ახლოვდება საპარლმენტო არჩევნები და, სავარაუდოდ, პოლიტიკური პარტიები ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საკუთარ დაპირებებს წარმოადგენენ. „ქართული ოცნების“ 8-წლიანი მმართველობის პერიოდში ამ კუთხით ფუნდამენტური და ძირეული ცვლილება არ განხორციელებულა.
სწორედ მათი ხელისუფლების დროს, შეიძლება ითქვას, რომ ჩავარდა რეფორმის გატარების ყველაზე რეალური შესაძლებლობა და შესაბამისმა საკანონმდებლო ცვლილებებმა საკომიტეტო მოსმენებს ვერ დააღწიეს თავი. ქვეყანამ და განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, რომლებიც ნარკოტიკებს მოიხმარენ, კიდევ ერთხელ იგემეს იმედგაცრუება.
ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ თემზე საკუთარი ხედვები წარმოადგინა პარტია „ლელოა“. მათ თავიანთი ხედვის ძირითადი პრინციპები 6 პუნქტად წარმოადგინეს.
მაშ ასე, უპირველესი, რასაც „ლელო“ გვთავაზობს, ეს არის „ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების დეკრიმინალიზაცია“. ნამდვილად მისასალმებელია, საუბარია 273-ე მუხლზე, რომლის წყალობითაც წელიწადში ორჯერ მაინც თუ იპოვეს ადამიანის ორგანიზმში აკრძალული ნივთიერების კვალი, ის კრიმინალად ცხადდება და შესაძლოა ციხეშიც კი ამოჰყოს თავი. უშუალოდ მოხმარების კრიმინალიზაცია ძალიან ცოტა ქვეყანაშიღა თუა შემორჩენილი და, ჩვენდა სამარცხვინოდ, საქართველოშიც ასეა. ამიტომ, 273-ე მუხლის გაუქმება ნამდვილად მისასალმებელია. ამას ხომ წლებია ითხოვენ მომხმარებლებიც და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოებაც.
სამწუხარო ის არის, რომ „ლელოს“ მოდელში ვერსად ვნახულობთ ჩანაწერს ამ ნივთიერებების ფლობის დეკრიმინალიზაციის თაობაზე. არადა, ვინც კი ჩვენს ნარკოპოლიტიკას იცნობს, იცის, რომ რეპრესიული მექანიზმის უდიდესი ნაწილი სწორედ 260-ე მუხლის იმ ნაწილებზე მოდის, რომელთა წყალობითაც აკრძალული ნივთიერებების 2/3-ისთვის მიკროსკოპული ოდენობაც კი საკმარისია, რომ ადამიანმა წლობით ხეხო საპატიმროს კედლები, ხოლო, მარიხუანის გარდა, ნებისმიერი სხვა ნივთიერებისთვის 1 გრამიც კი განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება, რაც განსაკუთრებული სიმძიმის დანაშაულია და 8-იდან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ამ სასჯელის ერთადერთი ალტერნატივა კი პროკურატურასთან ათეულობითათასიანი ფასის მქონე საპროცესო შეთანხმებაა, რომელმაც შესაძლოა რამდენიმე წელი მოგაკლოს რეალური საპატიმრო სასჯელი, თუმცა მაინც კაი ხანი გამყოფებს ციხეში, ხოლო, როდესაც იქიდან ფსიქიკაშერყეული გამოხვალ, ლამის მთელი ცხოვრება პირობით მსჯავრში გტოვებს, უამრავ სამოქალაქო უფლებას გართმევს და, ფაქტობრივად, სამუდამოდ განსაზღვრავს შენი ცხოვრების დარჩენილ პერიოდს. სულ რაღაც ერთი გრამი ნარკოტიკის გამო.
„ლელომ“ კი 260-ე მუხლისთვის გამოსავალი ვერ იპოვა, არ ჩათვალა ეს იმ მნიშვნელობის პრობლემად, რომ მასზეც რამე ეთქვა. სამაგიეროდ, მეორე საკითხად დააყენა „ნარკოდამოკიდებულებებისთვის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრები“. მაგრამ არ ვიცით, როგორ აპირებს ამის გაკეთებას.
ვის უმკურნალებს – ყველას, ვინც ნარკოდამოკიდებულია? აი დავუშვათ ჰეროინს მოვიხმარ რეგულარულად, და დამოკიდებულება მაქვს, „ლელოს“ აზრით, აუცილებლად სამკურნალო ვარ? და მიმკურნალებს? როგორ გააკეთებს ამას? დამიფინანსებს? თუ მაიძულებს ამ მკურნალობას? თუ შემომთავაზებს ციხესა და მკურნალობას შორის გავაკეთო არჩევანი? პოლიტიკოსები ხშირად ამბობდნენ, ჩვენი მრავალწლიანი შეგონების პასუხად, რომ „ჰო, რა თქმა უნდა, ციხე არ არის გამართლებული. ამ ადამიანებს უნდა ვუმკურნალოთ“. „ლელოს“ პროგრამის პირველი ორი დებულება რაღაც მსგავს მესიჯს ატარებს, თითქოს – მოხმარებისთვის აღარ ვიქნები კრიმინალი და იმის გამო, რომ დამოკიდებულება მაქვს, მიმკურნალებენ. მაინტერესებს, „ლელოს“ ლიდერებს ჩვენ, ადამიანები, რომლებიც მოვიხმართ ნარკოტიკულ ნივთიერებებს, ავადმყოფები ხომ არ ვგონივართ? საუბარია, სულ მცირე, ათობით ათას ადამიანზე, ვისაც დანამდვილებით გვაქვს გარკვეული ნარკოდამოკიდებულება. ამ კითხვებზე პასუხები ნამდვილად გასაცემია, და ამ მოკლე ჩანაწერებით შეუძლებელია მართლაც დაზუსტებით იმის გარკვევა, თუ რას გვთავაზობს „ლელო“.
მეოთხე საკითხი (მესამეს გამოვტოვებ, ზოგადი შინაარსის მქონე „დასჯიდან მზრუნველობა/პრევენციაზე გადასვლა“ არის, რომელზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ) ელექტორატისთვის საყვარელი „ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა“. სულ რომ გაქრეს „ნარკომანია“, ნარკოტიკები და „ნარკომანები“, ცხოვრების ჯანსაღი წესი მაინც ხომ მნიშვნელოვანი იქნებოდა, და ხომ არ არის ეს ნარკოპოლიტიკის მიღმა მდგომი, თუმცა შემხებლობაში მყოფი საკითხი? ამაზე მეტად რელევანტური იქნებ ასაკის შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამებია, რომლებიც მოზარდებს ნარკოტიკების მიღებასთან დაკავშირებულ რისკებზე აძლევენ ინფორმაციას და რომელთა შედეგად ადამიანები ან ნაკლებად ერთვებიან ფსიქოაქტური ნივთიერებების მოხმარებაში, ან ერთვებიან და მეტად ითვალისწინებენ მასთან დაკავშირებულ რისკებს, რის შედეგადაც მოხმარება ნაკლებად საზიანო ხდება.
კიდევ უფრო რელევანტური იქნებოდა ზიანის შემცირების პროგრამები – შოკის მომგვრელია, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმის თუნდაც ამ მოკლე აღწერილობაში ვერსად ვნახულობთ სიტყვათაშეთანხმებას „ზიანის შემცირება“. ეს არც არის გასაკვირი იმ პირობებში, რომ „ლელოში“ ნარკოპოლიტიკის მცოდნე ხალხი არ მეგულება, და ერთადერთი, ყველაზე განსწავლული ადამიანი ვინც ამ საკითხზე მათთან მუშაობდა, განათლებითა და პრაქტიკით იურისტია და სწორედ ამ კუთხით იცნობს ნარკოპოლიტიკასა და საჭირო რეფორმას. „ლელოს“ არც სპეციალისტებთან, დაკავშირებულ ორგანიზაციებთან თუ მომხმარებლებთან უწარმოებია კონსულტაციები. როგორც ჩანს, არც საერთაშირისო დონეზე რეფორმის შესახებ მიმდინარე დებატებს და დისკუსიებს იცნობენ, თორემ მართლა წარმოუდგენელია, როგორ მოახერხეს, რომ ზიანის შემცირება ჩამონათვალში არსად მოხვდა.
მეხუთე დებულებად „ლელომ“ „ნარკორეალიზატორებთან უკომპრომისო ბრძოლა“ დაასახელა. ერთი რამ ვერ გამიგია მხოლოდ – მართლა სჯერათ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს ახალი ნარკოპოლიტიკის, თუ ელექტორატის გულის მოსაგებად ამბობენ ამას. ნარკოტიკების მოხმარება არსებობდა, არსებობს და იარსებებს მუდამ, დიდი მასშტაბით, და ამ პირობებში ადამიანები მუდამ გაცვლიან ერთმანეთში ნივთიერებებს, იყიდიან და გაყიდიან მათ. სხვანაირად წარმოუდგენელია, რას ებრძვის „ლელო“ კონკრეტულად? თუ შავი ბაზარი არ გვექნება, რაც შესაძლოა მათი საბოლოო მიზანია, როგორ აპირებენ ასობით ათასი მომხმარებლის ნარკოსაჭიროების დაკმაყოფილებას? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ნარკოპოლიტიკას რომ შევეშვათ, ეს შავი, ჩრდილოვანი, მაგრამ რეალური ბაზარია, დიდი ბრუნვებით, გვესმის კი რეალურად როგორ იმოქმედებს ნარკორეალიზატორებთან უკომრპომისო ბრძოლა იმ ადამიანების მდგომარეობაზე, რომლებიც ამ ბაზრის აქტიურ მონაწილეებად ითვლებიან? საუბარია არა მხოლოდ ორგანიზებულ ჯგუფებსა და მსხვილ კარტელებზე, არამედ ნარკოტიკების ვაჭრობაში, ქვედა რგოლზე მომუშავე ასობით ადამიანზე.
ნუთუ ასეთი ნაივურია „ლელო“, რომ ვერ ხვდება, რა შედეგების მომტანი შეიძლება იყოს მათ მიერ გამოცხადებული ეს ბრძოლა ნარკორეალიზატორებთან? შედეგად მივიღებთ ისევ იმას, რაც აქამდეც გვინახავს – ორგანიზებული დანაშაული კიდევ უფრო გაძლიერდება, ნივთიერებები გაძვირდება და უფრო და უფრო უხარისხო, რიგ შემთხვევაში კი სასიკვდილოდ მომწამვლელი გახდება, ბაზრის წვრილი მოთამაშეები არაპროპორციულად რეპრესირებული იქნებიან. ნაცვლად იმისა, რომ, თუკი ვერ ახერხებ რეგულირებული ბაზრების შექმნას, ითანამშრომლო რეალიზატორებთან, დაიყოლიო ისინი თამაშის გარკვეულ წესებზე, რომ მათი ინტერესების გარდა, მომხმარებელთა ჯანმრთელობის რისკებიც იქნას დაზღვეული, ბაზარი არ გახდეს სრულიად უკონტროლო, ებმები ბრმა, წინაწარ წაგებულ ომში და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ახლა, წინასაარჩევნოდ ეს ის სიტყვებია, რომელთა გაგონება ამომრჩეველთა უმრავლესობას სურს. ასე ეს რეფორმა შორს ვერ წავა. ამგვარად დაგეგმილი რეფორმები წარმატებით ვერ ხორციელდება.
დაბოლოს, ასევე ელექტორატისთვის კარგად შესაჭმელი თემა, „სააფთიაქო ნარკომანიის აღმოფხვრა“. ზოგადი რჩევა „ლელოსა“ და დანარჩენ პოლიტიკოსებს – ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში მოერიდეთ ფრაზებს აღმოფხვრა, ელიმინაცია, ასე შემდეგ. არაერთხელ დაგვემუქრნენ და გვატყუებდნენ, რომ აღმოფხვრეს ბიო, ან სააფთიაქო ნარკომანია, მაგრამ როგორც ერთი ცნობილი პოლიტიკოსი იტყოდა, „ნურას უკაცრავად“: ბიოც არის, სააფთიაქო ნარკომანიაც. როგორ აპირებთ სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლას, თუ 260-ე მუხლს არ ეხებით? იმ პირობებში, როდესაც ნარკობაზარი ასეთი რისკიანია, და მძიმე, რატომ გიკვირთ, რომ მომხმარებლები ვცდილობთ შედარებით ნაკლებრისკიანი გამოსავლები ვნახოთ, ან ნებისმიერი გზა გამოვძებნოთ ჩვენი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად? გიკვირთ ინგრედიენტებად რომ ვიყენებთ აფთიაქში შეძენილ პრეპარატებს? ან ზოგჯერ მუჭებით რომ ვიყრით ფსიქოტროპულ წამლებს? ამ ფენომენთან ცალკე, იზოლირებული ბრძოლა არც გამოგივათ, და აზრს მოკლებულიც არის. მაქვს ეჭვი, და ეს ეჭვი გამოყენებულმა „აღმოფხვრამ“ გამოიწვია, რომ კარგად არ აქვს „ლელოს“ გააზრებული რაში მდგომარეობს სააფთიაქო ნარკომანიის არსი, რითი იკვებება ის და რა ამოცანები შეიძლება გვქონდეს მასთან მიმართებაში.
რომ შევაჯამოთ, ეს ერთი შეხედვით თითქოს პოზიტიური, ლიბერალურისკენ გადახრილი რეფორმა, სინამდვილეში ძალიან პოპულისტურია და ელექტორატის მოლოდინს უფრო ეთამაშება, ვიდრე რეალურ საჭიროებებს. კრიტიკას ვერ უძლებს მოხმარებასთან ერთად, ფლობის დეკრიმინალიზაციაზე რომ არ არის არსად საუბარი. კრიტიკას ვერ უძლებს ის, რომ მართლაც მნიშვნელოვანი თემები გამოტოვებულია და ისევ და ისევ ელექტორატისთვის საინტერესო ზოგადი სადღეგრძელო-მიდგომებით არის სავსე სულ რაღაც ექვს დებულებად გაწერილი რეფორმა. სად არის საუბარი ისეთ მნიშვნელოვან ცვლილებებზე, როგორიცაა ზედოზირების მართვის პოლიტიკის დანერგვა, ნივთიერებების შემოწმების სისტემების დანერგვა (ხარისხის კონტროლი, შავი ბაზრის პირობებში ხალხი რომ არ დაგეხოცოს საწამლავით), ზიანის შემცირება…
ყველაზე დიდი უბედურება კი ამ ამბავში ის არის, რომ „ლელომ“ ეს რეფორმა ისე მოამზადა, რომ ერთი კონსულტაციაც კი არ გაუვლია ჩვენთან – ადამიანებთან, რომლებიც მოვიხმართ ნარკოტიკებს. „არაფერი ჩვენ შესახებ ჩვენს გარეშე“ ხშირად გამოყენებული ლოზუნგია ნარკომოძრაობების მიერ საქართველოში, და მას აქტუალობა დღესაც არ დაუკარგავს. ვერცერთი პოლიტიკური ძალა, ვერცერთი სამეცნიერო გუნდიც კი ვერ დადებს სწორ რეფორმას ჩვენთან კონსულტაციების გარეშე. „ლელომ“ ეს ტესტი ვერ ჩააბარა, თუმცა არასოდეს არის გვიან.