კანონპროექტი „საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ“ | რა რეგულაციების დაწესება იგეგმება პარტიებისთვის

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრლებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ პარლამენტში გუშინ, 16 დეკემბერს რამდენიმე კანონპროექტის პაკეტი დაინიცირდა. ერთ-ერთი შეეხება პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებას.

„გაცნობებთ, რომ გუშინ პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ არის მიმართული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და განმარტა, რომ აღნიშნული პაკეტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტას და შეჩერებას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომელიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს ან რომელთა წარდგენით არჩეული დეპუტატები არასაპატიო მიზეზით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს.

„აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, პარტიას, რომლის წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების თანახმად, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით.

გარდა ამისა, პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილება ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების განულებას პარლამენტის იმ წევრებისთვის, რომლებიც თვის განმავლობაში არც ერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.

საპარლამენტო საბოტაჟი, რომელსაც მიმართავენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი შანტაჟისა და ბულინგის ქვეშ მოქმედი სხვა პოლიტიკური გაერთიანებები, არის სახელმწიფოს და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რაც სათანადო სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტი მომავალი კვირის ბოლომდე დაამტკიცებს.