„მოვითხოვთ, აიკრძალოს რუსული კულტურის ცენტრის გახსნა საქართველოში, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და წარმოადგენს ჯაშუშობის საფარს”, – თავისუფლების ინსტიტუტის ინიციატივით რუსული კულტურის ცენტრის გახსნის წინააღმდეგ პეტიცია ვრცელდება.
„რუსული კულტურის ცეტრის საქართველოს ტერიტორიაზე ამოქმედება ქვეყანაში რუსეთის ჯაშუშური საქმიანობისთვის კარის ღიად გახსნაა. 2008 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის პასუხად, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. შესაბამისად, რუსულ სახელმწიფო ორგანიზაციას არ აქვს უფლება საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობა წამოიწყოს, მანამ სანამ არ აღმოიფხვრება ის მიზეზები, რის გამოც დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა.
რუსეთმა არა მხოლოდ მოახდინა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია არამედ ამ ტერიტორიებზე განახორციელა ომამდელი მოსახლეობის უმრავლესობის ეთნიკური წმენდა და ამჟამად უარს აცხადებს ამ დანაშაულის შედეგების აღმოფხვრასა და დევნილთა საკუთრების უფლებების აღდგენაზე, რუსეთი ახლაც არ აღიარებს საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, რის გამოც სრულიად მიუღებელია კულტურის ცენტრის საფარქვეშ მტრული სახელმწიფოს მიერ საქართველოში მსგავსი ცენტრის დაარსება.
საქართველოს უსაფრთხოების დასაცავად, უნდა აიკრძალოს რუსეთის ხელდასმით ინიცირებული ნებისმიერი ამგვარი კერძო თუ მით უმეტეს პირდაპირ ოკუპანტი ქვეყნის მთავრობის ოფიციალური ინიციატივის საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელება.
2019 წლის 28 ნოემბერს, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს გრიგორი კარასინს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, კარასინმა დეკემბერში თბილისში ეგრეთწოდებული რუსული კულტურის ცენტრის გახსნა დააანონსა.
ცხადია, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატში რუსეთთან გამართულ ორმხრივ მოლაპარაკებებში, რომელშიც არ მონაწილეობენ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები, ზურაბ აბაშიძე არ იცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და აუცილებელია გაუქმდეს ეს ფორმატი ხოლო აბაშიძე ჩამოშორდეს რუსეთთან მოლაპარაკებებს.
ოფიციალურად რუსული კულტურის ცენტრების მიზანი ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებაა, თუმცა როგორც ისტორიული ისე თანამედროვე გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ამგვარი დაწესებულებები, არაერთ ქვეყანაში, რუსეთის დაზვერვის საფრად გამოიყენება.
მაგალითად, აშშ-ში რუსული კულტურის ცენტრის ბოლო ორი ხელმძღვანელი ამერიკის ფედერალური გამოძიების ბიუროს (FBI) მიერ ჯაშუშად იქნა ცნობილი და ერთერთი მათგანი 2018 წელს ქვეყნიდან გააძევეს. ასევე, პარიზში 2016 წელს გახსნილი რუსული კულტურის ცენტრიც, სავარაუდო ჯაშუშური საქმიანობის გამო, ელჩების და ჟურნალისტების მიერ რისკისშემცველად შეფასდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინსტროს დაქვემდებარებაში მოქმედი კულტურის ცენტრები 1925 წელს დაარსებული უცხოეთთან კულტურული კავშირების სრულიად საკავშირო საზოგადოების სამართლამემკვირეა. საბჭოთა დროს ეს ორგანიზაცია პროპაგანდისტული საქმიანობის და დაზვერვის მუშაობის საფარად გამოიყენებოდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოქმედი მსგავსი ორგანოს ხელმძღვანელი 1988-1993 წლებში ზურაბ აბაშიძეც იყო.
საქართველოს ტერიტორიის ერთ მეხუთედზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის ჯარის მიერ. ამ ტერიტორიებზე მუდმივად ირღვევა საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები. რუსეთს დაქვემდებარებული რეჟიმები ყოველდღიურად უკანონოდ უზღუდავენ მოქალაქეებს გადაადგილების თავისუფლებას, რაც ოკუპირებულ რეგიონებში უმძიმეს ჰუმანიტარულ ვითარებას ქმნის.
მოსახლეობას ხშირად არ აქვს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობაც კი. ამ პირობებში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღემდე პატიმრობაში იმყოფება. საოკუპაციო რეჟიმის ხელში, მანამდე სიცოცხლეს გამოასალმეს გიგა ოთხოზორია, რომელიც უკანონოდ აღმართულ ხურჩა–ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს და შემდეგ – ცხინვალის რეგიონში უკანონოდ დაკავებული ახალგორის მუნიციპალიტეტის მკვიდრი არჩილ ტატუნაშვილი.
ყველა ამ წინაპირობის გათვალისწინებით, გაუმართლებლად მიგვაჩნია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ფილიალის გახსნა თბილისში. საქართველოს მთავრობისგან მოვითხოვთ ნუ დაამძიმებენ უსაფრთხოების თვალსაზრისით ქვეყნის ისედაც მძიმე მდგომარეობას და ნუ მისცემენ მტერს ახალ ინსტრუმენტს, რომელსაც იგი ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ გამოიყენებს”, – ნათქვამია პეტიციის ტექსტში.