თბილისის მერს კახა კალაძეს დღეს ვარკეთილში დაგეგმილ გამწვანების ღონისძიებაზე საპროტესტო აქციით დახვდნენ. ადგილობრივები 33-ე დღეა „ანას ბაღის“ ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებენ. ისინი მერს მშნებლობის ადგილმონაცვლეობას სთავაზობენ.
კახა კალაძემ აქციის მონაწილეთა საპასუხოდ განაცხადა, რომ ვარკეთილში დაგეგმილ მშენებლობაზე ადგილმონაცვლეობა ვერ მოხდება, რადგან მერიას ამის რესურსი არ აქვს.
„დედაქალაქის მერიას აქვს პრიორიტეტები, როგორიც იყო, მაგალითად, ვაკის პარკში 9-სართულიანი შენობის განთავსება – ეს მიუღებელი იყო ურბანული განვითარების თვალსაზრისით“, – აცხადებს კახა კალაძე.
თბილისის მერის თქმით, როდესაც „ანას ბაღის” საკითხზე კითხვები გაჩნდა, მშენებლობის ნებართვა შეჩერდა და შემოწმდა მისი კანონიერება, შედეგად დადგინდა, რომ ის სწორად იყო გაცემული.
„მე რატომ უნდა ავიღო ძველ გაცემულ ნებართვაზე პასუხისმგებლობა? „მე არ მინდა იქ ავაშენო“ – ეს არ არის სწორი. მე მოსახლეობასთან შეხვედრის პრობლემა არ მქონია, როდესაც არასწორს ითხოვთ, ეს არასწორია“, – უპასუხა კალაძემ ადგილობრივებს.
მერს თან ახლდა საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი, რომელმაც აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ასე მიმართ: მაგარი მოუქოქიხარ, ყოჩაღ! კარგი მოძღვარი გყავს.
2018 წლის 26 მარტს თბილისის მერიამ ადგილობრივი მოსახლეობის ადმინისტრაციულ საჩივარზე გადაწყვეტილება მიიღო და „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“ მშენებლობის ნებართვა ბათილად ცნო, რადგან ყველა გარემოება მხედველობაში მიღებული არ ყოფილა.
თუმცა მოგვიანებით კომპანიამ ისევ მიმართა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს მშენებლობის ნებართვის მისაღებად და მერიამ ნებართვა კვლავ გასცა.
სკვერი-საბავშვო მოედანი [„ანას ბაღი“] ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის 22-ე კორპუსის წინ 2014 წელს მოეწყო. სკვერს ეს სახელი ერთ-ერთი ადგილობრივის გარდაცვლილი შვილიშვილის პატივსაცემად დაარქვეს. სამეზობლო უკვე 3 წელზე მეტია საპროტესტო აქციებს მართავს.