თებერვლის შუა რიცხვებიდან თებერვლის ბოლომდე ქვეყანაში შემოვა Pfizer-ის 29 250 დოზა ვაქცინა - გაბუნია

პუბლიკა

მივიღეთ საბოლოო დასტური იმის შესახებ, რომ ქვეყანა თებერვლის შუა რიცხვებიდან თებერვლის ბოლომდე მიიღებს Pfizer-ის ვაქცინას 29 250 დოზის ოდენობით, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჯანდაცვის სფერო პირველი ჯგუფის პრიორიტეტია, რომლის აცრაც მოხდება. ვაქცინაცია შემდეგ უკვე დანარჩენი პრიორიტეტული ჯგუფებისთვის გაგრძელდება. ეს არის გრძელვადიან დაწესებულებებში მცხოვრები ბენეფიციარები და მათი მომვლელები. ამის შემდეგ ის ასაკობრივი ჯგუფები, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის მატარებლები არიან – 75 წლის ზემოთ მოსახლეობა, 65 – წლიდან 75- წლამდე ქრონიკული დაავადების მქონე პირები. ასევე, სტრატეგიული სერვისების მიმწოდებელი პირები, როგორიც არის ჯარი, პოლიცია, პედაგოგები. ამას შემდეგ მოჰყვება სხვა მოსახლეობა.

2021 წლის ბოლომდე ჯამურად დაგეგმილია 60%-ის მოცვა. ძალიან დიდი მიღწევაა ის, რომ ქვეყანა პირველ დოზებს მიიღებს იმაზე ადრე, ვიდრე ეს ბევრ სხვა ქვეყანაში მოხერხდა. ძალიან მალე დავიწყებთ ვაქცინაციის პროცესს და შემდეგ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ დამატებითი დოზების მობილიზებაც მოხდება ცნობილი ვაქცინებიდან. ანუ, გარკვეული რაოდენობით დაემატება „ასტრაზენეკა“ პირველი Pfizer-ის ვაქცინას. ასევე არის მოლოდინი, რომ დამატებითი ვაქცინები, რომელთაც წარმატებული შედეგები აქვთ ეტაპობრივად დაემატება იმ შესაძლებლობას, რასაც დღეს გვთავაზობენ ვაქცინაციის პროგრამები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.