პროკურატურას ჯერ არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, დამამშვიდეს, რომ ჩვეულებრივი პროცესია – გარეჯის კომისიის ყოფილი წევრი

პუბლიკა

დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების საკითხთან დაკავშირებით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრი ივერი მელაშვილი მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ არაზუსტი ინფორმაციების გავრცელებისგან და არ შეუწყონ ხელი სამუშაო ჯგუფის დისკრედიტაციას.

„ატეხილი აჟიოტაჟის ფონზე ხშირად მესმის ვიღაცების განცხადებები, ზოგი სასულიერო პირის და ზოგი არასასულირო პირის. განსაკუთრებით საწყენია, როდესაც სასულიერო პირი აკეთებს ასეთ განცხადებებს, რომ აი, მოღალატეები იყვნენ. პირველ რიგში ჩემი ინტერესია, ძიება მივიდეს ბოლომდე, რაც შეიძლება მალე. რაც შეეხება მანამდე განცხადებებს, ვთხოვდი, რომ ყველამ თავი შეიკავოს“, – განაცხადა მან.

ივერი მელაშვილი, მისივე განცხადებით, ელოდება როგორც სახლში, ასევე სამუშაო ადგილას წარმოებული ჩხრეკის შედეგებს. ამბობს, რომ ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია, თუ რა მტკიცებულებები ამოიღო გამოძიებამ.

„პროკურატურას ჯერ არავითარი მტკიცებულება და ბრალდება არ წამოუყენებია. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და დამამშვიდეს, რომ ეს ჩვეულებრივი პროცესია ბრალდებაზე, რომელიც წამოვიდა თავდაცვის სამინისტროდან.

ლაპარაკია 200 000-იანი მასშტაბის რუკებზე. ეს არის 33, 36, 37 წლებში გამოშვებული რუკები, საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ტერიტორიებისთვის, მათ შორის – საქართველოსთვის.

სპეციალურად გადაიდო ეს რუკა გვერდზე, იმიტომ რომ უვარგისი იყო, არგუმენტად ვერ გამოდგებოდა მეორე მხარესთან პოზიციის გასაძლიერებლად. ეს იქნებოდა პირიქით. მაშინ შეგნებულად ვთქვით უარი ამ რუკის ძირითად გამოყენებაზე.

თვითონ საკითხი როგორ უნდა შეთანხმდეს – ვფიქრობ, მხოლოდ და მხოლოდ კომპრომისების, თანმიმდევრული მიდგომის, მათ შორის, მთავრობისა და სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურის მხრიდან“, –  განაცხადა მელაშვილმა.

სადემარკაციო კომისიის ყოფილი წევრი აცხადებს, რომ „აჟიოტაჟი და ბრალდებები პროცესს ზიანს აყენებს“.

„საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დაახლოებით 66% შეთანხმებულია. ოღონდ, ეს გაკეთებულია კომისიების დონეზე. სახელმწიფოებს შორის შეთანხმება სხვა თემაა, ეს რთული სამართლებრივი პროცედურაა. ამ 66%-ში არ შედის დავით გარეჯის ქედი, რის გამოც პროკურატურაში დამიბარეს. ეს მონაკვეთი შეუთანხმებელია კომისიებს შორისაც იმიტომ, რომ განსხვავებული პოზიციები გვაქვს. ჯერჯერობით ვერ შევათანხმეთ და თუ ასეთი ბატალიები გაგრძელდება, სავარაუდოდ, ვერც ვერასოდეს შევათანხმებთ“, – განაცხადა მან.


30 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მონაწილე ექსპერტების ქმედებების კანონიერებას იძიებს. უწყებაში აცხადებენ, რომ დელიმიტაციის კომისიამ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეათანხმა.

პროკურატურის განცხადებიდან არ ჩანს, როდის არის ჩადენილი სავარაუდო დანაშაული, რომელზეც საუბრობენ. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვრის დემარკაციის საკითხზე კომისია პირველად 1996 წელს ჩამოყალიბდა და დღემდე მოქმედებს, ოღონდ, რამდენიმე წელიწადში ერთხელ იკრიბება. კომისია ბოლოს 2019 წლის 23-24 მაისს ბაქოში შეიკრიბა.

პროკურატურის ამ განცხადებას წინ უძღოდა 24 სექტემბერს საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.

ამ შეხვედრის შემდეგ დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ნაპოვნია ახალი კარტოგრაფიული მასალა, დოკუმენტები და ექსპერტული დასკვნები, რომლებიც აზერბაიჯანულ მხარეს გადაეცა. ზალკალიანის თქმით, ამ გარემოებებმა, შესაძლოა, გამოიწვიოს 2006-2007 წლების შეთანხმების გადახედვა და იმედი გამოთქვა, რომ საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესში პროგრესი იქნება.