ჩასახსნელია ვითომ დიდი რეფორმა და დასაწყებია მუშაობა ნულიდან | წულუკიანი ნარკოპოლიტიკაზე

პუბლიკა

დღეს, 1 თებერვალს ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა 8 ნარკოტიკის ოდენობების განსაზღვრის შესახებ კანონპროექტი განიხილეს.

სხდომას ესწრებოდნენ როგორც სახალხო დამცველის მოადგილე, ასევე აქტივისტები, ნარკოპოლიტიკის სფეროში მომუშავე სათემო და საადვოკაციო ორგანიზაციები.

მათ აღნიშნეს, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის მხრივ არსებული გამოწვევების კუთხით მიზერულ პრობლემას ეხება და კონკრეტული ნივთიერებების მიმართაც ვერ განსაზღვრავს ადეკვატურ ოდენობებს. მათ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნეს, რომ თუ სამართლიანად განისაზღვრებოდა თუნდაც ამ კონკრეტულ 8 საშუალებაზე ოდენობები, უფრო მეტი მომხმარებელი შეძლებდა თავის დაღწევას უსამართლო სისხლის სამართლებრივი დევნისგან და კანონში შესული ცვლილებაც რეალობას უფრო მორგებული და შედეგის მომტანი იქნებოდა.

ამ საკითხის შეფასებისას ომბუდსმენის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ გაიხსენა 2017 წელს ნარკოპოლიტიკის პლატფორმის ავტორობით მომზადებული და უმრავლესობის 5 დეპუტატის მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი [დეკრიმინალიზაციის პროექტი] და იმედი გამოთქვა, რომ მას მსვლელობა მიეცემოდა [კანონპროექტისთვის პირველი მოსმენითაც არ უყრია კენჭი წამყვან, იურიდიულ კომიტეტს].

„ჩვენთვის ძალიან ცუდია ის ფაქტი, რომ 2017 წელს ვერ მიიღეს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მოსაზრებას ასახავდა და საქართველოს სთავაზობდა ჯანდაცვის სისტემაზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის საუკეთესო გამოსავალს.

სამწუხაროდ, ეს ვერ მიიღეს და იმედს ვიტოვებთ, რომ (პროცედურულად არ ვიცი ზუსტად, რამდენად შესაძლებელია იმ კანონპროექტზე მუშაობის გაგრძელება) მსვლელობა კანონპროექტს აუცილებლად მიეცემა, ვინაიდან მასში ასახულია არაერთი პროგრესული დეტალი და მნიშვნელოვანია, რომ ეს რეფორმა წყალში არ ჩაიყაროს.

ეს კანონპროექტი [8 ნარკოტიკის ოდენობის], ბუნებრივია, ამ გზას ადგას. მისი მიზანიც არის, რომ რაღაც პრობლემები მოაგვაროს, მაგრამ პროცენტულად რომ შევადაროთ, რა გვაქვს გასაკეთებელი და რას გვაძლევს ეს კანონპროექტი, ბუნებრივია, პროპორცია ძალიან დაბალი იქნება“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მის საპასუხოდ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვის გაგრძელებას პარლამენტი აღარ აპირებს. მან მხარეებს ამ საკითხებზე დისკუსიისკენ მოუწოდა.

„ის პროექტი, რომელიც დაინიცირებულია, წესით, აღარ გაგრძელდება იმ ფორმით, როგორც იყო დაინიცირებული, თუმცა შეგვიძლია, ბატონ მიხეილ სარჯველაძესა და სხვა კოლეგებთან ერთად ვიმსჯელოთ შემდგომ ნაბიჯებზე, ამ მიმართულებით. იმ ფორმით იმიტომ  ვერ გაგრძელდება, რომ, თავისი არსით, არ ჰქონდა მხარდაჭერა და ის პოზიციაც, რაც იყო გახმაურებული, ამ ფორმით დღესაც არ არის მხარდაჭერილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, დღეს ის პროექტი გამოვიდოდა, ხომ?!. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია, ამ საკითხებზე მუშაობა გავაგრძელოთ და დავსახოთ შემდგომი გეგმები, თუ როგორ შეგვიძლია ამ საკითხს მივუბრუნდეთ. შემდგომ შეგვეძლება უკვე, რომ სხვა საკანონმდებლო ინიციატივებზე ვიფიქროთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

საკითხს გამოეხმაურა, ასევე, ოდენობების კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, თეა წულუკიანი. მან უკმაყოფილება გამოთქვა აღნიშნული პროექტის გაკრიტიკების გამო და განაცხადა, რომ თუ ნარკოპოლიტიკის გულშემატკივრებს სურთ ამ სფეროში ცვლილებები, უნდა დასჯერდნენ ნაბიჯ-ნაბიჯ ცვლილებებს. მან ასევე გაიხსენა 2017 წლის კანონპროექტი და აღნიშნა, რომ ის ბედი, რაც ამ პროექტმა იწვნია, ავტორებისა და ინიციატორის ერთპიროვნული მოქმედების შედეგია, ვინაიდან საკითხები არ შეათანხმეს მთავრობასთან.

„სამი წელი დავკარგეთ, რადგან ბატონ დავითსა და ბატონ ზოიძეს ჰქონდათ ულტიმატუმი – ან ყველაფერი ან არაფერი. მე თქვენ გითხარით, ამას არ ექნება მხარდაჭერა – ყველაფერს. პარლამენტი უყრის კენჭს კანონებს, ჩვენ დავსხდეთ და ვწეროთ და ვიკითხოთ რამდენიც გვინდა, ეს არ არის ასე. პოლიტიკური მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს და ხმები ითვლება ისე, როგორც არითმეტიკაშია.

მე თქვენ მაშინ აგიხსენით, რომ ამას არ ექნება მხარდაჭერა, ამიტომ გამატანინეთ ეს დოზები, რაშიც არის მხარდაჭერა და ვიაროთ ნაბიჯ-ნაბიჯ იმ მიზნისკენ, რაც ყველას გვინდა – ის, ვინც არის ჯანდაცვის პაციენტი, არ იყოს ციხეში. თქვენ რა გააკეთეთ, საბჭოს გვერდის ავლით, EMC-ისა და სხვებთან ერთად დაწერეთ ის დიდი რეფორმა, რომელიც კაკი ზოიძემ შემოაგდო პარლამენტში და დაღუპეთ ის, რაზეც ახლა ვსაუბრობთ და სამი წელი დააკარგვინეთ იმ ადამიანებს, ვინც ციხეში ელოდება ამ კანონპროექტს…

კიდევ ვისმენ იმას, რომ ეს არაფერი არ არის [8 ნარკოტიკის ოდენობის პროექტი]. მოვხსნათ მაშინ და არ განვიხილოთ. არ შეიძლება ასე, დაიღუპება დიდი მიზანი, რაც არის ის, რომ ნარკომანი არ უნდა იკლაკნებოდეს საკანში, რომელიც არის არაადამიანური მოპყრობა.

თქვენ თუ არ გინდათ, რომ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ განვავითაროთ, მაშინ მოითხოვეთ ისევ ის დიდი რეფორმა, რომელიც პარლამენტის მიერ სრულიად სამართლიანად იქნება ჩახსნილი. დეპუტატებს რომ არ აქვთ მონაწილეობა მიღებული და ერთი დეპუტატი EMC-ის დაკვეთით კანონპროექტს შემოაგდებს, ეს შესაძლებელია? თუ დეპუტატები არ უნდა იყვნენ ჩართულები და NGO თუა ჩართული, მაშინ კარგი რეფორმაა?!. შესაბამისად, ეს ჩასახსნელია, ვითომ დიდი რეფორმა, რომელიც არც მთავრობასთან ყოფილა გავლილი. თქვენ ვინ ხართო, ჩვენი გვერდის ავლით შემოაგდეს პარლამენტში, არა შსს, არა იუსტიცია, არა პროკურატურა, არა ჯანდაცვა. დეპუტატებს საერთოდ არაფერი არ ჰკითხეს. ჩასახსნელია და სწრაფად… და დასაწყებია მუშაობა ნულიდან. და რატომ ვიწყებთ ყოველ წელს ნულიდან, იმიტომ, რომ ეს გრადუალური წინსვლა არ გამოდისო, გრადუალური წინსვლა გამოვა, თუკი თქვენ ყველაფერს არ აუქნევთ ხელს…

ამ თემაზე ვსარგებლობ ბოლო გამოსვლით და გეუბნებით – თუ თქვენ გააგრძელებთ ყველა მთავრობისა თუ პარლამენტის (კი ბატონო ფრთხილ, მოკრძალებულ, ის რომ არაა, რაც გინდათ) თავში ჩარტყმას, გარანტიას გაძლევთ, რომ არასდროს ამ სფეროში არაფერი არ გაუმჯობესდება. რაღაცნაირად შეუამხანაგდით ამ ხელისუფლებას და რაღაც მოიწონეთ“, – განაცხადა წულუკიანმა.

სიტყვით გამოსვლისას დეპუტატ წულუკიანს აქტივისტმა, დათო სუბელიანმა კიდევ ერთხელ განუმარტა, რის გამო აკრიტიკებენ ისინი ოდენობების კანონპროექტს.

„არაფერი არ არისო, არ მითქვამს. მე ვთქვი, რომ დასანანია, როდესაც ამხელა პროცესში ვიყავით, ამხელა თემებზე გვილაპარაკია და იმასთან შედარებით, რის საჭიროებასაც მტკიცებულებების დონეზე ვხედავთ, ვერ ვაკეთებ და ვაკეთებთ მხოლოდ ზღვაში წვეთს.

კი, რამდენიმე ათეულ ადამიანს შეეხება ეს კანონპროექტი და გამოიყვანს ციხიდან და აღარ შეიყვანს ციხეში და ეს ნამდვილად მისასალმებელია, მაგრამ ეს ვერ მიიჩნევა გარღვევად, მნიშვნელოვან მიღწევად ნარკოპოლიტიკაში.

ის, რასაც ჩვენ გთავაზობდით, ჩემი აზრით, ისიც არ იყო ყველაფერი. იქაც პრინციპების დონეზე გთავაზობდით. იქაც ვამბობდით ნელ-ნელა განხორციელებას. ის დასაწყისი იყო ნარკოპოლიტიკის. თუ სიმართლე გაინტერესებთ, ის იყო სამართლიანობის აღდგენა. და ნარკოპოლიტიკა აწი უნდა აშენებულიყო ამ ქვეყანაში.

რასაც დათო ოთიაშვილი ამბობდა და რასაც გურო იმნაძე ამბობდა და რასაც მე ვამბობდი,  ჩვენ უკან ზურგს გვიმაგრებდა 40-ზე მეტი ორგანიზაცია. ეს არ იყო ის, რომ კონკრეტულად ვიღაცამ იჯიუტა და არ გაიტანა. ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოებას მართლაც მიგვაჩნდა, რომ სწორი რეფომა იყო ის, რასაც გთავაზობდით – დეკრიმინალიზაცია. ადამიანებისთვის იმის აღიარება, რომ ისინი არ არიან კრიმინალები იმის გამო, რომ მოიხმარენ ნარკოტიკებს.

თუ სამოქალაქო საზოგადოება არ დათმობს, მაშინ ჩვენც გავიბუტებით, ასე გამოვიდა [თქვენი მხრიდან] და არ მივიღებთ პროექტს და გამოვიტანთ, რა გამოდის?! თქვენ ხართ პასუხისმგებლები სწორი რაღაცის კეთების“, – განაცხადა სუბელიანმა.

წულუკიანმა სუბელიანის საპასუხოდ მათ კიდევ ერთხელ დაუწუნა ადვოკატირების სტრატეგია და მოუწოდა, შეეცვალათ მიდგომა სასურველი მიზნის მისაღწევად.

EMC-ის იურისტმა, გურამ იმნაძემაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ოდენობების კანონპროექტის წინააღმდეგნი არ არიან, უბრალოდ, მიაჩნიათ, რომ მისი დახვეწაა საჭირო, რათა ის მომხმარებლისთვის იყოს შედეგის მომტანი. რაც შეეხება წულუკიანის კრიტიკას, როგორც იმნაძემ აღნიშნა, იმისათვის, რომ სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერა ჰქონდეს პარლამენტში მიმდინარე პროცესებს, საჭიროა, ხელისუფლებამ ჩამოაყალიბოს ხედვა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით და წარმოადგინოს კონკრეტული ნაბიჯები, თუ როგორ და დროის რა პერსპექტივაში ხედავს ამის შესრულებას.

„ჩვენთვის, – ამ შემთხვევაში EMC-ის სახელით ვსაუბრობ, – ბევრად უფრო მარტივი იქნება პარლამენტის კონკრეტული ინიციატივების მხარდაჭერა, თუკი მეცოდინება, საბოლოო ხედვა რა არის და ეს ინიციატივები საით მიდის. ბატონმა სერგეენკომ ახსენა, თუ რა არის ზოგადი ხედვა. ესაა ზიანის შემცირება, მიწოდებისა და მოხმარების შემირების კუთხე, მაგრამ ეს არის ძალიან ზოგადი ფორმულა. ამას სჭირდება ჩაშლა. თუკი ჩვენ გვეცოდინება, საით მიდის პარლამენტი, რა ხედვა აქვს ხელისუფლებას  2 წელიწადში, 3 წელიწადში, 4 წელიწადში – რა რეალობის მოლოდინი უნდა გვქონდეს მათგან, კონკრეტული ნაბიჯები ბევრად გასაგები იქნება და არც იმის შეგვეშინდება, რომ ამ კონკრეტულ ნაბიჯებს დავუჭიროთ მხარი. პირიქით, ეს იქნებოდა ჩვენი მხრიდანაც შემხვედრი პოზიცია, რომ თუკი გვეცოდინება თქვენი ხედვა, არაა აუცილებელი, დღეს და ხვალ მივიღოთ ყველა რეფორმა. უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, საით მივდივართ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, – განაცხადა იმნაძემ.

რაც შეეხება ნარკოპოლიტიკის პლატფორმის კანონპროექტის ინიცირების საკითხს, იმნაძე ამბობს, რომ მაშინ, როდესაც პროექტს ხელს აწერდა უმრავლესობის 5 დეპუტატი და მხარს უჭერდა სათემო და პროფესიული ჯგუფები, მასზე ასე აგდებით საუბარი სწორი არ ჰგონია.

„რაც შეეხება ინიცირებას, ამ ქვეყანაში დეპუტატების გარეშე, საკანონმდებლო ინიციატივის დაყენების უფლება მოქალაქეებს აქვთ და იმ პირობებში, როდესაც უმრავლესობის 5 დეპუტატი იყო ხელმომწერი, ამ ინიციატივაზე ასე აგდებით საუბარი არ მგონია სწორი. შეიძლება მის შინაარსში ბევრი პრობლემა იყოს და ვიღაცისთვის მიუღებელიც ყოფილიყო, მაგრამ ის, რომ წინასწარი გავლა არ მომხდარა – კულუარებზე არ ვსაუბრობ, რა მცდელობები იყო ამ პროექტის შეტანამდე სახელმწიფო უწყებებთან ამ საკითხის გავლის, ჩვენ გვქონდა ამის მცდელობა, მაგრამ ესეც რომ გვერდით გადავდოთ და პირდაპირ პარლამენტში რომ მომხდარიყო მისი ინიცირება, ძალიან ბევრი ორგანიზაცია, სათემო ორგანიზაცია, პროფესიული ჯგუფები მისი მხარდამჭერები იყვნენ. პლუს მმართველი გუნდის 5 დეპუტატი იყო ხელმომწერი. ასე საუბარი, რომ უნდა ჩავარდნილიყო კიდეც, არ მგონია სწორი“, – განაცხადა იმნაძემ.


ორივე კომიტეტმა 8 ნარკოტიკის ოდენობის კანონპროექტს მხარი დაუჭირა. რაც შეეხება ამ მიმართულებით დამატებით ნაბიჯებს, ანრი ოხანაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კონსტრუქციული მსჯელობა უნდა გაგრძელდეს და, რომ სასურველი მოდელის ნარკოპოლიტიკისთვის ძალიან ბევრია სამუშაო.