„ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის დაყენება ვაკეში მოულოდნელობა იყო - ხოშტარია

პუბლიკა

ოპოზიციური პარტიების ნაწილის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკეში ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, რომ „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის დაყენება ვაკეში მისთვის მოულოდნელი იყო, თუმცა ასევე წერს, რომ „ლელოს“ წარმატება საერთო კოალიციისთვის და მრავალფეროვანი მმართველობისთვის მნიშვნელოვანია.

„ლელოს მხრიდან ვაკეში კანდიდატურის დაყენება ჩემთვის მოულოდნელობა იყო ნამდვილად, თუმცა ეს ვერანაირ ჩრდილს ვერ მიაყენებს ჩემს დამოკიდებულებას მათ მიმართ. მიმაჩნია, რომ ლელოს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია საერთო კოალიციისთვის და მომავალი მრავალფეროვანი მმართველობისთვის! არის პატარა და დიდი საკითხები. მთავარზე ვკონცენტრირდეთ და შევცვალოთ ეს მთავრობა უკეთესით, დაბალანსებული ძალაუფლებით“, – წერს ხოშტარია „ფეისბუქში“.


გუშინ, 12 აგვისტოს პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარმოადგინა. პარტიის ლიდერმა ვაკის საარჩევნო ოლქში კანდიდატად „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ლევან კობერიძე წარადგინა.

19 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილის ერთიანი კანდიდატი ვაკეში ელენე ხოშტარია იქნებოდა. ხოშტარიას მხარდაჭერა გამოუცხადა პარტია „გირჩმა“.

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე 24 ივნისს აცხადებდა, რომ ხოშტარიას, ალბათ, კონკურენტს არ დაუყენებდნენ.

„ელენე ხოშტარიას მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, როგორც მეომარ, თავდადებულ ადამიანს და, არამარტო მე, მართლა სიმპათიით ვარ განმსჭვალული. ჩვენ ალბათ ელენეს… კიდევ შეიძლება რამდენიმე ადამიანი იყოს, თბილისზე არ არის საუბარი [კონკურენტებს არ დავუყენებთ]“, – ამბობდა ხაზარაძე.


„ქართული ოცნებიდან“ ხოშტარიასა და ლევან კობერიძის კონკურენტი ნოდარ ტურძელაძე იქნება.