კარტოგრაფების საქმე | ყველაფერი რაც რუკების შესახებ ვიცით

აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბრიდან პატიმრობაში არიან.  მას შემდეგ, რაც პროკურატურამ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებების ბრალდებით დააკავა. გამოძიების მტკიცებით, საზღვრების შეთანხმებისას მათ არ გამოიყენეს ერთ-ერთი რუკა, რომელიც საქართველოს ინტერესებში შედიოდა.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ. მიიჩნევენ, რომ პროკურატურის მიერ მტკიცებულებად მოყვანილი რუკის გამოყენება არ შეიძლებოდა. კომისიის ყოფილი წევრები ცდილობენ ახსნან, რატომ თქვეს უარი წლების წინ იმ რუკის გამოყენებაზე, რომლითაც გამოძიების მტკიცებით, საქართველოს თითქოსდა 3 500 ჰექტარი მიწით მეტი ექნებოდა მეზობელ ქვეყანასთან საზღვრების შეთანხმებისას.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე, რომლის ორგანიზაციაც ივერი მელაშვილს იცავს, „პუბლიკასთან“ საუბრობს, რატომ მისდევდა კომისია აზერბაიჯანთან საზღვრის შეთანხმებისას მაინცდამაინც 1938 წლის შეთანხმებას და არ იყენებდა რუკას, რომლითაც შეიძლებოდა დამატებით გარკვეული ტერიტორიები მიგვეღო. გიორგი მშვენიერაძე, ასევე, კომისიის წევრების მიმართ მედიაში გაჟღერებული სხვადასხვა ბრალდებისა და იმის შესახებაც საუბრობს, რეალურად რამდენი ხანია როგორც ხელისუფლებამ, ისე საქმის სხვა ფიგურანტებმა პროკურატურის მიერ დასახელებული რუკის შესახებ იციან.

დავიწყოთ, მოკლე ისტორიით, როგორ დაიწყო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის შეთანხმება საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში?

ათვლის წერტილად უნდა ავიღოთ 1938 წელი, როცა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, ისევე როგორც საქართველოსა და სომხეთს შორის და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, გაფორმდა საბჭოთა კავშირის შიდა სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება, რომლითაც მოხდა მრავალწლიანი პრობლემის გადაჭრა. პრობლემა დაკავშირებული იყო საზღვრების არარსებობასთან.

რატომ არ გვქონდა საზღვრები – 1922 წელს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო, როგორც ერთი ამიერკავკასიის გაერთიანებული სახელმწიფო ისე შეიყვანეს. მათ შორის საზღვრები დადგენილი არ იყო.

ამიტომ, იქ იყო დავა ბევრ ეპიზოდზე, ბევრ ნაკვეთზე. ეს იყო დიდი მთის ნაწილი, ჩრდილოეთ ქედი აზერბაიჯანთან და ასევე პრობლემური იყო დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორია – ეს ცხადად ჩანს 20-იან წლებში შედგენილი დოკუმენტებით. მათგან ერთ-ერთს ფილიპე მახარაძეც აწერს ხელს.

მათ შორის, საუბარია, რომ მუდმივი დაპირისპირებაა მწყემსებს შორის. იქ არის გამოსაზამთრებელი სახლები, რომლებსაც ხან ერთი მხარე დაიკავებდა, ხან მეორე და ეს იყო მუდმივი დაპირისპირების საგანი. მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევებიც იყო.

არის ერთი წერილიც, რომელშიც ქართული მხარე მიმართავდა აზერბაიჯანულ მხარეს, რომ მიეცათ საშუალება, ქართველ მწყემსებს ესარგებლათ დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიით, რადგან მეტი საძოვრები არ იყო და ამას შეიძლებოდა რამდენიმე ათასი სული პირუტყვის დაღუპვა გამოეწვია. მოკლედ, ამას სულ ეკონომიკური ასპექტი ჰქონდა და არა ისტორიულ-რელიგიური, როგორიც ახლა აქვს.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 1927-1929 წლებში გაფორმდა რამდენიმე ოქმიც, რომელიც ასევე ხელს აძლევდა აზერბაიჯანს 1938 წლის შეთანხმებულ საზღვრებთან შედარებით.

ივერი მელაშვილი ასევე იხსენებს, რომ 1935 წელს საქართველოსა და სომხეთს შორის გაფორმებულია ხელშეკრულებაც, რომელიც 1938 წლის მდგომარეობასთან შედარებით ხელს აძლევდა სომხეთს.

1938 წელს კი გაფორმდა ეს ხელშეკრულება, რომელიც 2 თებერვლითაა დათარიღებული. შემდეგ მარტსა და მაისში საქართველოსა და აზერბაიჯანის უმაღლესმა ხელისუფლებამ ის დაამტკიცა.

ამ ხელშეკრულებით ორივე მხარე თანხმდებოდა, რომ საზღვრის ხაზი გავლებული იქნებოდა 1:500 000-იანი რუკის შესაბამისად, რომელზეც ხელი მოაწერეს და ამ ხელშეკრულების ნაწილად იქცა. იქ ნათქვამია, რომ შესაძლებელია ყოფილიყო მცირე გადაცდომები, რომლებიც შემდეგ გამოსწორებულია უფრო დაბალი მასშტაბის რუკების გამოყენებით და ეს საკითხები ამ შეხვედრაზე დაზუსტდა. შესაბამისად, ეს რუკა დაერთო ხელშეკრულებას და არის ბოლო რუკა, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს შორის არის შეთანხმებული.

ზოგადად, როცა საზღვრის გავლება ხდება, პროცესი იწყება 1:50 000-იანი მასშტაბის რუკებით. ეს რუკები უნდა შედგეს, ეს არის შედარებით ზუსტი, მაღალი გარჩევადობის რუკები. ამის შემდეგ შეგიძლია გააკეთო, თუ აკეთებ სხვა რუკასაც გინდ 200 000-იანი, გინდ 500 000-იანი, მილიონიანი და ა.შ.

ჩვენ ისტორიულად მივიღეთ პირიქით. მაგრამ აქ იყო საინტერესო დეტალებიც. მაგალითად, 1941 წელს შედგენილია ახალი რუკები, რომლებიც 1:100 000-იანი მასშტაბით, ანუ ხუთჯერ უფრო ახლოს გვაძლევს საზღვარს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. ეს არის 41-42 წლის რუკები და ისინი ეფუძნებიან 1938 წლის რუკას.

ხოლო მოგვიანებით, 1945 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ, სავარაუდოდ, აზერბაიჯანის ხელისუფლების თხოვნით, ახალი შეთანხმება დადო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის და ახალი ცვლილებები შეიტანა ამ შეთანხმებაში. თუმცა, ამ შეთანხმებასაც სჭირდებოდა ორივე ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების დამოწმება. საქართველოს ხელისუფლებამ 1962 წელს დაამტკიცა ახალი საზღვრები, თუმცა ის არ დაუმოწმებია აზერბაიჯანს. ამ შეთანხმებით ჩვენ დამატებით 5 000 ჰექტარს ვკარგავდით.

რატომ ვიყენებთ დელიმიტაციის პროცესში 1938 წლის შეთანხმებას?

მას შემდეგ, რაც 1991 წელს დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და დადგა აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის საკითხი, ბუნებრივია აზერბაიჯანის ინტერესი იყო, რომ გამოეყენებინათ 1945 წლის შეთანხმება, ან გამოეყენებინათ 1991 წლისთვის არსებული სამეურნეო რუკები და არსებული მდგომარეობა, რომლითაც მათ ბევრად მეტი მიწები დარჩებოდათ.

ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაზე ლოგიკურად და გონივრულად ჩათვალა 1938 წლის შეთანხმების რუკის გამოყენება. ეს სწორი იყო სამართლებრივადაც, რადგან ეს შეთანხმება ორივე მხარის მიერ იყო რატიფიცირებული. ასევე გამართლებული იყო იმითაც, რომ სხვა ალტერნატივებთან შედარებით ყველაზე უკეთეს მდგომარეობაში აყენებდა საქართველოს.

1996 წლის 13 ივნისს გავაფორმეთ ერთობლივი სხდომის ოქმი თბილისში, სადაც სწორედ ეს საკითხი შეთანხმდა, რომ გამოყენებული იქნებოდა 1:500 000 მასშტაბის რუკა, რომელიც დამტკიცებული იყო 23 მარტის ჩვენი და 5 მაისის აზერბაიჯანის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტების დადგენილებით 1938 წელს.

შეთანხმდა ისიც, რომ მხარეები ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევენ, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრების დადგენის საფუძვლად ამ საზღვრის ხაზის მიღებას და აუცილებლობის შემთხვევაში, სხვა დოკუმენტების გამოყენებას.

სხვა დოკუმენტების გამოყენება საჭირო იყო იმის გამო, რომ, როცა დაბალ მასშტაბებზე დადიხარ, ერთმილიმეტრიანი ხაზი დაახლოებით ნიშნავს 110 მეტრს. 1:500 000-იანი რუკა გარკვეულ ცდომილებებს იძლეოდა. თუმცა, ჩვენი მხარე მთელი ამ პროცესის განმავლობაში ამბობდა, რომ თუ ჩვენ სხვა რამეს გამოვიყენებთ, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს 1938 წლის ხაზს, მხოლოდ უნდა აზუსტებდეს მას.

აზერბაიჯანს მცდელობა ჰქონდა, რომ გამოეყენებინათ 1927, 1929 წლის ოქმები, რომელიც სადავო ტერიტორიებზე საქართველოსა და აზერბაიჯანის კომისიების მუშაობის შედეგებს ეფუძნებოდა. აზერბაიჯანის პოზიცია იყო ის, რომ ამ ოქმებით შეიძლებოდა დაგვედგინა კოორდინატები, რადგან კოორდინატები არც შეთანხმებულ რუკას აქვს.

ეს ჩვენს ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. საქართველომ აზერბაიჯანის შემოთავაზება უარყო და თქვა, რომ 1938 წლის ხელშეკრულებამ გაანულა ყველაფერი, რაც მანამდე არსებულა და 1938 წლის შეთანხმება იყო საწყისი წერტილი.

სამაგიეროდ, ჩვენი კომისია სთავაზობდა 1942 წელს გამოცემულ რუკას, რომელიც შედარებით მაღალი გარჩევადობის იყო და მიუყვებოდა 1938 წლის საზღვრებს. ასევე იყენებდნენ, 70-იან, 80-იან, 90-იან წლებში შედგენილ 1:50 000 მასშტაბის რუკებს, რომლებიც უფრო მაღალი გარჩევადობის იყო და იყენებდნენ იქ, სადაც ეს რუკები 1938 წლის ხაზს შეესაბამებოდა. იმ შემთხვევებში, სადაც აცდენა იყო, ამ რუკებსაც არ გამოიყენებდნენ.

მოკლედ, ორივე მხარე აკეთებდა ალბომებს და შემდეგ ცვლიდნენ მათ. 1996 წელს, პირველი შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ საზღვრის მნიშვნელოვან ნაწილზე, დაახლოებით 260 კილომეტრამდე მანძილზე ვთანხმდებით, რომ არ გვაქვს გასაყოფი არაფერი და ცხადია, სად გადის საზღვარი. დანარჩენი 5 დიდი მონაკვეთი იყო სადავო, დაიყო ქვემონაკვეთებად და მათზე მუშაობა დაიწყო. სადავო მონაკვეთების ტერიტორია სულ 8 000 ჰექტარი იყო.

მალევე შეთანხმდა ორი პატარა სადავო მონაკვეთი 7-7-კილომეტრიანი ზოლი, ორივე მხარემ რაღაც პატარა კომპრომისი გააკეთა და ითქვა, რომ შეიძლება გამოყენებული იქნას ურთიერთგაცვლის პრინციპი. არსებობს ასეთი შეთანხმების მექანიზმი – კომპენსირების გზით, თუკი რაიმე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგალითად, ჩვენმა სოფელმა გადაიწია იქით, ჩვენ რაღაც შეიძლება დავუთმოთ მეორე მხარეს. ამ მუშაობის პროცესს ასეთი ურთიერთკომპენსირების მექანიზმიც ახლდა. 2007 წელს შეთანხმდა ასევე გარკვეული მონაკვეთები.

აზერბაიჯანი პერიოდულად იცვლიდა პოზიციებს, მას არ მოსწონდა უკვე 1938 წლის რუკით მიმდინარე პროცესი და მოითხოვა 1945 წლის რუკის გამოყენება. თქვა, რომ ნამდვილი 1945 წლის რუკაა, რომელმაც დააზუსტა ის უზუსტობები, რომლებიც ჰქონდა 1938 წლის რუკას. ჩვენ ეს უარვყავით, უარი ვთქვით ამაზე. შემდეგ მოითხოვა, რომ მოდი, 1991 წლის სამეურნეო მდგომარეობას გავყვეთ. ჩვენგან ამაზეც უარი მიიღეს. წლების განმავლობაში მიდის ეს პროცესი და ჩვენ დაჟინებით ვიყენებდით 1938 წლის საზღვრებს.

ეს იმიტომ, რომ თუკი ჩვენ გავცდებით ამ შეთანხმებას და ვიტყვით, რომ 1938 წლის რუკა არ გვინდა და გადავდივართ სხვა რუკაზე, რომელიც მას არ შეესაბამება, მეორე მხარეც ავტომატურად ამაზეც გადადის და მათ უფრო მეტი და მყარი არგუმენტი აქვთ საზღვრის სათავისოდ დასადგენად.

რატომ გადაწყდა, რომ არ გამოეყენებინათ 1937 წელს გამოცემული 1:200 000 მასშტაბის რუკა?

რაც შეეხება 1:200 000 მასშტაბის რუკას, ის არის 1932-1933 წლებში შედგენილი რუკების ნაწილი, რომლებიც 1934, 1937, 1939 წლებში სხვადასხვა მონაკვეთების მიხედვით იბეჭდებოდა. ამ რუკებს იცნობდა ჩვენი კომისია, იცნობდა 2004 წლამდეც. ჰქონდა მასზე მსჯელობა. თავიდან ქალბატონმა ნატალიამ მოიტანა და თავის დროზე კომისიაზე იმსჯელა.

მაშინ ითქვა, რომ ამ რუკის გამოყენება არ არის გამართლებული რამდენიმე მიზეზის გამო:

პირველი ის, რომ ჰქონდა ცდომილებები და ამ ცდომილებების გამო არსებითი აცდენა ჰქონდა 1938 წლის რუკასთან, არ ემთხვეოდა ძალიან ბევრ ეპიზოდში. ეს ცდომილებები აშკარაა თანამედროვე ბევრად უფრო ზუსტ რუკებთან ისეთი პუნქტების შედარებით, რომლებიც წლების განმავლობაში უცვლელი რჩება, იქნება ეს – მწვერვალი, ხიდი, რკინიგზა თუ სხვა.

მეორე, ის, რომ ეს იყო შედგენილი მიუფლინგის პროექტით. ცდომილებების წყარო შეიძლება იყოს თავად ეს პროექტიც, რადგან მიჩნეულია, რომ ამ პროექტით შედგენილ რუკებს აქვს ცდომილებები.

მესამე რაც ითქვა, არის ის, რომ ჩვენ არ უნდა ჩავიდეთ 1938 წლის ქვემოთ. 1938 წლის შეთანხმების დარღვევა ჩვენთვის „პანდორას ყუთის“ გახსნა იქნებოდა. თუკი წინა წლებისკენ წავიდოდით, მერე აზერბაიჯანს ბევრი რამის მოყვანა შეეძლებოდა მტკიცებულებად. მაგალითად 1927, 1929 წლების ოქმების, რომლითაც ჩვენ რეალურად დავკარგავდით გარკვეულ ტერიტორიებს. ამიტომ მივყვებოდით მხოლოდ 1938 წლის შეთანხმებაზე დაფუძნებულ საზღვრებს.

„ამ რუკის გამოყენების შემთხვევაშიც, პროკურატურა მხოლოდ იმ მონაკვეთებზე საუბრობს, რაც აზერბაიჯანის შემადგენლობაში აღმოჩნდა“
რას ედავებიან ივერი მელაშვილს?

ივერი მელაშვილს ედავებიან, რომ მას მაინც უნდა გამოეყენებინა და მოეთხოვა დამატებით დოკუმენტად 200-ათასიან რუკაზე დაყრდნობა და ამით ჩვენი მდგომარეობა უკეთესი იქნებოდა. ბატონი ივერი კი ამბობს, რომ ეს ზემოთ დასახელებული მიზეზების გამო არასერიოზული და არაპროფესიონალური გადაწყვეტილება იქნებოდა.

ასევე არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი – ივერი მელაშვილს პროკურატურა არ ედავება დავით გარეჯის მონაკვეთზე საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებას. ამის მიზეზი მარტივია – დავით გარეჯის მონაკვეთი დღემდე ღიად არის დატოვებული და მის შესახებ არ ყოფილა არანაირი შეთანხმება, არათუ სახელმწიფოების, არამედ კომისიის, ალბომების გაცვლის დონეზეც.

პროკურატურა ივერი მელაშვილს ედავება კომისიების დონეზე შეთანხმებულ მონაკვეთებს, რომლებიც, მათი აზრით, 1932-1933 წლებში შედგენილი (დაწუნებული) რუკის გამოყენებით საქართველოს შემადგენლობაში აღმოჩნდებოდა.

თუმცა, თავი რომ დავანებოთ, ამ რუკის ცდომილებებს, რის გამოც შეუძლებელი იყო მისი გამოყენება და თავი დავანებოთ 1938 წლის შეთანხმების მნიშვნელობას, ამ რუკის გამოყენების შემთხვევაშიც, პროკურატურა მხოლოდ იმ მონაკვეთებზე საუბრობს, რაც აზერბაიჯანის შემადგენლობაში აღმოჩნდა. არადა, იყო ისეთი მონაკვეთებიც, რომლებიც 1938 წლის რუკით ჩვენს შემადგენლობაშია, ამ რუკის გამოყენების შემთხვევაში კი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოექცეოდა. ის მიწები არ გაუზომავთ რამდენი აღმოჩნდებოდა და ცალმხრივად აწარმოეს გამოძიება. თუმცა, ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი არ არის, რადგან თავად ამ რუკის გამოყენების მიზანშეწონილობას ვაყენებთ ეჭვქვეშ.

საინტერესო არის ასევე ისიც, რომ ბოლო პერიოდში ამ 200 000-იანი რუკით აზერბაიჯანში ჩასულან ხელისუფლების წარმომადგენლები. არ ჩანს ზუსტი დრო, თუმცა, ეს მოხდა უკვე გახარიას პრემიერობის პერიოდში. რა თქმა უნდა, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. აზერბაიჯანში უთხრეს, რომ იცნობდნენ ამ რუკებს დიდი ხანია, მაგრამ მას ვერ გამოვიყენებდით.

ივერის რომ იგივე გაეკეთებინა, მასაც იმავეს ეტყოდნენ, რა მნიშვნელობა აქვს, რადგან მისი ცდომილებების გამო არ გამოვიდოდა ამ რუკის გამოყენება. ანუ, საბოლოოდ, ივერის დანაშაული ის არის, რომ თავისი თავი და ქვეყანა არაპროფესიულად და ვირეშმაკობით არ წარადგინა აზერბაიჯანის წინაშე და არ მოითხოვა იმ რუკის გამოყენება, რომელიც ისედაც ცხადი იყო, რომ ვერავინ გამოიყენებდა.

ამ საქმეში მონაწილე პირებისგან ირკვევა, რომ ამ რუკის გამოყენების შესახებ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ერთხელ უკვე იმსჯელეს. რატომ არ გამოიყენეს ეს რუკა აქამდე?

კი, საქმის მასალებიდანაც ჩანს, რომ წინა წლებში, ღარიბაშვილთან იყო შეხვედრა, სადაც იყო ამ თემაზე მსჯელობა, დეტალურად განიხილეს. ივერიმ წარადგინა საკუთარი არგუმენტები. ღარიბაშვილმა დაავალა ჯანელიძეს, ჯანელიძემ დაიწყო ამ 1:200 000 რუკის კიდევ ერთხელ გადამუშავება და შედარება. მერე სვანიძე იყო მისი თანამშრომელი, რომელმაც წარმოადგინა ეს შედარება. ჩანდა აცდენა, რაც იყო. მერე რამდენადაც ვიცით, კიდევ იყო მსჯელობა ამ საკითხზე, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროში და მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თქვა, რომ ვერ შეიცვლის პოზიციას, არასწორია ამის ცვლილება და მაინც 1938 წლის რუკის გამოყენება გადაწყვიტეს.

ხოლო ბოლო პერიოდში 2019 წელს კიდევ ერთხელ დადგა ეს საკითხი, მას შემდეგ, რაც კომისიიდან ივერი და ნატალია გამოვიდნენ. აქ კიდევ ერთი საინტერესო საკითხია, რომ პროკურატურის მტკიცებით, მათ ნატალია ილიჩოვას ოფისის ჩხრეკის შემდეგ ამოიღეს 1:200 000 მასშტაბის რუკა. არადა, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ რეალურად რუკა ამოიღეს იმ თანამშრომლისგან, ვინც კომისიაში ნატალია ილიჩოვა ჩაანაცვლა.

ნატალია ილიჩოვამ კომისიიდან გამოსვლის შემდეგ თავისი მასალები, რუკები გადასცდა ამ თანამშრომელს – ირმა გაბუნიას. ისინი მუშაობდნენ ერთ ოთახში, საიდანაც ჩხრეკის შემდეგ ამოიღეს რუკები, ოღონდ უკვე იმ თანამშრომლისგან, ვინც ილიჩოვა შეცვალა. ამას ჩვენებში ადასტურებს ის თანამშრომელიც და ნატალიაც. ასე რომ, ნატალია ილიჩოვას აღარ ჰქონდა რუკა და მით უმეტეს, არაფერი გადაუმალავს.

რას ამბობენ მოწმეები, რომლებზე დაყრდნობითაც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო?

ამ საქმის ძირითადი ფიგურანტებია ზაზა ონიანი (არქიმანდრიტი კირიონი), თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ნოდარ ხორბალაძე და მისი მოადგილე თედო გორგოძე; ასევე ბიზნესმენი დავით ხიდაშელი და ვინმე ბეჟან მაისურაძე, რომლებმაც 1:200 000 მასშტაბის რუკა რუსეთიდან ჩამოიტანეს.

პირველ რიგში, საქმის მასალებიდან ჩანს, რომ მონასტრის წინამძღვარის, კირიონის ჩვენება არის წმინდა ემოციურ-პატრიოტული. საუბრობს ქვეყნის დამაქცევრებზე და ქვეყნის გამყიდველებზე. ასევე მოყვანილი აქვს ტყუილი ფაქტები, მაგალითად, თითქოსდა ერთ-ერთი შეხვედრა კომისიებს შორის მონასტრის სატრაპეზოში გაიმართა, რასაც კატეგორიულად უარყოფს ივერი მელაშვილი და ამბობს, რომ აბსურდულია იმის მტკიცება, თითქოს კომისიები სატრაპეზოში მართავდნენ შეხვედრას.

ბატონი ხორბალაძე და მისი მოადგილე ამტკიცებენ, რომ ეს 1932-33 წელს შედგენილი რუკებია, რასაც დაეფუძნა 38 წლის 1:500 000 მასშტაბის რუკა. მათი მტკიცებით, ამიტომ უნდა მოხდეს მათი გამოყენება და ამით საქართველო იხეირებს. მაგრამ რეალურად, თუ ის რუკა იქნებოდა 1938 წლის რუკის საფუძველი, მაშინ მათ შორის თვალშისაცემი აცდენები არ იქნებოდა. 1932-33 წლებში შედგენილ რუკას კი ძალიან თვალსაჩინო აცდენები აქვს.

ისინი ამტკიცებენ იმასაც, რომ რადგან 1936 წელს მიიღო საბჭოთა კავშირმა კონსტიტუცია, მაგის გამო ეს 1932-33 წლებში შედგენილი რუკა, რომელიც 1937 წელს დაიბეჭდა, თითქოსდა „კონსტიტუციურია“. ეს საერთოდ აბსურდული განცხადებაა. თანაც, ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის საზღვარი სწორედ 1938 წლის შეთანხმებით დადგინდა.

ახლა რაც შეეხება დავით ხიდაშელსა და ბეჟან მაისურაძეს. დავით ხიდაშელი ამბობს, რომ ის კარტოგრაფიით არის გატაცებული და წლებია, რუკებს აგროვებს. საქმის მასალების მიხედვით, ბატონმა ბეჟან მაისურაძემ და ხიდაშელმა თავისი ინიციატივით მიმართეს თავდაცვის სამინისტროს და უთხრეს, რომ მზად არიან ემსახურონ.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ხორბალაძე კი მედიასთან ამბობდა, რომ ხიდაშელთან ის ირაკლი ღარიბაშვილმა დააკავშირა.

თუმცა, საინტერესოა ის, რომ ხორბალაძესა და მის მოადგილეს 1932-33 წლებში შედგენილი რუკა წლებით ადრე აქვთ ნანახი. ეს სულ მარტივად მტკიცდება: მათ აქვთ გამოქვეყნებული კვლევა, რომელშიც ეს რუკაც არის ჩადებული. ასევე, რუკის ერთ-ერთი დედანი თავდაცვის სამინისტროში ინახებოდა, მას შემდეგ, რაც ამ უწყებას ის საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა გადასცა. ასე რომ, დავით ხიდაშელის მიერ მოძიებული რუკის ჩამოტანას მნიშვნელობა არ უნდა ჰქონოდა. ეს რუკა, რომელიც 1932 წელს არის შედგენილი, ინტერნეტში საჯაროდაც არის ხელმისაწვდომი.

ასე რომ, რეალურად, რუკების ორიგინალების ჩამოტანის თემა არის მეორეხარისხოვანი, რადგან რუკების ორიგინალი საქართველოშიც არსებობდა და მანამდეც შეიძლებოდა მათი შედარება.

ასე რომ, ამ 1:200 000 მასშტაბის რუკის აქამდე გამოყენებაზე არანაირი პრობლემა არ ყოფილა, არც ის, რომ თითქოს ბეჭედი არ ჰქონდა ან არ ჰქონდათ დედანი. სინამდვილეში, უბრალოდ შედეგს არ გვაძლევდა ეს რუკა, გამოსადეგი არ იყო.