„შანტაჟი, ტერორი, მუქარა“ | ოპოზიცია „ქართული ოცნების" კანონპროექტებზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ ე.წ. „საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ“ საკანონმდებლო პაკეტსა და პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების კანონპროექტს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადებები შანტაჟი და მუქარა იყო.

დეკანოიძის განცხადებით, მმართველ პარტიას ოპოზიციის პარლამენტში შეყვანა სურს, რის გამოც ამგვარ გზებსაც არ ერიდება.

„ჩვენ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად არ გვაშინებს არც მათი მუქარა, არც შანტაჟი და არც ე.წ. გაფრთხილება. ასევე, არ გვაშინებს ღიად იმაზე საუბარი, რომ თქვენ ფულს არ მოგცემთო და შედარებით მცირე პარტიებსაც ემუქრებიან…

კარგია, რომ პარტიებს დაემუქრნენ. მერე რა პასუხს მიიღებენ საერთაშორისო საზოგადოებისგან, ამას ძალიან მალე ვნახავთ. განწყობა, რომელიც არის ივანიშვილის მიმართ, არსად არ გამქრალა, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

პარტიები ბოიკოტს აცხადებენ ზუსტად იმ ანტისახელმწიფოებრივი კრიმინალური აქტის გამო, რომელიც მათ ჩაიდინეს არჩევნების გაყალბებით. პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზა არის ვადამდელი არჩევნები“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„ჩვენ ვიხილეთ შეშინებული ღლაპის სიტყვებით გამოხატული დიარეა“, – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ირაკლი კობახიძის გამოსვლა.

უგულავას თქმით, პარტიული დაფინანსება მეტი დემოკრატიულობისა და პარტიების მრავალფეროვნებისთვის არსებობს, ხოლო მისი გაუქმება არათუ შეცვლის ოპოზიციის გადაწყვეტილებას, არამედ კიდევ უფრო კონსოლიდირებულს გახდის მას.

„შინაარსს რაც შეეხება, არის ანტიკონსტიტუციური, ბოდვა და თუ ის პარტიებს გაუუქმებს კუთვნილ საბიუჯეტო დაფინანსებას, რაც პარტიების მრავალფეროვებისთვის არსებობს, ეს კიდევ ერთხელ მიგვიყვანს, უკვე დე ფაქტო, ერთპარტიულ სიტუაციამდე. პარტიები არ გაუქმდებიან, მიუხედავად იმისა, რომ მათ ასევე ენმ-ის გაუქმება დააანონსეს, პარტიები უფრო კონსოლიდირებული გახდებიან ამ ბრძოლაში“, – განაცხადა უგულავამ.

ტერორად და მუქარის მცდელობად აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებას „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე.

მისი თქმით, ამგვარი ინიციატივებით იწყება ერთპარტიული დიქტატურის ფორმულირება, ამ კანონის მიღება კი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

„კონსტიტუციაში შავით თეთრზე წერია, რომ ნებისმიერი კანონი, რომელიც არსებულ ვითარებას გააუარესებს, არ შეიძლება იყოს კონსტიტუციური, ამიტომ ეს კანონი რომც მიიღონ, იქნება არაკონსტიტუციური. მიხეილ სააკაშვილისთვის მოფიქრებული ცვლილება შესაძლოა, სხვა პარტიებზეც გავრცელდეს, რადგან ხომ შეიძლება სხვა პარტიიდანაც დაიჭირონ ვინმე ან საქმე აღძრან“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

„კობახიძის დღევანდელი გზავნილები იყო სახელმწიფოებრივად სახიფათო, ადამიანურად მძიმე მოსასმენი, სამართლებრივად ანტიკონსტიტუციური და პოლიტიკურად დამარცხებული ძალის ხმა”, – ასე შეაფასა „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა კობახიძის განცხადება.

„პოლიტიკურად გამარჯვებული ძალები ასე არ საუბრობენ. გამარჯვებული პოლიტიკური ძალა ასეთ აგონიაში არ ვარდება. როდესაც უმრავლესობის ლიდერი დღისით, მზისით, მთელი მედიის თანდასწრებით საწადელის მისაღწევად არ ერიდება შანტაჟისა და მუქარის ენის პირდაპირ გამოყენებას ოპოზიციის ლიდერების მიმართ, ვინმეს შეიძლება, ეჭვი შეეპაროს, რას გააკეთებს ეს პოლიტიკური ძალა დახურულ კარს მიღმა წინასაარჩევნოდ, რომ საწადელს მიაღწიოს. როგორ დაატერორებს საჯარო მოხელეებს, აიპებში დასაქმებულ ადამიანებს და ნებისმიერ პირს, ვისზეც მათ ოდნავი გავლენის ბერკეტი აქვთ. როცა საჯაროდ ასეთი ხარ, დახურულ კარს მიღმა რაღა იქნები“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

„არც ერთი პარტია და პოლიტიკოსი იმის გამო, რომ დაფინანსებას აუკრძალავენ, რეგისტრაციას გააუქმებენ, სარეკლამო დროს წაართმევენ, არ შევა პარლამენტში და არ უღალატებს თავის ხალხს, ისტორიას, შვილებს და ჩვენი ქვეყნის მომავალს. დახვრეტაც რომ მოგვისაჯონ, არსად შევალთ, ვიდრე არ დავამხობთ ივანიშვილის უკანონო არადემოკრატიულ რეჟიმს მშვიდობიანი მეთოდებით, რა თქმა უნდა“, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.

„გირჩის“ თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ისინი არ იღებენ საბიუჯეტო დაფინანსებას და, შესაბამისად, ინიცირებული კანონპროექტები არ ეხებათ, თუმცა ხვიჩია არ იწონებს კობახიძის ინიციატივას, დაფინანსების წესის ცვლილების შესახებ და მას მუქარად აფასებს. რაც შეეხება საარჩევნო რეგისტრაციის მოხსნის შესახებ კანონპროექტს, ხვიჩია მას აბსურდად აფასებს.

„მინდა, რომ სხვა პოლიტიკური პარტიებიც ჩემს მდგომარეობაში იყვნენ, ფეხებზე ეკიდოთ, როგორ ემუქრება კობახიძე და რადგანაც ეს განცდა არ არის ჯერ სხვა პოლიტიკურ პარტიებში და მათთვის მნიშვნელოვანია, რომ კობახიძე ემუქრებათ, მე სოლიდარობას ვუცხადებ ჩემს კოლეგებს ყველგან, სადაც მეტყვიან.

ვამბობ, რომ ეს მუქარა არის და მათ შორის მუქარის რაღაც ნაწილი შეიძლება სწორიც კი ყოფილიყო მშვიდობიანობის დროს, მაგრამ ასეთ დროს ამის თქმა იმასთან ერთად, რომ გააუქმებ ვიღაცის რეგისტრაციას, არის მუქარა პილიტიკურ პარტიებზე“, – განაცხადა ხვიჩიამ და მოუწოდა პარტიებს, ისეთი „თავდაჯერება“ ჰქონდეთ, როგორიც „გირჩს“ აქვს.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გოჩა თევდორაძე აცხადებს, რომ „ოცნებას“ მსგავსი განცხადებებით ქვეყანა უფრო ღრმა კრიზისში შეჰყავს. ის ამბობს, რომ მისი პარტია დაფინანსებას 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე იღებს და ეს ინიციატივა მის პარტიას პირდაპირ არ ეხება.

„საუბარი არის იმაზე, რომ სარეკლამო დროც არ ჰქონდეთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც საპარლამენტო ცხოვრებაში არ მიიღებენ მონაწილეობას. ეს საკითხიც არ არის დღეს აქტუალური, რადგან არჩევნებამდე ჯერ კიდევ ერთი წელია. თუ „ქართული ოცნება“ ასეთ ქმედებებს გააგრძელებს, ის ვერ იქნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქვეყნის სათავეში. თავისთავად, ეს კანონმდებლობაც სხვანაირად იქნება ჩამოყალიბებული და არა ისე არადემოკრატიულად, როგორც ეს სურს „ქართულ ოცნებას“ და კობახიძეს“, – განაცხადა თევდორაძემ.

ოპოზიციას სოლიდარობას უცხადებს „მოქალაქეებიც“.

„კანონპროექტის არავის არ ეშინია, მით უმეტეს, ეს კანონპროექტი ჩვენ საერთოდ არ გვეხება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა, რომლის თქმითაც, თუ პარტიები ბოიკოტის რეჟიმში არიან, დაფინანსების მოთხოვნა არასწორია.

„ასეთი კანონპროექტით,  ბოიკოტის საკითხს ვერ გადაწყვეტენ, ვერც ოპოზიციაში შეიტანენ რაღაც დრამატულ განხეთქილებას. ერთადერთი, მივიჩნევთ, რომ ოპოზიციამ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა დაუთმოს მოლაპარაკებების პროცესს და მოინდომოს, საბოლოო ჯამში, ყველაფერი დასრულდეს შეთანხმებით“, – განაცხადა იოსელიანმა.


„გუშინ პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ არის მიმართული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და განმარტა, რომ აღნიშნული პაკეტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტას და შეჩერებას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომელიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს ან რომელთა წარდგენით არჩეული დეპუტატები არასაპატიო მიზეზით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს.

გარდა ამისა, პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტი, იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს.