შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, 1-ელ თებერვალს დაანონსებულ ბაზრებისა და მოლების გახსნის ეტაპებზე ისაუბრა.
„მიმდინარე კვირაში ჩვენ, ეკონომიკის სამინისტროსთან და ბიზნესომბუდსმენთან ერთად კვლავ შევხვდებით ბიზნესის წარმომადგენლებს. როგორც იცით, 1-ლი ეტაპი დაანონსებულია 1-ლი თებერვლიდან, რომ მოხდება ბაზრებისა და მოლების ფუნქციონირების განახლება“, – აღნიშნა ბექა ფერაძემ.
მისი განცხადებით, ამ შემთხვევაში საუბარია მსხვილ ქალაქებზე, სადაც მეტი ობიექტია წარმოდგენილი და ადამიანების თავშეყრაც მეტად ხდება.
„შესაბამისად, მათთვის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულია შესაბამისი ელექტრონული პლატფორმა, სადაც ძალიან მარტივი, ბიუროკრატიული პროცესების გარეშე ბიზნესი დარეგისტრირდება და ამ რეგისტრაციის საშუალებით, რომელიც მიმდინარე კვირაში იქნება ცხადი და დეტალური, მოხდება ტესტირება. ეს ტესტირების შემდგომი პროცესი ითვალისწინებს უკვე 1-ლი თებერვლიდან საქმიანობის განახლებას“, – განმარტა ფერაძემ.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის თქმით, ეტაპობრივად, ამავე მექანიზმებით ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიებები ეკონომიკის გახსნის მიმართულებით და ეკონომიკა ეტაპობრივად გაიხსნება.
„1-ლი, როგორც გითხარით, ეს არის ბაზრებისა და მოლების საქმიანობის განახლება, რომელიც მოხდება ტესტირების საფუძველზე. და ეს ტესტირება არის დამატებითი მექანიზმი – ყველა ის პროტოკოლი, რომელიც მანამდეც იყო განსაზღვრული ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, რჩება ძალაში და მოქმედებს დამატებითი ტესტირება, რომელიც უზრუნველყოფს პრევენციას, იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, დავიცვათ თითოეული დასაქმებული და, მეორე მხრივ, მოქალაქე, რომელიც ასეთ ობიექტებზე ხშირად დადის; ამ შემთხვევაში მე-3 დადებითი მხარეა ის, რომ თუ ბიზნესი აღმოაჩენს, რომ შიდა გავრცელებაა და მყისიერად მიიღებს ზომებს, ეს იქნება გარანტი იმისა, რომ შენარჩუნდეს მათი ეკონომიკური მდგრადობა“, – აღნიშნა ბექა ფერაძემ.