ბრიტანეთი წყალქვეშა კაბელების დასაცავად და რუსული წყალქვეშა ნავების აღმოსაჩენად £90 მილიონს გამოყოფს

პუბლიკა

დიდი ბრიტანეთი ჩრდილო ატლანტიკაში რუსეთის მხრიდან მომდინარე წყალქვეშა საფრთხეებისგან თავდაცვის გასაძლიერებლად 90 მილიონი ფუნტის ინვესტიციას განახორციელებს. თანხა სამეფო ფლოტისთვის ახალი დრონების, სენსორებისა და ხელოვნური ინტელექტის სისტემების შესაძენად გამოიყოფა. შეთანხმების შესახებ ინფორმაცია ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, საერთაშორისო საზღვაო ძალების კონფერენციაზე გავრცელდა.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამეფო ფლოტის პროგრამა „ატლანტიკური ბასტიონის“ პირველი ეტაპი წყალქვეშა კაბელებისა და ენერგეტიკული ქსელების დაცვას ითვალისწინებს. ახალი ტექნოლოგია, სახელწოდებით „ატლანტიკური ქსელი“, სამეფო ფლოტის პილოტირებულ გემებთან ერთად იმოქმედებს და რუსული წყალქვეშა ნავების აღმოჩენას, ბირთვული შეკავების შესაძლებლობებისა და კრიტიკული წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დაცვას უზრუნველყოფს.

ბრიტანეთის თავდაცვის უწყება წერს, რომ ბრიტანულ კომპანია Ocean Infinity Solutions-თან გაფორმებული ახალი ჩარჩო შეთანხმება სამეფო ფლოტის შესაძლებლობებს გააძლიერებს, რათა მან მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტებისა და წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დაცვა შეძლოს.

ახალი მაღალტექნოლოგიური ქსელი ერთიან სათვალთვალო სისტემას შექმნის. შედეგად, წყალქვეშა ნავებზე მონადირე სამხედრო ხომალდები და Astute-ის კლასის წყალქვეშა ნავები საფრთხეების შესახებ უფრო ადრეულ გაფრთხილებას მიიღებენ და ზღვის ზედაპირის ქვეშ მიმდინარე აქტივობების შესახებ უფრო მკაფიო სურათი ექნებათ.

ჩარჩო შეთანხმება, რომლის ხელმოწერაც დღეს იგეგმება, სამეფო ფლოტის უფრო ფართო პროგრამის- Atlantic Bastion-ის  ნაწილია. პროგრამა პილოტირებული და უპილოტო გემებისგან შემდგარი ჰიბრიდული საზღვაო ძალების შექმნას ისახავს მიზნად და თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მზადყოფნისა და მრეწველობის მინისტრის, ლუკ პოლარდის განცხადებით, ჩრდილო ატლანტიკის სიღრმეებში არსებული საფრთხეები იცვლება და ბრიტანეთიც ამ ცვლილებებს ერგება.

„ეს ინვესტიცია სამეფო ფლოტს ახალ ტექნოლოგიებს მისცემს, რათა საფრთხეების აღმოჩენა უფრო ადრეულ ეტაპზე შეძლოს და ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაიცვას. ამასთანავე, ინვესტიცია ბრიტანულ ბიზნესსაც დაუჭერს მხარს.

ეს აჩვენებს, რომ ჩვენ ვაგრძელებთ შეიარაღებულ ძალებში ინვესტირებას და წყალქვეშა სივრცეში ჩვენი შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც ჩვენს საბოლოო თავდაცვით გარანტიას – ბირთვულ შეკავებას ემსახურება“, – განაცხადა პოლარდმა.

დასავლელი ოფიციალური პირები დიდი ხანია საუბრობენ, რომ რუსეთმა წყალქვეშა ინფრასტრუქტურის სიახლოვეს აქტივობა გააძლიერა.

2026 წლის აპრილში დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ სამხედრო ხომალდები განათავსა რუსული წყალქვეშა ნავების შესაკავებლად. ლონდონის ცნობით, რუსული წყალქვეშა ნავები ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ბრიტანეთმა მოსკოვი გააფრთხილა, რომ კაბელების ან მილსადენების დაზიანების ნებისმიერი მცდელობა „სერიოზულ შედეგებს“ გამოიწვევდა.

რუსეთი ამ ბრალდებებს უარყოფს.

ბოლო წლებში NATO-ს მოკავშირეებმა საკომუნიკაციო კაბელებისა და მილსადენების მონიტორინგი გააძლიერეს.

წყალქვეშა კაბელებით გადაიცემა გლობალური ინტერნეტტრაფიკის უდიდესი ნაწილი და მათი მეშვეობით ხორციელდება ფინანსური ტრანზაქციები.