არასამთავრობო ორგანიზაციები საერთო განცხადებას ავრცელებენ და ირაკლი კობახიძის მიერ ნინო ლომჯარიაზე თავდასხმის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.
ორგანიზაციები წერენ, რომ ამ განცხადებების მიზანია, ომბუდსმენის კონსტიტუციური ინსტიტუტის დისკრედიტაცია, ადამიანის უფლებების სფეროში არსებული რეალური პრობლემებისა და გამოწვევებისგან ყურადღების გადატანა.
„ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიმართ განხორციელებული მორიგი თავდასხმის გამო. სამწუხაროდ, როგორც ქართული ოცნების წევრების, ასევე საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთათვის, უკვე ჩვევად იქცა სახალხო დამცველის შესახებ დაუსაბუთებელი და შეურაცხმყოფელი განცხადებებები. ამ განცხადებების ერთადერთი მიზანია, უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის დისკრედიტაცია, ადამიანის უფლებების სფეროში არსებული რეალური პრობლემებისა და გამოწვევებისგან ყურადღების გადატანა.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სახალხო დამცველი კონსტიტუციური ორგანოა, რომელსაც კანონმდებლობით ევალება, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგი და ზედამხედველობა. შესაბამისად, წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგი, ისევე როგორც, გამოვლენილი დარღვევების თაობაზე საზოგადოებისა თუ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება, სახალხო დამცველის პირდაპირი და დღესდღეობით – ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულებაა.
საქართველოს სახალხო დამცველი, წინა წლების მსგავსად, თავისი მანდატის ფარგლებში, აკვირდება 2020 საპარლამენტო არჩევნებს. შესაბამისად, ისეთი მძიმე დარღვევები, როგორებიცაა: დაშინება, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გასაჯაროების მუქარა და ძალისმიერი მეთოდებით პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორება, სწორედ ის საკითხებია, რასაც სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური რეაგირება არასდროს მოჰყოლია. დღემდე არ გამოძიებულა ან გამოძიება არ დასრულებულა ბევრ ძალადობრივ ქმედებაზე, რომელიც გასულ წლებში, წინასაარჩევნო პერიოდში მოხდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში არაჯანსაღ და ძალადობრივ წინასაარჩევნო გარემოზე, განმეორებით მიუთითებენ როგორც საერთაშორისო მისიები, ასევე, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები. შესაბამისად, მმართველი გუნდის წარომადგენლების აშკარა და პირდაპირი თავდასხმები საქართველოს სახალხო დამცველზე დაუსაბუთებელია და მიზნად ისახავს ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის დისკრედიტაციას.
ხელმომწერი ორგანიზაციები, მოვუწოდებთ ქართული ოცნების პოლიტიკურ გუნდს, თავი შეიკავონ სახალხო დამცველის მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან პირდაპირი თუ ირიბი გზებით, შეწყვიტონ ამ ინსტიტუტის საქმიანობისთვის ხელის შეშლის მცდელობები“, – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ორგანიზაციები:
ღია საზოგადოების ფონდი (OSGF); საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TIG); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); უფლებები საქართველო (Rights Georgia); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC); საქართველოს მედია-კლუბი; დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI); საფარი; მწვანე ალტერნატივა.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში კომენტარი გააკეთა ომბუდსმენის განცხადებაზე, რომელიც წინასაარჩევნოდ დაშინებასა და ზეწოლას ეხებოდა.
„2012 წელს იყო მუქარა, შანტაჟი, იძულება და ყველაფერი, მილიონობით ფაქტი იცოდნენ ადამიანებმა, არაფერი არ სჭირდებოდა ამას. შეიძლება, გესმოდეს ამდენი წელი – 2016, 2018, 2020 და ა.შ. და ერთი ადამიანი არ გამოდიოდეს…
წარმოიდგინეთ, მე რომ ვიყო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, მივდივარ ომბუდსმენთან და ვეუბნები, რომ ჩემზე არის ზეწოლა, გთხოვთ ჩემი სახელი არ დაასახელოთ. ჯერ უპასუხისმგებლობაა.
იგივე, სკანდალი „აიდი“ ბარათებთან დაკავშირებით – თავი რომ ჩაღუნა ომბუდსმენმაც და მთელმა არასამთავრობო სექტორმა. გამოვიდნენ და ზუსტად ასე თქვეს, რომ არ ასახელებდნენ საკუთარ გვარებს, მაგრამ იბეჭდებოდა სადღაც „აიდი“ ბარათები. ბოდიშიც არ მოუხდიათ, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ყველაფერი იყო ნათელი.
იგივე, სამარცხვინო ფაქტია ესეც, როდესაც გამოდიხარ და უპასუხისმგებლოდ აკეთებ ასეთ განცხადებებს, როდესაც ერთი სახელი და გვარის დასახელება არ შეგიძლია და როცა ეს წლებია, გრძელდება.
სახალხო დამცველი არის ინსტიტუტი და ელჩი ამ შემთხვევაში სცემს პატივს ინსტიტუტს, მაგრამ ამ ინსტიტუტის უკან, რომ იგივე სამარცხვინო რამე დგას, ამას ხომ ვერ გაუწევს ბოლომდე ანგარიშს ამერიკის ელჩი. 5 წელია ერთი სახელი და გვარი ვერ დამიდგინე და 5 წელია საუბრობ დაშინებაზე და მუქარაზე, სირცხვილი არაა?!
„ქართულმა ოცნებამ” ნინო ლომჯარიას კანდიდატურას დავუჭირეთ მხარი იმიტომ, რომ ოპოზიციას მივეცით ომბუდსმენის ინსტიტუტი, ეს იყო რეალობა. პირდაპირ იყო ასეთი თხოვნა სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით და ოპოზიციას მივეცით ომბუდსმენი და ეს ოპოზიციონერი ომბუდსმენი ახლა აკეთებს ამ განცხადებებს და მართლა სირცხვილია“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
24 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ომბუდსმენის აპარატი აკვირდება წინასაარჩევნოდ გამოვლენილ დარღვევებს, მათ შორის, ბრალდებებს პირადი ცხოვრებით მუქარაზე, და ოპონენტებზე ძალადობით ანგარიშსწორების შესაძლო ფაქტებს. ლომჯარიამ განაცხადა, რომ წინა წლების პრაქტიკამ აჩვენა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ჩადენილი ძალადობრივი ქმედებებისთვის არავის უგია პასუხი და მოსყიდვის, თუ სხვა შემთხვევებზე დღემდე არ გამოკვეთილა დაზარალებული, თუ ბრალდებული პირები აღნიშნულ საქმეებში.