8 ნარკოტიკზე ოდენობების განსასაზღვრად პარლამენტში კანონპროექტი დარეგისტრირდა - სარჯველაძე

პუბლიკა

8 ნარკოტიკული საშუალებისთვის ოდენობები ზუსტდება, – ამ საკითხზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა.

მისი თქმით, მოქმედ კანონმდებლობაში განსაზღვრული არ არის ნარკოტიკულ საშუალებათა გარკვეული ნაწილისთვის მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები, რაც, თავის მხრივ, პრაქტიკაში და კანონის აღსრულების კუთხით პრობლემას ქმნის.

„ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ნარკოტიკულ საშუალებას არ აქვს მცირე ოდენობა განსაზღვრული, ეს იწვევს მცირე დოზით ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელთა მიმართ არაპროპორციული სასჯელის გამოყენებას, ხშირ შემთხვევაში მრავალწლიანი საპატიმრო სასჯელის სახით. ამდენად, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალების ნებისმიერი ოდენობის აღმოჩენის შემთხვევაში, პირი პირდაპირ ექცევა სისხლის სამართლის არაპროპორციულად და უსამართლოდ მკაცრი ნორმების მოქმედების სფეროში”, – აცხადებს სარჯველაძე.

მისი თქმით, კანონპროექტით მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები ზუსტად განისაზღვრება ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებზე, როგორიცაა: ამფეტამინი, დეზომორფინი, ლიზელგინის მჟავა, მისი წარმოებულები და პრეპარატები, მათ შორის, ლიზერგიდი (LSD), MDMA, მეთკათინონი (ეფედრონი), მეტამფეტამინი, მეთადონი და ჰეროინი.

„ოდენობათა დაანგარიშების მეთოდიკა დაეყრდნო, ერთი მხრივ, სამეცნიერო ლიტერატურას და, მეორე მხრივ, ლაპორატორიული ექსპერტიზის პრაქტიკას. ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე ოდენობის საზომად აღებულ იქნა ნარკოტიკის ეპიზოდური მომხმარებლის მიერ მოსახმარი ერთი დოზის ოდენობა. ნივთიერებათა ოდენობები გამოითვალა იმგვარად, რომ არ მოხდეს, ერთი მხრივ, მოხმარების და, მეორე მხრივ, ნარკორეალიზაციის რაიმე მხრივ წახალისება”, – აცხადებს სარჯველაძე.

როგორც ის აღნიშნავს, კანონპროექტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთ მსჯავრდებულთან მიმართებით და რომ კანონპროექტი ითვალისწინებს საქმის გადასინჯვის შედარებით გამარტივებულ მექანიზმებს.

კანონპროექტის ინიციატორები არიან: მიხეილ სარჯველაძე, თეა წულუკიანი, დავით სერგეენკო, დიმიტრი ხუნდაძე, ვლადიმერ კახაძე, ალუდა ღუდუშაური.

„ნარკოპოლიტიკის საკითხები და წრე, ბუნებრივია, არის გაცილებით ვრცელი, დიდი. შესაბამისად, ამ საკითხებთან დაკავშირებით, დროდადრო შეიძლება მოგვიწიოს მსჯელობა, მაგრამ ამ წუთას კანონპროექტის არსი ეს გახლავთ”, – აცხადებს სარჯველაძე.

რატომ არის „მცირე ოდენობების“ საკითხი პრობლემური?

საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები გაწერილია შესაბამის კანონში, რომელიც ადგენს ამა თუ იმ ნარკოტიკული საშუალების რა ოდენობა უნდა იყოს მიჩნეული მცირე ოდენობად, რა დიდ ოდენობად და რა განსაკუთრებით დიდად. თუმცა, ამ სიაში შეტანილ 228 ნარკოტიკული საშუალებებიდან 160-ს მცირე ოდენობა განსაზღვრული არ აქვს (მათ შორის ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელიც ხშირად მოხმარებადია. მაგალითად MDMA, LSD, მეტამფეტამინი, ამფეტამინი და ა.შ.), ანუ არაა განსაზღვრული რა მიიჩნევა ამ ნარკოტიკის მცირე ოდენობად. რაც პრაქტიკაში ქმნის იმ პრობლემას, რომ მისი ნებისმიერი უმცირესი ოდენობით აღმოჩენაც კვალიფიცირდება, როგორც დიდი ან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობა (ვინაიდან მცირე ოდენობა განსაზღვრული არ აქვს). შესაბამისად, კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელებიც უფრო მკაცრია. მაგალითად, საქართველოს კანონმდებლობით, მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობა (რომელსაც განსაზღვრული აქვს) პირველ ჯერზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა; მეორე ჯერზე – სისხლის სამართლის დანაშაული (273-ე მუხლი); თუმცა, იმ ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელთაც არ აქვთ განსაზღვრული მცირე ოდენობა, მისი ფლობა პირველივე ჯერზე „დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობად კვალიფიცირდება“(260-ე მუხლის მე-3 ან მე-6 ნაწილი) და თავისუფლების აღკვეთის ზომა უფრო მკაცრია.