შსს წინასაარჩევნო გარემოზე სახალხო დამცველის განცხადებას პასუხობს

პუბლიკა

დღეს, 24 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ომბუდსმენის აპარატი აკვირდება წინასაარჩევნოდ გამოვლენილ დარღვევებს, მათ შორის, ბრალდებებს პირადი ცხოვრებით მუქარაზე, და ოპონენტებზე ძალადობით ანგარიშსწორების შესაძლო ფაქტებს. ლომჯარიამ განაცხადა, რომ წინა წლების პრაქტიკამ აჩვენა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ჩადენილი ძალადობრივი ქმედებებისთვის არავის უგია პასუხი და მოსყიდვის, თუ სხვა შემთხვევებზე დღემდე არ გამოკვეთილა დაზარალებული, თუ ბრალდებული პირები აღნიშნულ საქმეებში.

„სახალხო დამცველი წინასაარჩევნო გარემოს აკვირდება და თითოეულ ძალადობრივ ფაქტთან დაკავშირებით გვაქვს რეაგირება ისევე, როგორც ამას წინა წლებში ვაკეთებდით. ისმის ინფორმაცია პირადი ცხოვრების გამოყენების შესახებ პირების დაშინების თაობაზე, ამ საკითხებშიც ჩართულები ვართ. შესაბამის უწყებებს მივმართავთ და მოვიძიებთ ინფორმაციებს, რამდენად სწორად, ობიექტურად და დროულად ხდება ამ დანაშაულების გამოძიება. სამწუხაროდ, წინა წლების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ჩადენილი ძალადობრივი ქმედებებისთვის პრაქტიკულად არავის უგია პასუხი და მოსყიდვის, თუ სხვა შემთხვევებზე დღემდე არ გვყავს დაზარალებული, თუ ბრალდებული პირები აღნიშნულ საქმეებში. სამწუხაროდ, ასეთი პრაქტიკაა, თუმცა სახალხო დამცველი განაგრძობს მონიტორინგის განხორციელებას, რამდენად ობიექტურად და დროულად ხდება თითოეულ ფაქტზე გამოძიების დაწყება და პირების პასუხისგებაში მიცემა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის ამ განცხადებას გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტრო. არჩევნების დროს ძალადობის კლებასა და პოლიციის ეფექტიანი მუშაობის შესახებ მკაფიო ჩანაწერები გვხვდება ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებში – ნათქვამია უწყების გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ს განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ არჩევნების პერიოდში, შსს-ს ამოცანაა ქვეყნის მასშტაბით მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა.

შს სამინისტრო ბოლო წლების მანძილზე უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება აღნიშნულ ამოცანას და მყისიერ სამართლებრივ რეაგირებას ახდენდა კომპეტენციას მიკუთვნებულ თითოეულ ინციდენტზე. სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა ყველა შესაძლო ინციდენტი, როგორც უბანზე, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დროულად ყოფილიყო აღკვეთილი.

გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დგებოდა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა. ბრალდებულთა შორის იყვნენ როგორც ოპოზიციური, ასევე, მმართველი პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები.

მაგალითისთვის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე, პირველი და მეორე ტურების განმავლობაში და შემდგომ პერიოდში, გამოძიება დაიწყო 70-ზე მეტ სისხლის სამართლის საქმეზე, საიდანაც სისხლისსამართლებრივი პასუხისგებლობა დაეკისრა 27 პირს.

სამინისტროს ქმედებების შესახებ ინფორმაცია რეგულარულად ვრცელდებოდა, როგორც საჯაროდ, ისე საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან უშუალო კომუნიკაციის გზით. არჩევნების დროს ძალადობის კლებასა და პოლიციის ეფექტიანი მუშაობის შესახებ მკაფიო ჩანაწერები გვხვდება ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებშიც“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების მეორე ნაწილი ეთმობა იმ ღონისძიებებზე საუბარს, რაც უწყებამ მომავალი არჩევნების მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩასატარებლად შეიმუშავა.

უწყების გაცხადებას სრულად გაეცანით ბმულზე.