„რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ღონისძიება წარმატებით დასრულდა“ - სირაძე

პუბლიკა

„რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ღონისძიება წარმატებით დასრულდა“, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილი პირი იყო შეარაღებული და ის დაკავებულია.

„მოლაპარაკებებისა და სპეციალური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად არის გათავისუფლებული. ასევე, შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, – თქვა მან.

სირაძის თქმით, დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.


დღეს, 19:00 საათისთვის წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა პირი, რომელმაც 9 ადამიანი მძევლად აიყვანა.


სოციალურ ქსელში წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის ვიდეომიმართვა გავრცელდა. ვიდეომიმართვის მიხედვით, თავდამსხმელი სამ მოთხოვნას ასახელებდა. ის მოითხოვდა, რომ პარლამენტში შეიკრიბონ დეპუტატები და მიიღონ სამი კანონი.

„აიკრძალოს ყველა აკრძალული თამაში. არა აქვს მნიშვნელობა, ინტერნეტსივრცეში იქნება თუ სხვაგან. ბანკებს მიეცეთ უფლება, რომ წლიური პროცენტი… დავიღალეთ, აღარ შეგვიძლია, ყველას, ვისაც აქვს სესხი, მთელ საქართველოს გადაუტანონ 7%-ში. მესამე – შეამცირეთ წამლების ფასი; ფარმაცევტულ კომპანიებს მივცეთ მხოლოდ 10% მოგების უფლება“, – აცხადებდა თავდამსხმელი