ომზე მეტად არაფერი მეზიზღება, სამეზობლოში ომი არის ჩვენთვის კატასტროფა – სააკაშვილი

პუბლიკა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ ისაუბრა და თავისი პოზიცია განმარტა.

მიხეილ სააკაშვილი 28 სექტემბერს მთიან ყარაბაღში სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის სამხედრო დაპირისპირების განახლებას გამოაეხმაურა და განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა. მის ამ განცხადებას უკმაყოფილება და პროტესტი მოჰყვა საქართველოს ეთნიკურად სომეხ მოქალაქეებს შორის.

საქართველოს ექსპრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ, სომხეთის განათლების მინისტრმა, არაიკ არუთინიანმა სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოართვეს.

გუშინ საქართველოს ექსპრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის შესახებ. მან თქვა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ომი სამეზობლოში საქართველოსთვის კატასტროფაა.

„ქართველმა სომხებმა იციან, როგორ მიყვარს მე ისინი. ქართველ სომხებს ჩემზე დიდი მოკავშირე არ ჰყავთ. ქართველ სომხებს მე არავის არ დავაჩაგვრინებ, მაგრამ საქართველოსთვის ტერიტორიული მთლიანობა ეს არის არსებობის საფუძველი, ჩვენი სახელმწიფოებრივი მრწამსი. ჩვენ ვერსად ვერასდროს ვერ დავუჭერთ მხარს სეპარატიზმს. ომზე მეტად არ მეზიზღება არაფერი. სამეზობლოში ომი არის ჩვენთვის კატასტროფა ”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ იმდენი საპატიო დოქტორობა აქვს, არც ახსოვდა ერევნის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორობაც თუ ჰქონდა: „იმდენი საპატიო დოქტორობა მაქვს, ნამდვილად არ მახსოვდა, თუ ერევნის რომელიღაც უნივერსიტეტის საპატიო დოქტორობაც მქონდა. ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ ამით ჩინები ნამდვილად არ მომაკლდება“.