რიგი გარემოებები აჩენს ეჭვს, რომ გამოძიება პოლიტიკურ მოტივაციებს ემსახურება - TI „კარტოგრაფების საქმეზე“

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”(TI)  2020 წლის 1 ივლისიდან 20 ოქტომბრამდე საპარლამენტო არჩევნებისთვის დაკვირვების ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშში ერთი თავი ეთმობა, ე.წ. კარტოგრაფების საქმეს.

ორგანიზაცია წერს, რომ „გამოძიების დაწყების დრო, წინასაარჩევნო კონტექსტი, გამოძიების პროცესში გამოვლენილი დარღვევები, შერჩევითი მიდგომის ნიშნები და მმართველი პარტიის ლიდერების უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული პოპულისტური განცხადებები აჩენს ეჭვს, რომ გამოძიება პოლიტიკურ მოტივაციებს ემსახურება და მიმართულია მცდარი წარმოდგენის შექმნისა და პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისკენ“.

რა ხარვეზები აქვს ბრალდებას?

„გამჭვირვალობას“ მიაჩნია, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასათვის წარდგენილი ბრალდება უსაფუძვლოა, არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებიდან და ჩნდება ცალმხრივად ჩატარებული გამოძიების გონივრული ეჭვი შემდეგი გარემოებების გამო:

  1. ნაჩქარევად წარმოებული გამოძიება: გამოძიება 2020 წლის 17 აგვისტოს დაიწყო, ხოლო პროკურატურამ ბრალდებულები 7 ოქტომბერს დააკავა. „გამჭვირვალობის“ შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე ათეულობით მოწმეა დაკითხული, არ არსებობს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალეულობას დაადასტურებდა. აღსანიშნავია, რომ პროკურატურა არ დაელოდა დანიშნული ექსპერტიზების ნაწილის პასუხის მიღებას და დაკავების გადაწყვეტილება ცალმხრივად შეფასებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღო.
  2. ექსპერტიზების დასკვნის არარსებობა: „საქმეში არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიერ შექმნილი და კომისიაზე დამტკიცებული რუკები წინააღმდეგობაში მოდიოდა 1938 წელს შედგენილი 1:500 000-იანი მასშტაბის რუკასთან. უფრო მეტიც, პროკურატურას არ ჩაუტარებია ექსპერტიზა, 17 რომელიც გადაამოწმებდა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ვერსიას და დაადგენდა ნამდვილად ხარვეზიანი იყო თუ არა 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა“, – ამბობს ორგანიზაცია.
  3. პროკურატურის მოწმეების ჩვენებებში არსებული წინააღმდეგობები: TI-ის განცხადებით, მოწმეთა ჩვენებებში, რომლითაც პროკურატურა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალეულობის დადასტურებას ცდილობს, წინააღმდეგობებია. „ბრალდების მთავარი მოწმეების, მათ შორის დავით ხიდაშელის, სატელევიზიო ინტერვიუები განსხვავდება მათივე მიცემული ჩვენებებისგან. გარდა ამისა, პროკურატურას დღემდე არ გამოუკითხავს ის მოქმედი მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც საქმეში ფიგურირებენ. საინტერესოა, ის ფაქტიც, რომ დავით ხიდაშელი, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რუსულ სპეცსამსახურებთან დაახლოებული პირია“, – აცხადებს TI.
  4. დავით გარეჯის საკითხით მანიპულირება და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა: „ბრალდება არ უკავშირდება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული ტერიტორიებს. მიუხედავად ამისა, მაღალი თანამდებობის პირები საკითხზე კომენტირებისას ხაზს უსვამენ, რომ გამოძიებამ თავიდან აიცილა დავით გარეჯის დაკარგვის საფრთხე. თუ გავითვალისწინებთ დავით გარეჯის ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობას, ცხადია, რომ ამ სენსიტიური თემით მანიპულირება მოქალაქეებისთვის მცდარი წარმოდგენების შექმნასა და ოპოზიციური პარტიების (წინა მთავრობის წარმომადგენლების) დისკრედიტაციას ემსახურება. გარდა ამისა, მაღალი თანამდებობის პირები უგულებელყოფენ უდანაშაულობის პრეზუმფციას და არ ერიდებიან ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სამშობლოს ღალატში დადანაშაულებას“, – წერს ორგანიზაცია.
  5. სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევა: „ქართული კანონმდებლობისა და საერთაშორისო ნორმების მიხედვით, ბრალდებულებს უნდა მიეცეთ საკმარისი დრო და საშუალება საკუთარი დაცვის მოსამზადებლად. ადვოკატების მოთხოვნა, დაუყონებლივ გადაცემოდათ საქმის მასალები, პროკურატურამ ერთი დღის დაგვიანებით დააკმაყოფილა. დაცვის მხარეს საქმის მასალები, რომლებიც შვიდი ტომისა და 1500 მეტი გვერდისაგან შედგებოდა, აღკვეთის ღონისძიების სხდომამდე დაახლოებით ორი საათით ადრე გადაეცა. ადვოკატებმა სხდომის გადადება მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ჩათვალა, რომ რამდენიმე საათი საკმარისი იყო საქმის მასალების სრულყოფილად გასაცნობად. პროცესზე მოსამართლემ განაცხადა, რომ ადვოკატებისაგან განსხვავებით, მან ეს რამდენიმე საათში შეძლო“, – აცხადებს TI.
  6. პატიმრობის დაუსაბუთებელი შეფარდება: „პროკურატურამ პატიმრობის საფუძვლად ბრალდებულების მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელშეშლის საფრთხე მიუთითა. მიმალვისა და დანაშაულის ჩადენის ვარაუდი აბსტრაქტული იყო და მხოლოდ ჰიპოთეტურ დაშვებებს ეყრდნობოდა. პროკურორები საქმეში არსებული მასალების განსხვავებული ინტერპრეტაციის გზით შეეცადნენ მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელშეშლის საფრთხის დასაბუთებას. აშკარად მცდარი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდების მიუხედავად, მოსამართლემ უგულებელყო საქმის ფაქტობრივი გარემოებები, გაიზიარა პროკურორების არგუმენტები. ბრალდებულების პატიმრობა ძალაში სააპელაციო სასამართლომაც დატოვა, თუმცა არც ეს გადაწყვეტილება შეიცავდა პატიმრობის დასაბუთებას“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ წერს, რომ გარდა გამოძიებაში გამოვლენილი ხარვეზებისა, მნიშვნელოვანია აღნიშნული საქმის უფრო ფართო ჭრილში განხილვაც. მათი თქმით, გამოძიება მიმდინარეობს წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოს მოქალაქეებისთვის უკიდურესად სენსიტიურ თემაზე. ორგანიზაციისთვის განსაკუთრებით ყურადსაღებია და საგანგაშო სიგნალებს შეიცავს რუსეთთან დაკავშირებული პირების ამ საქმესთან შესაძლო შემხებლობა. „საყოველთაოდ ცნობილია, რომ რუსეთის ინტერესებშია საქართველოს არჩევნებში ჩარევა და დესტაბილიზაციის ახალი კერების გაღვივება, მათ შორის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დაძაბვის მცდელობის გზითაც“, – წერს TI.

ამ თემაზე კომენტარი გააკეთა დღეს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ:

„რაც შეეხება დავით გარეჯის საქმეს. თუ ვიღაცამ ჩაიდინა დანაშაული ნაც. მოძრაობამ ამ შემთხვევაში და მისი ლიდერებიც თუ არიან გარეული ამ საქმეში, როგორც სააკაშვილი ამბობს 70-80 მილიონი აქვს ხომ მას აღებული ამ საქმეში. ეს არ არის დისკრედიტაციის მცდელობა. თუ მათ აქვთ ეს დანაშაული ჩადენილი, მათ უნდა აგონ პასუხი, როგორც სამართლებრივად, ასევე პოლიტიკურად. შესაბამისად, აქ ნათელია ყველაფერი. როდესაც მიუვიდა ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოს, მაშინ, კანონის მიხედვით აღძრა საქმე. კანონის მიხედვით, პროკურატურას ევალება მყისიერად აღძრას საქმე, თუ მასში შედის სათანადო ინფორმაცია“, – განაცხადა მან.


1994 წელს შეიქმნა სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისია. საქართველო და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, რომ საზღვრის დადგენისას იხელმძღვანელებდნენ 1938 წელს შედგენილი 1:500 000-იანი მასშტაბის რუკით. კომისიის საქმიანობის შედეგად 1996- 2007 წლებში მხარეები კომისიის დონეზე სასაზღვრო ზოლის დაახლოებით 66%-ზე – 303 კმ-ზე შეთანხმდნენ. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ კომისიაში საქმიანობისას განზრახ არ იხელმძღვანელეს 1936-1938 წლებში გამოცემული 1:200 000-იანი მასშტაბის რუკებით, რის შედეგადაც, შეიქმნა 34.8 კვ. კმ-ის საქართველოს საზღვრებს გარეთ, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოქცევის საფრთხე. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა უარყოფენ წარდგენილ ბრალდებას. მათი განმარტებით, 1937-1938 წლებში შედგენილი 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის შესწავლისა და ანალიზის შემდეგ დადგინდა, რომ რუკა იყო ხარვეზიანი და შესაბამისად, გამოსაყენებლად უვარგისი. ისინი მათ დაკავებას მოახლოვებულ არჩევნებსა და წინა მთავრობის საქმიანობის დისკრედიტაციის მცდელობას უკავშირებენ.