მიხეილ რამიშვილის თქმით, დავით ფურცხვანიძე დააკავეს

პუბლიკა

თამარ ბაჩალიაშივლის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის თქმით, დავით ფურცხვანიძე, რომელმაც მას ე.წ. სატელიტის ფოტოები მიაწოდა, დაკავებულია.

როგორც რამიშვილი ამბობდა, აღნიშნული ე.წ. სატელიტის ფოტოებით მტკიცდება, რომ ბაჩალიაშვილის დაკარგვის შემდეგ დღეებში – 19 და 20 ივლისს, თამარის ავტომანქანა იმ ადგილზე არ ჩანს, სადაც ის 23 ივლისს იპოვეს.

„ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ არ უნდათ, ბატონი დავითი აშშ-ში წავიდეს და ჩამოიტანოს კიდევ დამატებით უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ავტომობილი არ იდგა 18-22 ივლისამდე იქ და ეს თვითონაც იციან, რომ არ იდგა. ის, რომ არანაირად არ ცდილობენ საწინააღმდეგოს დამტკიცებას, ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ მფარველობა მიდის იმ დანაშაულებრივი ჯგუფის, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა და საერთოდ, იმასაც მიანიშნებს, რომ ბატონი დავითის დაკავების შემდეგ, მოსალოდნელია ჩემი დაკავება. წყაროს დაკავება როგორ შეიძლება, რა შუაშია წყარო?! ეს მე გადმომიგზავნა, მე გავასაჯაროვე, მე მოვიტანე, ვთქვათ, ე.წ. მტკიცებულებად რომ შეაფასეს და თუ გაყალბებაზეა ლაპარაკი, რას აყალბებენ და რაში ედავებიან, ჩემამდე არ დადის. მე ეს არა მტკიცებულებად, არამედ ინფორმაციად მოვიტანე. მაშინ გამოდის, რომ მალე მეც დამაკავებენ და საქმისგნ ჩამომაშორებენ”, – განაცხადა რამიშვილმა.


აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ აღნიშნულ ფოტოებზე ექსპერტიზა დანიშნა, და მათი თქმით, ექსპერტიზის დასკვნით, „მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ე.წ.სატელიტის ფოტოები არის დამონტაჟებული და ყალბი”. უწყებამ ამის საფუძველზე სამართლებრივი რეაგირება დაიწყო. გასულ დღეებში სასამართლოში გამოიკითხნენ დავით ფურცვანიძე და მიხეილ რამიშვილი.

ამ საკითხზე 14 საათზე გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა.