მესტიაში, დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერის გარდა, საკარანტინო შეზღუდვა იხსნება

პუბლიკა

მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელსა და დასახლებაში, გარდა დაბა მესტიისა და სოფელი ლენჯერისა, დღეიდან საკარანტინო შეზღუდვა იხსნება. აღნიშნული გადაწყვეტილება 19 აგვისტოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

„აღნიშნულ 2 სოფელში გაგრძელდება ინტენსიური ტესტირება და ვითარებიდან გამომდინარე, მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა 19 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში სულ 4000-მდე ადამიანი გამოიკვლიეს. გამოკვლეულთაგან კორონავირუსი 49 ადამიანს დაუდასტურდა.

მესტიაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, უწყებათაშორისმა საბჭომ მესტიის მუნიციპალიტეტში დამატებითი შეზღუდვების დაწესებაზე გადაწყვეტილება 10 აგვისტოს მიიღო.

დაბა მესტიის სოფლებში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა.  შეიზღუდა გადაადგილება როგორც  როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, აგრეთვე მუნიციპალიტეტიდან.