შესაძლებელია თუ არა, რუსული კანონის განხილვისთვის პლენარული ორშაბათს ჩანიშნონ

პუბლიკა

პარლამენტში რუსული კანონის განხილვა 29 აპრილს, იურიდიულ კომიტეტზე მეორე მოსმენით განახლდება. კომიტეტი 09:00-ზე დაიწყება.

მეორე მოსმენის დროს კანონპროექტს მუხლობრივად განიხილავენ. კომიტეტზე განხილვის შემდეგ კანონპროექტი, შესაბამისი დასკვნებით, გადაეცემა ბიუროს პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პლენარული სხდომები, გარდა საგანგებო და საომარი მდგომარეობებისა, იმართება, როგორც წესი, პლენარული სხდომების კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს.

აღნიშნულს რეგლამენტის 88-ე მუხლი არეგულირებს.

ამავე მუხლის მიხედვით, „პარლამენტის მორიგი სესიის სამუშაო ციკლის მსვლელობისას პლენარული სხდომები, როგორც წესი, არ იმართება ორშაბათს და კანონით გათვალისწინებულ დასვენების და უქმე დღეებში.

პლენარული სხდომების კვირაში ორშაბათს და კანონით გათვალისწინებულ დასვენების და უქმე დღეებში პარლამენტის პლენარული სხდომების გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის ბიურო”. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საპარლამენტო მდივანი, ლიკა საჯაია „პუბლიკას“ ეუბნება, რომ ეს ჩანაწერი იძლევა შესაძლებლობას, პლენარული სხდომა ბიურომ ორშაბათს ჩანიშნოს.

„პუბლიკა“ ასევე დაუკავშირდა პარლამენტის პრესსამსახურს და საორგანიზაციო დეპარტამენტს. ორივე განყოფილებაში განგვიცხადეს, რომ უდიდესი ალბათობით, სხდომა ორშაბათს არ ჩაინიშნება. მათი თქმით, პრაქტიკით, ორშაბათს ჩანიშნულა რიგგარეშე სხდომები ან საგანგებო ვითარების დროს გამართული სხდომები.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს, 26 აპრილს ზუგდიდში მედიასთან განაცხადა, რომ რუსულ კანონს პლენარულ სხდომაზე სამშაბათს განიხილავენ.

„პლენარული სხდომა ვერ იქნება ორშაბათს, ის იქნება სამშაბათს. მომავალ კვირაში იქნება საკომიტეტო განხილვები. სესია არის სამშაბათს, 30 აპრილს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ოცნების“ ორგანიზებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა, რომ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას, შესაძლოა, რამდენიმე დღე დასჭირდეს.

„29-ში გაიმართება ჩვენ მიერ დაანონსებული აქცია. იყო სპეკულაციები, რომ ორშაბათსაც უნდოდათ აქციის გამართვა, რადგან კომიტეტი იმართება. თუ ოპოზიცია მოინდომებს, მეორე მოსმენით ამ კანონპროექტის განხილვას, შესაძლოა, 2-3 დღე დასჭირდეს. შესაბამისად, საკმარისი დრო აქვს რადიკალურ ოპოზიციას, რომ საპროტესტო აქციები გამართოს – სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს. ამიტომ, თავი დაანებონ ორშაბათს“, – განაცხადა მან.

29 აპრილს, ორშაბათს „ქართული ოცნება“ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების კონტრაქციას აწყობს. არსებული ინფორმაციით, შეკრება საღამოს 6 საათიდან დაიწყება, ხოლო 8 საათზე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.