მესტიის მუნიციპალიტეტში გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა

პუბლიკა

მესტიაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე უწყებათაშორისმა საბჭომ მესტიის მუნიციპალიტეტში დამატებითი შეზღუდვების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე უყებათაშორის სააკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დაბა მესტიის სოფლებში, უშგულსა და ლენჯერში შექმნილი რთული ვითარების გამო საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის ფარგლებში მოქმედი რეგულაციები, მათ შორის საკარანტინო შეზღუდვები წესდება. იზღუდება გადაადგილება როგორც  როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, აგრეთვე მესტიის მუნიციპალიტეტიდან.

„ასევე წესდება შეზღუდვები გადაადგილებაზე დაბა მესტიის სოფლებს შორის. დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში ფუნქციონირების უფლება ექნებათ მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებებს, სასურსათო მაღაზიებს და ღია ტიპის დაწესებულებებს. თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეებში ნიღბების გამოყენება და ხელის ჰიგიენა. მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარდება ინტენსიური ეპიდემიოლოგიური კვლევები და ტესტირება, შესვლას და გასვლას პოლიცია გააკონტროლებს. კოვიდით 19-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი უწყებები ყველა დასახლებიდან ტურისტების საკარანტინო ზონებში განთავსებას უზრუნველყოფენ. ყველა მოქალაქე, რომელიც დატოვებს მესტიის მუნიციპალიტეტს, გაივლის სავალდებულო კარანტინს“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სავარაუდოდ, შეზღუდვები მესტიის მუნიციპალიტეტში 28 დღე გაგრძელდება.