ცნობილია, ვის დააყენებს ოპოზიცია თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში

პუბლიკა

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, ვის დააყენებს ოპოზიციის ნაწილი თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატებად.

ვაკე – ელენე ხოშტარია – „ევროპული საქართველო“

სამგორი – ლევან ხაბეიშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“

გლდანი – ნიკა მელია – „ნაციონალური მოძრაობა“

მთაწმინდა – შალვა შავგულიძე – „თავისუფალი დემოკრატები“

ნაძალადევი – შალვა ნათელაშვილი – „ლეიბორისტული პარტია“

ისანი – გიორგი ვაშაძე – „ახალი საქართველო“

შერჩეული კანდიდატები საზოგადოებას შალვა ნათელაშვილმა წარუდგინა და შეაფასა როგორც „უპრეცედენტო, ეპოქალური ერთობა.“

დანარჩენ 2 ოქლში – საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთში, ოპოზიცია აპირებს, საზოგადოებისთვის ცნობილი, არაპოლიტიკური კანდიდატი შეარჩიოს. ვინ იქნება წარმოდგენილი ამ ოლქებში კანდიდატებად, ამის შესახებ კონსულტაციები გრძელდება და გვარებს უახლოეს მომავალში დაასახელებენ.


ოპოზიციურ გაერთიანებაში არ შედის პარტია „ლელო“, რომელიც ყველა სამაჟორიტარო ოლქში დამოუკიდებლად აპირებს კანდიდატების დაყენებას.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმებით, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

იქიდან გამომდინარე, რომ ცვლილებებით ამ დრომდე არსებული 73 მაჟორიტარული ოლქი საქართველოში 30-მდე უნდა შემცირდეს, თბილისი 8 სამაჟორიტარო ოლქად განაწილდა.

აღნიშნული ცვლილებები კონსტიტუციაში ჯერ არ ასახულა. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვა სატელევიზიო ფორმატში უკვე გაიმართა, დღეს კი პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების საკომიტეტო განხილვა გაიმართება. საკონსტიტუციო ცვლილებების საპარლამენტო განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებენ „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“, მანამ, სანამ არ გათავისუფლდება გიორგი რურუა.