AstraZeneca უარყოფს ინფორმაციას, რომ მისი ვაქცინა ხანშიშესულებისთვის ნაკლებად ეფექტიანია

პუბლიკა

ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მისი ვაქცინა 65 წელს ზემოთ მყოფი ადამიანებისთვის ნაკლებად ეფექტიანია.

ვაქცინის შესაძლო არაეფექტიანობაზე ინფორმაცია გერმანულ მედიაში გავრცელდა. წერდნენ, რომ AstraZeneca-ს ევროკავშირისგან შესაძლოა, ნებართვა ვერ მიეღო ხანშიშესული ადამიანების ვაქცინაციისთვის. გერმანული გაზეთების Handelsblatt-სა და Bild-ის მიხედვით, ვაქცინის ეფექტიანობა 65 წელს ზემოთ მყოფ პირებში 10%-ზე ნაკლები იყო.

ამის გამო, გერმანიის ოფიციალური პირები შიშობდნენ, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca-ს ერთობლივ ვაქცინას ევროკავშირის შესაბამისი ორგანო EMA ხანშიშესული ადამიანების ვაქცინაციისთვის არ დაამტკიცებდა. გავრცელებული ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინის წარმოებასთანაც  ჰქონდა შეფერხება. რამაც, როგორც The Reuters წერს, ევროპის ქვეყნები შეაშფოთა.

თუმცა, The Reuters წერს, რომ კომპანია AstraZeneca გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას და მას „სრულიად არასწორი“ უწოდა. კომპანიის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის ვაქცინაციისა და იმუნიზაციის კომიტეტი მხარს უჭერდა ხანშიშესული ადამიანების აცრას მათი ვაქცინით. რომელთა ანალიზმაც შემდეგ ძლიერი იმუნიტეტი აჩვენა.

დიდი ბრიტანეთი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც 30 დეკემბერს ოქსფორდის უნივერსიტეტისა და კომპანია AstraZeneca-ს ერთობლივი ვაქცინა იმუნიზაციის პროგრამაში ჩართო, მაგრამ ასაკობრივი ზღვარი არ დაუწესებია.

The Reuters -ის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში AstraZenec -ს ვაქცინის კვლევებში მეტწილად 55 წლამდე პირები იყვნენ ჩართულები, რადგან კომპანიამ კვლევა სამედიცინო პერსონალით დაიწყო. მოგვიანებით, ვაქცინის ცდებში ხანშიშესული მოხალისეებიც ჩაერთვნენ. თუმცა, მათ შესახებ დეტალური ანალიზი ჯერ არ გამოქვეყნებულა.

სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში 8 დეკემბერს გამოქვეყნებულ მასალაში, ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრები წერდნენ, რომ კორონავირუსის ვაქცინის მთავარი კვლევები ნაკლებ ინფორმაციას იძლევა უშუალოდ ხანშიშესულ ადამიანებზე, მათი მცირე რაოდენობის გამო. თუმცა მომდევნო პუბლიკაციებში მათ შესახებ მეტი მონაცემები იქნება.