილი მოსახლეობის მიმართ, რომელიც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდა გამოიყენა საპოლიციო ძალა, ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და ხელკეტების სახით.

LB loan image desktop LB loan image mobile