„გამოწვევაა, რომ ორ ბანკს უჭირავს საფინანსო სექტორის 75-80%“ - პირველი მოსმენით მიიღეს მიკრობანკებთან დაკავშირებული პროექტი

პუბლიკა

73 მომხრე, 10 წინააღმდეგი – პარლამენტმა „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს არ ეთანხმება გახარიას ფრაქცია.

კანონპროექტით კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების საქმიანობის წესები იცვლება და მარტივდება რიგი პროცედურები.

უფრო კონკრეტულად, მიკრობანკებს შეეძლებათ სესხების უცხოურ ვალუტაში გაცემაც. ამასთან, ბიზნესისთვის გაცემული სესხების წილი მათ საკრედიტო პორტფელში, სულ მცირე, 70%-ის ნაცვლად, 50% უნდა იყოს.

ერთ მსესხებელზე ან ერთმანეთთან დაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული სესხებისა და სხვა ვალდებულებების ჯამური ზღვარი 1 მილიონი ლარიდან 2 მილიონ ლარამდე იზრდება.

მიკრობანკებს შეეძლებათ გარკვეული ფინანსური შუამავლური მომსახურების გაწევა და უძრავი ქონების იჯარით გაცემა.  ქონების გაქირავება მხოლოდ კანონპროექტით განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი – მაგალითად, მიკრობანკის საქმიანობისთვის ან მასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის. მიკრობანკს არ შეეძლება უძრავი ქონების შეძენა მხოლოდ გაქირავების მიზნით.

კანონპროექტით, მიკრობანკების ხელმძღვანელებისთვის სხვადასხვა თანამდებობაზე ერთდროულად მუშაობის რაოდენობის კანონით განსაზღვრული შეზღუდვა უქმდება, თუმცა ეროვნული ბანკი შეძლებს დამატებითი მოთხოვნების დაწესებას. კომერციული ბანკების შემთხვევაში კი თანამდებობების რაოდენობის შეზღუდვის წესები ძირითადად სისტემური მნიშვნელობის ბანკებზე გავრცელდება.

თუ ვინმე ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენას ან გასხვისებას გეგმავს, ეროვნული ბანკის ინფორმირებისა და თანხმობის წესები უფრო მკაფიოდ განისაზღვრება. მნიშვნელოვანი წილი იქნება კაპიტალის ან ხმის უფლების მქონე აქციების 10% ან მეტი, ასევე ბანკზე მნიშვნელოვანი გავლენის ან კონტროლის შესაძლებლობა.

განისაზღვრება უძრავი ქონების იჯარით გაცემის პირობები, ლიცენზიის მიღებისა და გაუქმების საკითხები და ეროვნული ბანკის უფლებამოსილება ბანკებისთვის კაპიტალისა და რეზერვების მოთხოვნების განსაზღვრისას.

კანონპროექტით, საქართველოში უცხოური ბანკის ფილიალის ან შვილობილი კომპანიის დაფუძნება და საბანკო ლიცენზიის მიღება გამარტივებული წესით იქნება შესაძლებელი, თუ ბანკი სანდო ქვეყნის ტერიტორიაზე საქმიანობს და საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის მიერ ეროვნული ბანკისთვის მისაღები ან უფრო მაღალი საკრედიტო რეიტინგი აქვს მინიჭებული.

როგორც კანონპროექტის წარმდგენმა შოთა ბერეკაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, გამოწვევაა, რომ საფინანსო სექტორის დაახლოებით 75-80% ორ ბანკს უჭირავს .

„წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია ისეთი პირობები შეიქმნას, რაც დაფუძნებული იქნება სამ გარემოებაზე – ეს არის გამჭვირვალობა, მომხმარებელთა ინფორმირებულობა და მაქსიმალურად კონკურენტული გარემოს შექმნა…

დღეს ჩვენ გამოწვევა გვაქვს ის, რომ ორ ბანკს უჭირავს საფინანსო სექტორის, დაახლოებით, 75-80%. გვინდა, სწორედ აღნიშნული კანონპროექტით და მისი ფუნდამენტით შევძლოთ, რომ საფინანსო ბაზარზე გაჩნდეს ახალი ბანკები და კონკურენცია გახდეს უფრო მაღალი“, – განაცხადა ბერეკაშვილმა.

ცვლილებებს მხარს არ უჭერს „გახარია – საქართველოსთვის“.

კენჭისყრამდე ფრაქციის წევრმა სოფო ხორგუანმა განაცხადა, რომ კანონპროექტით ეროვნული ბანკი და მმართველი გუნდი ცდილობს ფინანსური სექტორის კიდევ უფრო მონოპოლიზებას და ისეთი მექანიზმების შემოტანას, რომელიც არასაბანკო სექტორს აზარალებს, ბანკებს კი მეტ პრივილეგიას ანიჭებს.

მისივე შეფასებით, კანონი დაწერილია „ეროვნული ბანკის დაკვეთით არა იმისთვის, რომ არსებული ფინანსური კლანები შევბოჭოთ და ხალხს მეტი შესაძლებლობა მივცეთ, არამედ იმისთვის, რომ კლანები კიდევ უფრო გაძლიერდნენ და რისკები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და მცირე ბიზნესს რჩება.“

„საინტერესო არის, რომ ამ კანონპროექტით ბანკებს ეძლევათ უფლება, დაკავებული ან საკუთრებაში არსებული ქონება იჯარით გასცენ. თუმცა ბანკის ძირითადი ფუნქცია ფინანსური შუამავლობაა, უძრავი ქონების ბაზარზე სპეკულირება არ არის ბანკისა და საბანკო სფეროს უშუალო საქმიანობა. ეს რეალურად ნიშნავს იმას, რომ ბანკებმა, რომლებსაც ისედაც აქვთ მილიარდიანი მოგება წლიდან წლამდე, კიდევ უფრო მეტი არასაბანკო შემოსავალი გაიჩინონ და კონკურენცია გაუწიონ მცირე და საშუალო მეწარმეებს, ვინც რეალურად უძრავი ქონების ბაზარზე ოპერირებს. ეს არის ეკონომიკური პოლიტიკის არასწორი მიმართულება. ბანკმა უნდა აკეთოს თავისი საქმე, გასცეს კრედიტები რეალური ეკონომიკისთვის და არ იყოს მსხვილი ლომბარდი ან საიჯარო კომპანია, რომელიც ქვეყნის მთელ ქონებას იგროვებს ხელში.

ჩვენ ვხედავთ სისტემას, სადაც რამდენიმე მსხვილი ფინანსური ჯგუფი აბსოლუტურად აკონტროლებს მთელ საბანკო სექტორს, როდესაც ერთი და იგივე ტოპ-მენეჯერები ათობით შვილობილ კომპანიასა და ფილიალებს ინაწილებენ. მმართველობის ეფექტიანობაზე ლაპარაკი ზედმეტია. ეს არის, მართლაც, ფიქციური ზედამხედველობა, სადაც ეროვნული ბანკი ცდილობს, რომ ევროპული სტანდარტების იმიტაცია შექმნას, რეალურად კი ეს არის ოლიგოპოლიური ინტერესების მსახურება“, – განაცხადა სოფო ხორგუანმა.

ხორგუანი მიუთითებს, რომ კანონპროექტი პარლამენტში შევიდა იმ პერიოდში, როცა კომუნიკაციების კომისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა კახა ბექაურმა ერთ-ერთი მიკრობანკის წილი შეიძინა:

„მე დამთხვევების არ მჯერა. სანამ ამ კანონპროექტს შემოიტანდით, რამდენიმე ხნით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბატონმა კახა ბექაურმა შეიძინა ერთ-ერთი მიკრობანკის წილები, სულ ორი მიკრობანკი გვაქვს საქართველოში. კახა ბექაური იყო კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე წლების განმავლობაში, ის პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელია – ეს საკუთარ თავზე ვიწვნიეთ ჩვენმა პარტიამ საარჩევნოდ, თუ როგორ ასრულებდა მმართველი ძალის პოლიტიკურ დაკვეთას. ის არის „ორი ნაბიჯის“ მეწილეც. სწორედ ამ პირობებში თქვენ შემოგაქვთ ეს კანონპროექტი, რომელიც აძლევს შესაძლებლობას მიკრობანკს, რეალურად უფრო მეტი შემოსავალი მიიღოს ისე, რომ პრინციპი, რასაც უნდა ეფუძნებოდეს მიკრობანკი, უგულებელყოფილი იყოს.

ეს სახალხო ენაზე რომ ვთქვათ, მაფიოზური მმართველობაა. ჩვენ ამ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერთ, რადგან ის აუარესებს ქვეყნის ფინანსურ უსაფრთხოებას და კიდევ უფრო მეტად აღრმავებს ბანკების კარტელურ მმართველობას საქართველოში“, – განაცხადა ხორგუანმა.