ხელისუფლების რიტორიკა აღიქმება მუქარად ოპოზიციური პარტიების მისამართით | NGO-ები „ოცნების“ ინიციატივებზე

პუბლიკა

„ხელმომწერი ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ ხელისუფლების მიერ გაცხადებულ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც არსობრივად მიზნად ისახავს ოპოზიციური პარტიებისთვის სანქციების დაწესებას მათ მიერ გამოხატული პროტესტის გამო, რაც ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ საკუთარ მანდატებზე უარის თქმაში გამოიხატა“, – აცხადებენ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები.

ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს 10-ზე მეტი ორგანიზაცია აწერს, ნათქვამია, რომ საქართველო იმყოფება ფართომასშტაბიან და მრავალმხრივ კრიზისულ სიტუაციაში, რომელზეც პასუხისმგებლობა პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება.

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ერთდროულად ჯანდაცვის, მართლმსაჯულების, ეკონომიკის სფეროებსა და პოლიტიკურ ცხოვრებაში არსებული მძიმე კრიზისი დრამატულად აისახება საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების ცხოვრების ხარისხზე და როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.

„აღნიშნული ვითარების ფონზე, მაშინ, როდესაც ხელისუფლების ყველა შტო მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანას და გამოსავლის ძიებას, განსაკუთრებით შემაშფოთებელია მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები ოპოზიციური პარტიებისთვის საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით და ამ მიზნით კანონპროექტების ინიცირება, რაც მათ შორის დაკავშირებულია მათთვის საბიუჯეტო დაფინანსებისა და მომდევნო არჩევნებისთვის უფასო საეთერო დროის გაუქმებასთან (შეზღუდვასთან).

მსგავსი განცხადებები კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება სათანადოდ ვერ აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას არსებული კრიზისების გადაჭრის პროცესში, ხოლო მისი რიტორიკა აღიქმება როგორც მუქარა ოპოზიციური პარტიების მისამართით – იმოქმედონ ხელისუფლების დირექტივების შესაბამისად, რათა არ გახდნენ მმართველი პარტიის მხრიდან სანქციების მსხვერპლნი“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

  1. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
  2. საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველო (TI Georgia);
  3. დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD);
  4. მედიის განვითარების ფონდი (MDF);
  5. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
  6. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
  7. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC);
  8. ღია საზოგადოების ფონდი (OSGF);
  9. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  10. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR);
  11. საფარი
  12. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI

„გუშინ პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ არის მიმართული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და განმარტა, რომ აღნიშნული პაკეტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტას და შეჩერებას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომელიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს ან რომელთა წარდგენით არჩეული დეპუტატები არასაპატიო მიზეზით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს.

გარდა ამისა, პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტი, იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს.