„თავად გაააქტიურეს რადიკალური ჯგუფები" | გოლეთიანის თქმით, ქსენოფობიურ აქციასთან კავშირი არ აქვთ

პუბლიკა

„ვემიჯნებით და ასევე მოვუწოდებთ ყველას ყოველთვის, რომ მსგავსი განცხადებებისგან თავი შეიკავონ“, – ასე გამოეხმაურა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე ადგილობრივი აქტივისტი, ვარლამ გოლეთიანი „ქართული მარშის“ წევრის გიორგი გიგაურის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ, ქსენოფობიური გზავნილის შემცველ პოსტს, სადაც გიგაური მოსახლეობას 31 მარტს საპროტესტო აქციაში მონაწილეობისკენ და ულტიმატუმის წამოყენებისკენ მოუწოდებს, რომ „თურქებმა დატოვონ ხეობა“.

„ეკონომიკის მინისტრის მესიჯი რაც იყო, რომ ნელ-ნელა რადიკალურ სახეს იღებს ეს მოძრაობაო, იქიდანვე თვითონ გაააქტიურეს რადიკალური ჯგუფები, რომლებიც ამ განცხადებას აკეთებენ თურქების განდევნასთან დაკავშირებით. თავიდან ბოლომდე სპეციალურად მაგათი შექმნილი ნარატივია, რომ ჩვენი მოძრაობის დისკრედიტაცია მოახდინონ და აქციას აანონსებენ, რომ თუ ვინმე შეიკრიბება მერე იმ აქციაზე, ამით კიდევ დაჰყონ ხალხი. როგორც მოქმედებენ და რაც არის მათი ხელწერა, მიყვებიან ახლა ამას, რომ ჩვენი მოძრაობის დისკრეტიდაცია მოხდეს“, – აღნიშნავს ვარლამ გოლეთიანი „პუბლიკასთან“ საუბრისას.

ვარლამი ამბობს, რომ მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მიერ დაგეგმილი აქციები იდეოლოგიურადაც განსხვავდება და არ აქვს ქსენოფობიური განწყობა.

„ჩვენ არასდროს ვამბობთ, რომ ვინმე გავყაროთ და ვინმე გავდევნოთ და ა.შ. მაგ ლოზუნგებით ჩვენ არ ვიკრიბებით აქციებზე. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები და მოთხოვნების შესრულებას ვითხოვთ. კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა, არ ნიშნავს, „თურქებმა დატოვონ“.  ჩვენს მოთხოვნას ქსენოფობიური შინაარსი არ აქვს. ეგ სხვა მესიჯია აბსოლუტურად და მიზანმიმართული მესიჯია იმისკენ, რომ ჩვენი დისკრეტიდაცია და ჩვენთან დაკავშირება მოხდეს ამ რადიკალურ ჯგუფებთან და მართლა ქსენოფობიურ ენასთან და ა.შ. და არავითარი კავშირი ჩვენ მაგასთან არ გვაქვს. საერთოდ ვემიჯნებით  მაგ ნარატივს თავიდან ბოლომდე“, – აღნიშნა გოლეთიანმა.

რიონის ხეობის მცველი ასევე გამოეხმაურა 28 თებერვლის აქციის შესახებ ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის მიმართვას ჟურნალისტების მიმართ, რომ „განსაკუთრებული სიფრთხილით გააშუქონ აქციიდან მიღებული ინფორმაცია, რათა არ წაახალისონ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია.

„თუ ჩვენ გვექნება დიდი აქცია, როგორიც გვქონდა 28 თებერვალს და 14 მარტს, ამ ტიპის აქციებზე უკვე ვეცდებით, რომ გამომსვლელები მაქსიმალურად ზუსტად ვიცოდეთ, იმიტომ, რომ, რადგან სახალხო პროტესტია, სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები გვთხოვენ სიტყვას და მერე ჩვენ გვიჭირს ამ სიტყვის გაკონტროლება, თუ ზუსტად ვინ რა ტიპის განცხადებას გააკეთებს.ზოგად რაღაცებზე შეთანხმებული ვართ, მაგრამ ყველას სამეტყველო ენას ახლა ასე ვერ გავფილტრავთ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ აქციაზე არ ყოფილა რაღაც მნიშვნელოვანი გადაცდომა მაგ მხრივ, მაგრამ სამომავლოდ  უფრო მეტად აცილებული რომ იყოს, გამომსვლელების წინასწარ განსაზღვრა მკაცრად მოხდება და მოხდება შეთანხმება, რომ არ იყოს დამატებით რაღაც მსგავსი ტიპის სპეკულაციები. ჩვენი მიზანი ყველამ იცის, რომ ეგ არ არის საერთოდ და პირიქით, ვემიჯნებით მსგავს რაღაცებს და ახლა ჩვენ თავისთავად არ გვინდა. ამიტომ, ვეცდებით, რომ კიდევ დამატებით გავაკონტროლოთ, თუკი რამე გადაცდომა იქნება“, – აღნიშნა გოლეთიანმა.