რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ე.წ. სატელიტის ფოტოები დამონტაჟებული და ყალბია - პროკურატურა

პუბლიკა

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ე.წ. სატელიტის ფოტოები დამონტაჟებული და ყალბია, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რამიშვილის მიერ გასაჯაროებულ ფოტოებზე დაინიშნა ექსპერტიზა.

„ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დადგინდა, რომ მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ე.წ.სატელიტის ფოტოები არის დამონტაჟებული და ყალბი.

კერძოდ დადგინდა, რომ ადვოკატის მიერ წარმოდგენილ პირველ  ფოტოსურათზე,   რომელზეც  იკითხება  თარიღის   აღმნიშვნელი  მონაცემი – „2020 Jul 19“, ჩატარებული ვიზუალური და გამოთვლითი კვლევების შედეგად, გამოვლინდა მთელი რიგი შეუსაბამობები, რაც გამოიხატა შემდეგში: ზედა  მარცხენა  კუთხეში  არსებული  მცირედ გამჭვირვალე  ღილაკების ქვეშ ფონი მკვეთრად განსხვავდება საერთო ფონისგან, კერძოდ, თუ მარცხენა ქვედა ღილაკის ფონი ასახავს სატელიტური ფოტოსთვის დამახასიათებელი წყლის გამოსახულებას, ღილაკის არეალის შემდგომ ეს ფონი სწორხაზოვნად გადადის ხმელეთის გამოსახულებაზე. ასევე, ფოტოს ძირითად ფონთან შეუსაბამოა ზედა და ქვედა ორ ღილაკს შორის არსებული სივრცის გამოსახულება მის გასწვრივ აღბეჭდილ ხმელეთის გამოსახულებასთან. ასევე როგორც შეფერილობით, ასევე დეტალიზაციითაც განსხვავებულია ერთმანეთისაგან  სურათის ძირითად ფონზე არსებული გამოსახულებები, რომლებიც ასახავს სხვადასხვა სიმაღლიდან დანახულ დედამიწის სატელიტურ გამოსახულებას. ღილაკები  დატანილია სხვა ფოტოსურათიდან.

მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილ მეორე ფოტოსურათზე, რომელზეც იკითხება თარიღის აღმნიშვნელი მონაცემი „2020 Jul 22“, ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ფოტოზე, ზედა მარცხენა   კუთხეში არსებულ მოზრდილ ღილაკზე შეინიშნება გაბუნდოვნებული გამოსახულება, ასევე ქვედა ცენტრალურ ნაწილში შეინიშნება გამოსახულების გაბუნდოვნება, რაც სტანდარტულად რაიმე ვებგვერდის გახსნისას ეკრანის გადაღებით არ მიიღება და იგი შესრულებულია ფოტორედაქტირების პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსგავსად პირველი ფოტოსი, აღნიშნული ფოტოსურათიც მიღებულია მონტაჟის გზით.
ადვოკატის მიერ წარმოდგენილ მეორე ფოტოსურათთან მიმართებაში განსხვავება შეინიშნება ქვედა მარცხენა კუთხეში არსებულ ციფრების კომბინაციაში, მარჯვენა ზედა კუთხეში ორი ღილაკის არარსებობაში, ზედა მარცხენა კუთხეში არსებულ მოზრდილ ღილაკზე წარწერის ადგილზე  და ქვედა ცენტრალურ ნაწილზე გამოსახულების გაბუნდოვნებაში.

ვინაიდან თავიდანვე თვალსაჩინო იყო, რომ ე.წ. სატელიტის ფოტოებზე იყო მონტაჟის კვალი და გამოძიების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა, რომელმაც უტყუარად დადგინა აღნიშნული ფოტოების სიყალბე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდინ სახეზეა გამოძიების და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ასევე მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, ფაქტზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება”, – წერს პროკურატურა.


პროკურატურის ბრიფინგის საპასუხოდ ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტების თანდასწრებით დაურეკა პირს, რომელმაც, რამიშვილის თქმით, მას სატელიტის კადრები გაუგზავნა.

სატელეფონო საუბარში რამიშვილმა მას დავითით მიმართა და ჰკითხა, სურს თუ არა, რომ მისი პერსონალური მონაცემები პროკურატურასთან და მედიასთან გაასაჯაროოს.

რამიშვილი: მზად ხართ, რომ მე დავასახელო თქვენი სახელი და გვარი, რომელმაც გამომიგზავნეთ სურათები და გამოძიებას ამომწურავად გასცეთ პასუხი?

დავითი: კი ბატონო-მეთქი, გითხარით. ამ წუთში შეიძლება, ვერ გავცე პასუხი, მაგრამ მზად ვარ. [ბაჩალიაშვილის] დაღუპვის კი არა, მთლიანობაში მანდ რა საქმეცაა, მაგას ძალიან ადრე ვიკვლევდი და თუ აინტერესებთ, შემიძლია ვუთხრა. ეს არ არის ჩემთვის ცენტრალური საკითხი, მაგრამ მე ეს იმიტომ გავაკეთე, რომ დამედასტურებინა, რომ ეს გოგონა მოკლულია და არაა თვითმკვლელობა.