სტიქიის შედეგად რაჭაში 12 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

პუბლიკა

რაჭაში სტიქიამ ონის რაიონის 12 სოფელი დააზარალა. ძლიერმა წვიმამ და ადიდებულმა მდინარეებმა გარე სამყაროს მოწყვიტა 2 000-მდე მოსახლე. დაზიანებულია ხიდები და გზები.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ გზებისა და ელექტროენერგიის აღსადგენად მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. სტიქიას მოსახლეობა არ დაუზიანებია.

„12 სოფელი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. 10 ხიდია დაზიანებული;  სამ ადგილზე მნიშვნელოვნად დაზიანდა ცენტრალური მაგისტრალიც. მიმდინარეობს შემოვლითი გზის გაკეთება. აღნიშნულ სოფლებს ელექტროენერგიაც არ მიეწოდება. 2 000-მდე მოსახლეა მოწყვეტილი გარე სამყაროს;

მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს მოსახლეობასთან. ჯანმრთელობის პრობლემა არავის აქვს. არავინ დაზიანებულა. ევაკუაციის საჭიროების შემთხვევაში მზად არის ვერტმფრენი და საჭიროებისამებრ დავიწყებთ ევაკუაციას. ოჯახებს გამოყვანა არ მოუთხოვიათ. სადაც არიან, თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. უკვე გადაიღო წვიმამ.

გზაშია ჩარჩენილი რამდენიმე მანქანა, რომელთა გამოსაყვანად სამუშაოები მიმდინარეობს. ზუსტად არ ვიცით, რამდენი მანქანაა, თუმცა ჯგუფებთან კავშირი გვაქვს და ოპერატიულად მოხერხდება მათი გამოყვანა.

პრევენციისთვის ტექნიკა მობილიზებულია. მაქსიმალურს ვაკეთებთ და როგორი ამინდი იქნება, წინასწარ ვერ გეტყვით“, – განაცხადა „პუბლიკასთან“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა, არჩილ ჯაფარიძემ.

განცხადება გაავრცელა ასევე კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიამ“, რომელშიც ნათქვამია, რომ მდინარე რიონმა  ელექტროგადამცემი ხაზის სამი საყრდენი წაიღო, რის გამოც ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება უწერას, შოვს, ღებს, გლოლას და მიმდებარე რამდენიმე სოფელს. კომპანიის ინფორმაციით, თავად ქალაქი ონი ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდება.

„ონის რაიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარე რიონმა, მაღალი ძაბვის 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზის 3 საყდენი წაიღო. ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება უწერას, შოვს, ღებს, გლოლას და მიმდებარე რამდენიმე სოფელს. თავად ქალაქი ონი ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდება. ადიდებული მდინარე გადმოვიდა და დააზიანა სავალი გზაც, შესაბამისად დაზიანების ადგილამდე მიახლოებას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენლები. კომპანიის ტექნიქური ბრიგადები მზადყოფნაში არიან, როგორც კი მოხერხდება სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება, მაღალი ძაბვის სამსახური მაშინვე დაიწყებს სამუშაოებს“, – ვკითხულობთ „ენერგო-პროს“ განცხადებაში.

სტიქია რაჭაში

⭕️ რაჭაში სტიქიამ ონის რაიონის 12 სოფელი დააზარალა. ძლიერი წვიმისა და მდინარეების ადიდების შედეგად, გარესამყაროს მოწყვეტილია 2 000-მდე მოსახლე. დაზიანებულია ხიდები და გზები.ვრცლად: shorturl.at/gyDY8

Posted by პუბლიკა • Publika on ოთხშაბათი, 29 ივლისი, 2020