რეალურად, სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე, როგორც ჩანს კაპიტალური ინფრასტრუქტურის სრულფასოვან აღდგენას დაახლოებით 2021 წლის გაზაფხულამდე დასჭირდება დრო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, რაჭის სტიქიის შედეგებიც ლიკვიდაციაზე საუბრისას განაცხადა.
„მოგეხსენებათ, სამწუხაროდ, რაჭაში სტიქია გვქონდა საკმაოდ მასშტაბური და მძიმე. მიმდინარეობს შედეგების აღმოფხვრა, სარეაბილიტაციო სამუშაოები. საბედნიეროდ, მოსალოდნელზე სწრაფად მოხდა პირველადი საჭიროების სამუშაოების დასრულება, რაც ნიშნავს იმას, რომ მოწყვეტილ სოფლებთან მიმოსვლა აღდგა საკმაოდ სწრაფად. დღეის მდგომარეობით, ყველა სოფელს მიეწოდება, როგორც წყალი, ისე ელექტროენერგია. თუმცა კაპიტალური სარემონტო სამშენებლო სამუშაოები გრძელდება და დღეს ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ამ კაპიტალური სამშენებლო სამუშაოებისთვის, გასაკუთრებით საგზაო მიმართულებით, დამატებითი თანხების გამოყოფაზე. რეალურად, სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, კაპიტალური ინფრასტრუქტურის სრულფასოვან აღდგენას დაახლოებით 2021 წლის გაზაფხულამდე დრო დასჭირდება“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.