ავტორი: არშალუის ბარსეღიანი
სომხეთის ხელისუფლებამ 29 ოქტომბერს პარლამენტში მომხდარ ძალადობრივ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ინციდენტში მონაწილეობდნენ მმართველი პარტია „სამოქალაქო შეთანხმებისა“ და ოპოზიციური ფრაქცია „ძლიერი სომხეთის“ დეპუტატები. ამ დროისთვის ბრალი არავისთვის წარუდგენიათ. სომხეთის კანონმდებლობის თანახმად, ინციდენტში მონაწილე დეპუტატები საპარლამენტო იმუნიტეტით სარგებლობენ, ამიტომ მათთვის ბრალის წარსადგენად სამართალდამცავ ორგანოებს პარლამენტის თანხმობა დასჭირდებათ იმუნიტეტის მოხსნაზე.
მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის პარლამენტში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებები იშვიათი არ არის, ამჯერად მომხდარი ჩხუბი უჩვეულოდ მასშტაბური და ძალადობრივი იყო.
საქმეზე გამოძიება ინციდენტიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობისა და თანამდებობის პირის მიმართ ძალადობის მუხლებით. ეს უკანასკნელი გულისხმობს ძალადობას, რომელიც მიმართულია თანამდებობის პირის კანონიერი სამსახურებრივი ან პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით.
ორივე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დამნაშავეებს ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ეს დაპირისპირება ყველაზე ძალადობრივი იყო მას შემდეგ, რაც პარლამენტი ივნისის არჩევნების შემდეგ შეიკრიბა. ჩხუბის დროს დეპუტატები ერთმანეთს ბოთლებს ესროდნენ, მაგიდებისა და სკამების გადაყირავებას ცდილობდნენ.
კონფლიქტის გამწვავებისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მმართველი პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ წევრმა ვაჰაგნ ალექსანიანმა ოპოზიციონერი დეპუტატების მიმართულებით სკამი ისროლა. ამავე პარტიის დეპუტატი ტარონ ჩახოიანი კი ოპოზიციონერ დეპუტატს ჭიქიდან წყალს ასხამდა.
მოგვიანებით რამდენიმე დეპუტატი სხდომათა დარბაზიდან დაზიანებებითა და დახეული ტანსაცმლით გავიდა.
დაპირისპირება ტარონ ჩახოიანის გამოსვლის დროს დაიწყო. მან ოპოზიცია, მათ შორის ფრაქცია „ძლიერი სომხეთი“ „კორუფციაში ჩაფლულობაში“ დაადანაშაულა.
მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თავისი პარტიის წევრების მოქმედებები გაამართლა და განაცხადა, რომ სკამის სროლა „პროპორციული და სწორი“ იყო.
ამასთან, „ძლიერი სომხეთის“ დეპუტატმა ნარეკ კარაპეტიანმა მომხდარს „ჩვეულებრივი, სომხური სტილის, კაცებს შორის ჩხუბი“ უწოდა.
თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ რუბენ რუბინიანმა კარაპეტიანი დაადანაშაულა დაპირისპირების დაწყებაში.
ინციდენტის შემდეგ სომხეთის დაახლოებით ათმა სამოქალაქო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა და პარლამენტში მომხდარი „ფიზიკური ძალადობისა და ხულიგნური ქმედებები“ დაგმო. ორგანიზაციების შეფასებით, ასეთი ქმედებები „მიუღებელია და საპარლამენტო დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება“.
„მოქალაქეებს დეპუტატებისთვის არ მიუციათ მანდატი ძალადობისა და ხულიგნური ქმედებებისთვის, პოლიტიკური უთანხმოებების ფიზიკური ძალის გამოყენებით გადასაჭრელად ან ასეთი საქციელისთვის დაუსჯელობის მისაღწევად. საპარლამენტო მანდატი საზოგადოებრივი ნდობისა და პასუხისმგებლობის გამოხატულებაა და არა პრივილეგია, რომელიც დეპუტატებს კანონზე ან ეთიკურ ნორმებზე მაღლა აყენებს“, – განაცხადეს ორგანიზაციებმა.
მათ პარლამენტის საპარლამენტო ეთიკის საკითხთა დროებით კომისიას მოუწოდეს, დაიწყოს მომხდარის შესწავლა და ყურადღება ინციდენტში მონაწილე დეპუტატების ქცევაზე გაამახვილოს.
ასევე, მათ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს მოუწოდეს, „ჩაატარონ სათანადო გამოძიება […] ინციდენტის დროს შესაძლო სისხლისსამართლებრივი დანაშაულების ჩადენის ფაქტებზე“.
უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა „ღრმა შეშფოთება“ გამოთქვეს ფაშინიანის რეაქციის გამოც, რომელიც, მათი შეფასებით, „მომხდარს ახალისებდა და ამართლებდა“. კრიტიკა შეეხო ასევე რუბენ რუბინიანისა და ნარეკ კარაპეტიანის პოზიციებს, რომლებმაც, ორგანიზაციების განცხადებით, მომხდარი ჩვეულებრივ მოვლენად წარმოაჩინეს და გაამართლეს.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.