სამართლიანი სასჯელისთვის ნარკოტიკულ ნივთიერებათა დოზების რეფორმა უპირველესი ამოცანაა - წულუკიანი

ნათია ამირანაშვილი

„8 მძიმე ნარკოტიკულ საშუალებაზე ჩვენ შევიმუშავეთ მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების განსაზღვრის პროექტი და იმედი მაქვს, ის მალე იხილავს დღის შუქს უკვე ახალ პარლამენტში”, – ამის შესახებ თეა წულუკიანმა იუსტიციის მინისტრის რანგში საუბრისას 29 სექტემბერს განაცხადა. წულუკიანი „ქართული ოცნების” პარტიული სიის მეოთხე ნომერია.

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით მან ისაუბრა კანონმდებლობაში გატარებულ ცვლილებებზე და შემდგომ აღნიშნა, რომ „რეფორმის პროცესი უნდა გაგრძელდეს”. მისი თქმით, სამართლიანი სასჯელისთვის ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების რეფორმა „უპირველესი რიგის ამოცანაა”.

„როგორც 8 წლის წინ, დღესაც, ამ ქვეყნის ერთ მოქალაქეს, ღრმად მწამს, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმის ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. კანონი უნდა გამკაცრდეს იმპორტიორისთვის, რეალიზატორისთვის, ექსპორტიორისთვის, ვინც ანგრევს ჩვენს ახალგაზრდა თაობას და მომავალს, მაგრამ მომხმარებელს, რომელსაც მკურნალობა სჭირდება, მიმაჩნია, რომ ასეთი ადამიანის ადგილი არ არის ციხეში და თუ მომხმარებელს ჩადენილი აქვს სხვა ნარკოდანაშაული, ასეთი ხდება 99% შემთხვევაში, სასჯელი უნდა იყოს სამართლიანი, რისთვისაც ნივთიერებათა დოზების რეფორმა უპირველესი რიგის ამოცანაა”, – განაცხადა წულუკიანმა.

ოდენობები 8 ნარკოტიკულ საშუალებაზე

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში 2017 წელს დარეგისტრირდა ნარკოპოლიტიკის ძირეული ცვლილებებისთვის კანონპროექტი. ინიცირებული ვარიანტის ძირითადი არსი ის იყო, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება და პირადი მოხმარების მიზნით მცირე ოდენობით ფლობა კრიმინალური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებულიყო. პროექტი ასევე ითვალისწინებდა ყველაზე მწვავე პრობლემის – ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების ახლებურად განსაზღვრას. ამ საკითხების განხილვა შემდეგ იუსტიციის სამინისტროში შექმნილ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს ფორმატშიც გაგრძელდა, სადაც განხილვის მთავარ თემას სწორედ ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების საკითხი წარმოადგენდა. სამოქალაქო საზოგადოების შეფასებით, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით იყო განსაკუთრებული წინააღმდეგობა ძალოვანი უწყებების მხრიდან. ოდენობების საკითხზე „შეჯერება” იყო მთავარი არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ გრძელდებოდა საპარლამენტო სივრცეში ინიცირებული კანონპროექტის განხილვის გაგრძელება [ინიცირებიდან დღემდე კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე არ გასულა. მასზე კენჭიც არ უყრია წამყვან იურიდიულ კომიტეტს].

ამ პროცესების პარალელურად, საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი მორიგი სხდომის შემდეგ, 2018 წლის მარტში, ცნობილი გახდა, რომ მთავრობა 8 ნარკოტიკის ოდენობაზე პარლამენტში ალტერნატიულ კანონპროექტს დაარეგისტრირებდა. ის უნდა შეხებოდა შემდეგი ნივთიერებების ოდენობებს: ამფეტამინი, დეზომორფინი, მდმა, LSD, მეთადონი, ეფედრონი, მეტამფეტამინი, ჰეროინი.

ამ ინიციატივას [წარმოდგენილ ოდენობებს] მაშინ დარგის ექსპერტები და აქტივისტები არაეფექტურს უწოდებდნენ, მას რეფორმის გახლეჩად და დანაწევრებად აფასებდნენ. ნარკოპოლიტიკის პლატფორმის წევრები არ ეთანხმებოდნენ წარმოდგენილ ოდენობებს. აღსანიშნავია, რომ პარლამენტში მთავრობის მხრიდან ამ ინიციატივის წარდგენა არ მომხდარა. „პუბლიკა” დაუკავშირდა იუსტიციის სამინისტროს, შეიცვალა თუ არა 2 წლის წინ პროექტში განსაზღვრული ოდენობები. უწყებისგან პასუხს ველოდებით.

ამასთან, გუშინ, 1 ოქტომბერს „ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე მმართველ პარტიას ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს. პრეზენტაციის შემდგომ „პუბლიკამ” თეა წულუკიანს ჰკითხა, რას აპირებს პარტია ნარკოპოლიტიკის მიმართულებით – დეკრიმინალიზაციაზე, ოდენობების საკითხზე. მას დამატებითი განმარტება არ გაუკეთებია.

ამ კუთხით მეტ დეტალზე არ საუბრობს არც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე. „პუბლიკასთან” საუბრისას კალაძემ აღნიშნა მხოლოდ ის, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში პარტია დარგების მიმართულებით დამატებით გამართავს პრეზენტაციას, „სადაც დეტალურად ისაუბრებენ ყველაფერზე”.

„პუბლიკასთან” საუბრისას EMC-ის იურისტი გურამ იმნაძე აცხადებს, რომ ნარკოპოლიტიკის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებთან საკოორდინაციო საბჭოს წელზე მეტია კომუნიკაცია აღარ ჰქონია და მათ შორის არც ოდენობების საკითხზე  ყოფილა კონსულტაცია.

რატომ არის ოდენობების საკითხი პრობლემური?

საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები გაწერილია შესაბამის კანონში, რომელიც ადგენს ამა თუ იმ ნარკოტიკული საშუალების რა ოდენობა უნდა იყოს მიჩნეული მცირე ოდენობად, რა დიდ ოდენობად და რა განსაკუთრებით დიდად. თუმცა, ამ სიაში შეტანილ 228 ნარკოტიკული საშუალებებიდან 160-ს მცირე ოდენობა განსაზღვრული არ აქვს (მათ შორის ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელიც ხშირად მოხმარებადია. მაგალითად MDMA, LSD, მეტამფეტამინი, ამფეტამინი და ა.შ.), ანუ არაა განსაზღვრული რა მიიჩნევა ამ ნარკოტიკის მცირე ოდენობად. რაც პრაქტიკაში ქმნის იმ პრობლემას, რომ მისი ნებისმიერი უმცირესი ოდენობით აღმოჩენაც კვალიფიცირდება, როგორც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობა (ვინაიდან მცირე ოდენობა განსაზღვრული არ აქვს). შესაბამისად, კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელებიც უფრო მკაცრია. მაგალითად, საქართველოს კანონმდებლობით, მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობა (რომელსაც განსაზღვრული აქვს) პირველ ჯერზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა; მეორე ჯერზე – სისხლის სამართლის დანაშაული (273-ე მუხლი); თუმცა, იმ ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელთაც არ აქვთ განსაზღვრული მცირე ოდენობა, მისი ფლობა პირველივე ჯერზე „დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობად კვალიფიცირდება“(260-ე მუხლის მე-3 ნაწილი) და თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე ითვალისწინებს.