დავით გარეჯი | პოლიტიკოსების შეფასებები გამოძიების დაწყებაზე

პუბლიკა

გუშინ, 30 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მონაწილე ექსპერტების ქმედებების კანონიერებას იძიებს. უწყებაში აცხადებენ, რომ დელიმიტაციის კომისიამ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეათანხმა.

პროკურატურის განცხადებიდან არ ჩანს, როდის არის ჩადენილი სავარაუდო დანაშაული, რომელზეც საუბრობენ. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვრის დემარკაციის საკითხზე კომისია პირველად 1996 წელს ჩამოყალიბდა და დღემდე მოქმედებს, ოღონდ, რამდენიმე წელიწადში ერთხელ იკრიბება. კომისია ბოლოს 2019 წლის 23-24 მაისს ბაქოში შეიკრიბა.

პროკურატურის ამ განცხადებას წინ უძღოდა 24 სექტემბერს საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.

ამ შეხვედრის შემდეგ დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ნაპოვნია ახალი კარტოგრაფიული მასალა, დოკუმენტები და ექსპერტული დასკვნები, რომლებიც აზერბაიჯანულ მხარეს გადაეცა. ზალკალიანის თქმით, ამ გარემოებებმა, შესაძლოა, გამოიწვიოს 2006-2007 წლების შეთანხმების გადახედვა და იმედი გამოთქვა, რომ საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესში პროგრესი იქნება.

სანამ საგამოძიებო უწყება განცხადებას გაავრცელებდა, ცნობილი გახდა, რომ დავით გარეჯში მოღვაწე მღვდელმსახური კირიონი იმყოფებოდა გამოკითხვაზე. პროკურატურის განცხადებას მალევე მოჰყვა საპატრიარქოს პრესსპიკერის, დეკანოზ ჯაღმაიძის კომენტარიც.

„განცხადებებში ჩვენ ადრე ვსაუბრობდით ამაზე, რომ დიდ ეჭვს იწვევდა ძველი კომისიის შემადგენლობა. ვსაუბრობდით, რომ კომისიის მუშაობა იყო არაეფექტიანი, ახლა იმის უკან რა მექანიზმია და ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრება, ამას გაარკვევენ. ყველა სადავო, საეჭვო საკითხი იყო დასაზუსტებელი, გადაწყვეტილი საქართველოს საზიანოდ. წინა კომისია ცოტა ხნის წინ გაუქმდა. მე ნუ მაკისრებთ მოვალეობას, პასუხისმგებლობა დავაკისრო რომელიმე ხელისუფლებას.

საპატრიარქოს კუთვნილებაა, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრები და ამ შემთხვევაში, როდესაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზეა საუბარი, იმავდროულად ჩვენ საპატრიარქოს ქონებასა და კუთვნილებაზე ვლაპარაკობთ, დაველოდოთ გამოძიებას“, – თქვა მან.

თემას მოჰყვა პოლიტიკური შეფასებებიც. „ეს არის დიდი ხნის წინ დაგეგმილი პროვოკაცია“, – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი შიშობს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება მისი ხელისუფლების ბრალეულობის გამოკვეთას ცდილობს. როგორც სააკაშვილი ამბობს, შემთხვევითი არაა ყარაბახის კონფლიქტის ფონზე ამ „პროვოკაციის“ წინ წამოწევა.

„მინდა, გითხრათ, რა აქვთ ამ პროვოკაციის შემდეგი ეტაპები – ისინი აპირებენ, ჯერ ალაპარაკონ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მანჯგალაძე, რომელიც იტყვის, რომ რაღაც დავალებები მიიღო ჩემგან თუ სხვისგან, ამ ტერიტორიების გასხვისების. შემდეგ, ისინი აპირებენ, გამოიყვანონ მოსკოვში მცხოვრები აზერბაიჯანული ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ ფული გადაიხადეს – 30 მილიონი თუ 80, რაც დაიბადება „ეფესბეს“ პროპაგანდისტებისა და ივანიშვილის თავში, ამ მიწების გასხვისებისთვის და მერე ამაზე ააგებენ ამბავს, რომ ჩვენ გავყიდეთ ქართული მიწა. სიმართლე არის სრულაიდ საწინააღმდეგო“, – ამბობს სააკაშვილი და ამტკიცებს, რომ მისი ხელისუფლების დროს ყველა შეხვედრაზე აყენებდნენ საზღვრის დელიმიტაციის საკითხს.

მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, მისი თანაგუნდელი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ გარეჯის საკითხი „ნაციონალური მოძრაობის“ დისკრედიტაციისთვის და პოლიტიკური ოპონენტების დევნის კიდევ ერთ მექანიზმად გამოიყენეს. „ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებით, გარეჯის საკითხი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებმა გაამწვავა.

„გადაწყვიტეს, რომ აღარ ჰყოფნით ის თემები, რომელზეც რვა წელი საუბრობდნენ და დღეს მოძებნეს რაღაც ახალი თემა, რომელიც ისევ შეეხება იმას, რას აკეთებდა წინა ხელისუფლება. ეს არის სრულიად აბსურდული ბრალდება. ეს არის კიდევ ერთი ნათელი განაცხადი იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემას იყენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ“, – განაცხადა სამადაშვილმა.

„ფაქტობრივად, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, ღალატი ქვეყნის ინტერესების. არ დამთავრებულა დემარკაცია-დელიმიტარიზაციის პროცესი. გარეჯის საკითხი გაამწვავა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მოსიარულე საფრთხეს ვუწოდებ.

სად არის გარეჯი გადაცემული სხვისთვის, რომელ დოკუმენტში? ვინ მოაწერა ხელი? ეს არის ტყუილი. დემარკაციის პროცესი მიმდინარეობს. რვა წლის განმავლობაში პროცესი უკან წავიდა. შეადარეთ რვა წლის წინანდელი და დღევანდელი მდგომარეობა. სანატრებელია ის მდგომარეობა, როცა თავისუფლად გადაადგილდებოდნენ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, როდესაც მძიმე ვითარებაა ყარაბაღში, ამ თემის წამოწევა უქმნის საფრთხეს ეროვნულ ინტერესებს.

ბაქრაძემ თქვა, რომ არ იცის, თუ რა „მითიურ თემაზეა“ საუბარი, თუმცა, როგორც აღნიშნავს, ამ თემის წინასაარჩევნოდ წამოწევა ოპონენტების წინააღმდეგ, საეჭვოს ხდის ფაქტის ობიექტურობას. ბაქრაძემ აღნიშნა, რომ თუკი ვინმემ გააუარესა დავით გარეჯში არსებული მდგომარეობა, ეს არის სალომე ზურაბიშვილი და „ქართული ოცნება“, თავისი განცხადებებით.

„ის, რომ ეს ფაქტი წინასაარჩევნოდ, 14 წლის შემდეგ, ახსენდება „ქართულ ოცნებას”, თავისთავად, მეტყველებს იმაზე, თუ რა ტიპის გამოძიებასა და ფაქტზეა საუბარი. ასევე, საუბარი იმაზე, რომ აზერბაიჯანს არამარლთზომიერად აქვს ქართული მიწები, იმ დროს, როდესაც ყარაბაღში საომარი მოქმედებები მიდის, ქმნის ძალიან მაღალ საფრთხეს საქართველოსთვის, რომ დაძაბულობა და კონფლიქტი შეიძლება გადმოვიდეს ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობაშიც და დღეს ეს არის ის, რაც ყველაზე ნაკლებად გვინდა და ეს ხელისუფლება სწორედ ამით რისკავს – ოღონდაც რაღაც საქმე გამოძებნოს ოპონენტების წინააღმდეგ და მზად არის, საფრთხე შეუქმნას ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მიხეილ სააკაშვილისა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების საპასუხოდ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავარია, გაირკვეს, რა მოხდა.

„ამ საკითხის მეტი პოლიტიზება არ შეიძლება, საკითხი არის მგრძნობიარე. თქვენ ნახეთ, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა, გვარამიამ, სააკაშვილმა თვითონ სცადეს ამ საკითხის პოლიტირება. სააკაშვილმა, არ ვიცი, წამოცდენა იყო, თუ რა იყო, თქვა, ვითომ 70-80 მილიონი აქვს აღებული, ამან დამატებით გაარღმავა ეჭვები, რომ იქ შეიძლება რამე მძიმე იყოს, დაველოდოთ გამოძიებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პოლიტიკური ოპონენტებისგან განსხვავებულ განცხადებებს აკეთებდნენ დღეს „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლები. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის პროცესში ყველა შეთანხმება საქართველოს ინტერესების საზიანოდ მოხდა, ამ ფონზე კი საკითხით გამოძიების დაინტერესება მათთვის ლოგიკურია.

„ყველაფერს დაემატა ის, რომ არსებობს რუკა, რომლითაც დასტურდება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები. ამ რუკის არც მოძიება მომხდარა და რიგ შემთხვევებში ისინი დაკარგულია, დამალულია. თუ სურვილი არ ჰქონდათ, რუკა გამოეყენებინათ, ესეც ეჭვებს აჩენს. ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე, ტერიტორიებსა და სიწმინდეებზე ვსაუბრობთ, რაზეც, თავის დროზე, წინა ხელისუფლება გვარწმუნებდა, რომ ჩვენი ტერიტორია არ არის და საბჭოთა კავშირის დროს ეკუთვნოდა მეზობელ ქვეყნებსო. ჩვენ აზერბაიჯანთან ძალიან კონსტრუქციული თანამშრომლობა გვაქვს და მიზანი არ არის, ერთმანეთს ტერიტორიები წავართვათ, არამედ სამართლიანად დადგინდეს ის, რაც შეთანხმებითაა მიღწეული“, – განაცხადა პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი და დიდუბე ჩუღურეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი გია ვოლსკი ირწმუნება, რომ ოპონენტების მოსაზრებები და წინასაარჩევნო დაპირისპირება არაფერ შუაშია, რადგან საკითხი სახელმწიფო მნიშვნელობისაა.

„წინასწარი მონაცემებით იკვეთება, რომ მოლაპარაკებები არ მიდიოდა მაღალ პროფესიონალურ დონეზე, ისე, რომ დაცული ყოფილიყო სახელმწიფოს ინტერესები, მაგრამ ჩემი და ოპონენტების მოსაზრებები აქ არაფერ შუაშია, არც წინასაარჩევნო თემები. ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის საგანგებო საკითხი, რომელიც აუცილებლად გამოსაძიებელია“, – აცხადებს ვოლსკი.


დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის 16 მონასტრიდან 3 აზერბაიჯანის ტერიტორიაზე – ბერთუბანი, ჩიჩხიტური და უდაბნო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მხარეების დროებითი შეთანხმების საფუძველზე, პირობითი საზღვარი გაივლო ისე, რომ სამონასტრო კომპლექსში საქართველოდან მიმავალ ტურისტებსა და მომლოცველებს ამ 3 ტაძრის მონახულებაც ჩვეულებრივად შეეძლოთ. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ამ ნაწილთან მისასვლელი გზა აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა 2012 წლის მაისშიც გადაკეტეს 2 კვირით. 2012 წლის 20 მაისს ჩიკაგოში საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, მხარეები სადავო მონაკვეთზე სტატუს კვოს აღდგენაზე შეთანხმდნენ და აზერბაიჯანულმა მხარემ დავით გარეჯში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნა.

2019 წლის 14 ივლისს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის მონაკვეთზე ადგილობრივ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელი მესაზღვრეებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ აზერბაიჯანულმა მხარემ გაზარდა მესაზღვრეების რაოდენობა მოცემულ მონაკვეთზე. პარალელურად, ამ მონაკვეთზე გაიზარდა ქართველი მესაზღვრეების რაოდენობაც.