სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დღეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილი შეიარაღებული პირის საქმეს ეხმაურება. მისი თქმით, არ შეიძლება შეიარაღებული თავდასხმის რომანტიზება.
„როდესაც მძევლები თავისუფლები არიან და თავდამსხმელი დაკავებულია და არავის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ვიტყვი, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მძევლად აყვანის, ან შეიარაღებული თავდასხმის რომანტიზება, გამართლება, ან ირიბი მხარდაჭერის გამოცხადება. ასე იწყება ტერორიზმი!
სოციალურ და პოლიტიკურ მოთხოვნებზე სასაუბროდ, საჩხუბრად და საბრძოლველადაც არსებობს პარლამენტი და დღევანდელმა შემთხვევამ იქნებ დააფიქროს ყველა – პირველ რიგში ხელისუფლება და შემდეგ ოპოზიციაც, რა პერსპექტივა გველოდება უპარლამენტო ქვეყანაში ( ერთპარტიულ პარლამენტში), სადაც ადამიანების გაუსაძლის ყოფაზე სასაუბრო სივრცეც კი არ იქნება, “- ამბობს ნინო ლომჯარია.
დღეს, 19:00 საათისთვის წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა პირი, რომელმაც 9 ადამიანი მძევლად აიყვანა.