ზოგიერთი ვითარების აღსაწერად ენა საკმარისი არ არის. აი, მაგალითად, როდესაც ძალიან შეყვარებული ხარ და არ იცი, როგორ თქვა ის, რასაც გრძნობ; ან, მაგალითად, როდესაც „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელს უყურებ ტელევიზორში და… და ჯანმრთელი გინების მეტი თავში არაფერი გიტრიალებს. არა იმიტომ, რომ გაბრაზებული ხარ, არამედ იმიტომ, რომ ყველაფერი დანარჩენი უბრალოდ სიტყვების ფუჭი რახა-რუხი იქნებოდა.
აი, არჩილ თალაკვაძე როგორ უნდა გააკრიტიკო? საიდან უნდა მიუდგე? მისი კრიტიკა რაზე უნდა დააფუძნო? ვინ არის საერთოდ? არც არავინ! და ვინაიდან არავინად ყოფნა „ქართული ოცნების“ ყველა წევრს ახასიათებს, და მათი სახელები ძალიან პირობითი რამ მგონია, ამიტომ სიმარტივისთვის, მოდით, ყველას ზოგადად თალაკვაძე დავუძახოთ და ვნახოთ, როგორ ჩაიგდო ხელში თალაკვაძემ სახელმწიფო და რა არის ამაში ცუდი.
პირველ რიგში, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ თალაკვაძე შემთხვევითობა არ არის. ისე არ არის, რომ პარტიაში ერთი-ორი თალაკვაძე გამოერია. თალაკვაძე შვიდწლიანი გადარჩევისა და ფილტრაციის შედეგია, რომლის ერთადერთი კრიტერიუმი მორჩილებაა. არა პროფესიონალიზმი, განათლებულობა, იუმორის გრძნობა, გამბედაობა, თავდადება, პატრიოტიზმი… ანუ არაფერი, რითაც ერთი ადამიანი მეორისაგან შეიძლება განსხვავდებოდეს, არამედ ძირძველი, მამაპაპური მორჩილება. საიდან ვიცით ეს? აქედან: თავისუფალი დემოკრატები, ფორუმი, რესპუბლიკელები, გიორგი მარგველაშვილი, ეკა ბესელია… ყველა, ვინც ოდნავ მაინც გადაუხვია დირექტივას და მცირედი ინიციატივა მაინც გამოიჩინა ან მოისყიდეს, ან დააშინეს, ან დააშანტაჟეს ან… მოკლედ – მოიშორეს. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ვინც დარჩა უინიციატივო და მორჩილი კადრია. ამ ვითარებაში, ბუნებრივია ნელ-ნელა თალაკვაძე დაწინაურდა და ყველა წამყვანი თანამდებობა ჩაიგდო ხელში. პარლამენტი, სამინისტროები, პროკურატურა, სასამართლო… სადაც არ უნდა გაიხედო, ერთსა და იმავე არაფრისმეტყველ თალაკვაძეს ხედავ.
შეიძლება იკითხოთ – და რას აფუჭებს თალაკვაძე? მეც კითხვაზე კითხვით გიპასუხებთ – და რას აკეთებს რო? კეთებაში არ ვგულისხმობ მექანიკურ საქმიანობას – სუნთქვას, ჭამას, ჯიპით წვეულებებზე სეირნობას. აი, რა არის თალაკვაძისეული მის საქმიანობაში? ისეთი, რაზეც თავად მაინც შეუძლია თქვას, რომ ეს მისი იდეა იყო და ამაყობს, რომ ის განახორციელა?
(ჭრიჭინების ხმა სიბნელეში)
არც არაფერს. აკეთებს იმას, რასაც ეუბნებიან. ესეც არ არის თავისთავად პრობლემა. მაგალითად, კარგია, როდესაც პოლიტიკოსი აკეთებს იმას, რის გაკეთებასაც მას ხალხი კარნახობს. დემოკრატია ხომ სწორედ ასე მუშაობს – არსებობს ხალხი, რომელსაც რამის გაკეთება სურს; არსებობს ვიღაც, ვინც თავის თავზე აიღებს ამ საქმის გაკეთებას და შემდეგ ხალხი – არჩევნების საშუალებით – გადასცემს მას ძალაუფლებას, რათა მან გააკეთოს ის, რაც ხალხს უნდა. მაგრამ, სამწუხაროდ, იგივე ჯაჭვი არ მუშაობს თალაკვაძის შემთხვევაში. ის ხალხის ნათქვამის კი არა, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის ნათქვამის აღმსრულებელია. ეს კი დემოკრატიისგან ძალიან, ძალიან შორს არის.
შეიძლება კიდევ იკითხოთ – და რას აფუჭებს რო ბიძინა ივანიშვილი? რატომ არის ცუდი, რომ მან განსაზღვროს, თუ რას გააკეთებენ მის დაქვემდებარებაში მყოფი თალაკვაძეები? ის ხომ ჭკვიანი კაცია, ცხოვრებაში ამდენს მიაღწია.
დავიწყოთ იქიდან, რომ ერთმანეთს დავაშოროთ ცხოვრებისეული მიღწევები და სიმდიდრე. ვინ თქვა, რომ ეს ორი რამ ერთმანეთის იდენტურია? ექვთიმე თაყაიშვილი მდიდარი არ იყო, მაგრამ, ვფიქრობ, ბევრს მიაღწია ცხოვრებაში, მაშინ, როდესაც, მაგალითად, რომელიმე რიგითი „კორლეონე” ან „ახალი რუსი” ძალიან მდიდარია, მაგრამ არ მგონია, რომ მათ მიაღწიეს რამე მნიშვნელოვანს. მოკლედ, აღქმის ამბავია.
ახლა მთავარი: დემოკრატიის მთელი არსი არის წარმომადგენლობითობის პრინციპი. ანუ, როდესაც ხალხი საკუთარ თავს მართავს, საკუთარი წარმომადგენლების მეშვეობით. მოქალაქეებიდან ზოგი მემარცხენეა, ზოგი მემარჯვენე, ზოგს კლასიკური მუსიკა უყვარს, ზოგს ეკოლოგიის საკითხები ადარდებს, ზოგი საქეიფოდაა – ზოგიც უქეიფოდ. და როდესაც ყველა ამ სხვადასხვა ადამიანს ვინმე წარმოადგენს ხელისუფლებაში, დიდია ალბათობა, რომ ისეთი კანონმდებლობა შეიქმნება, ისეთი პოლიტიკა იწარმოებს, რომელიც ბევრის გემოვნების, პრინციპებისა თუ მსოფლმხედველობის ამსახველი იქნება.
ახლა დაუსვით თქვენს თავს შეკითხვა: შეიძლება თუ არა, აი თეორიულადაც კი თუ არის შესაძლებელი, რომ ერთი ადამიანი იყოს ოთხმილიონიან ქვეყანაში თავისი ყველა მოქალაქის წარმომადგენელი? აი, თანაბრად რომ ესმოდეს მდიდრებისაც, ღარიბებისაც, მემარჯვენეებისაც, ემოებისაც, ახალგაზრდებისაც და იპოქონდრიკებისაც? თქვენ აქ არ ხართ, ამიტომ მე ვუპასუხებ თქვენს ნაცვლად – არა! ამიტომაც, ერთი ადამიანის მმართველობის შემთხვევაში სარგებელს ნახულობენ ისინი, ვინც ყველაზე ახლოს არიან ამ მმართველთან მსოფლმხედველობით. და ვინ არის ყველაზე ახლოს ბიძინა ივანიშვილთან? მართალია – სხვა მდიდარი ადამიანები. ამიტომაც არის, რომ მის გარშემო ბუნებრივად აყვავდნენ მდიდარი ან გამდიდრების მსურველი ადამიანები. არა პრინციპული, იდეის მქონე ვიზიონერები, არამედ დიდი ფულის ფლობის სურვილის მქონე ადამიანები. ვიღაცა შეიძლება შემკამათებოდა, რომ ეს ასე არ არის. მე კი ვიფიქრებდი, რომ ამ ვიღაცას არ აქვს წაკითხული ჩვენი პარლამენტარების სია. თვალი დახუჭეთ და წარმოიდგინეთ დღევანდელი საქართველო; ის, რაც ტელევიზორში ჩანს და ის, რაც ფანჯრიდან ჩანს. ახლა ვიკითხოთ: არის ეს ის ქვეყანა, რომლის მოქალაქეებსაც პარლამენტში ორმოცი მილიონერი წარმოადგენს? ვიცი, დაუჯერებელი ამბავია, მაგრამ ფაქტია. და ვის წარმოადგენენ ეს მილიონერები ჩვენს პარლამენტში? ვის სასარგებლო კანონებს იღებენ? ვისთვის აწყობენ სასურველ საცხოვრებელ გარემოს? ეს არის მნიშვნელოვანი.
რომ შევაჯამოთ: არსებობს ერთი მდიდარი ადამიანი, რომელმაც გარშემო შემოიკრიბა სხვა მდიდარი ადამიანები, და ყველანი ერთად, თალაკვაძის საშუალებით, მართავენ მთელ სახელმწიფო მანქანას საკუთარი კეთილდღეობისთვის. ასეთი აღწერით, თალაკვაძის შერჩევა ძალიან ჭკვიანური სვლაა. ჰომეროსისეული. უფრო სწორედ ოდისევსისეული. გახსოვთ, როდესაც ოდისევსმა ციკლოპი მოატყუა, არავინ მქვიაო და შემდეგ, როდესაც მას თვალი ამოსთხარა, ეს დაბრმავებული ციკლოპი „არავის” რომ დაეძებდა? წარმოიდგინეთ რა მოსახერხებელია, როდესაც რაიმე შეცდომასა თუ გადაცდომაზე არავინაა პასუხისმგებელი. აი, მაგალითად, გავრილოვის ღამის შემდეგ განვითარებული მოვლენები გაიხსენეთ. გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძე. თითქოს კრიზისის განსატვირთად სწორი პოლიტიკური სვლაა, მაგრამ ვინ არის კობახიძე? არავინ! იმავე წარმატებით შეეძლოთ ნებისმიერი თანამდებობის პირი გადაეყენებინათ და შედეგი მაინც იგივე იქნებოდა. ახალგაზრდების დასახიჩრებაზე პასუხი ვინ აგო? არავინ! ვისაც უნდა ეგო, ის პრემიერ-მინისტრი გახადეს. საერთოდ გახსენდებათ, რომ ამ მთავრობის პირობებში ვინმეს რამეზე აეღო პასუხისმგებლობა?
ვინც ჯერ კიდევ ვერ დარწმუნდა, რომ მმართველი პარტია ვირტუალური პოლიტიკური ერთობაა, გთავაზობთ მისი წევრების შეფასების სამკითხვიან ტესტს, რომელიც, წესით, უფრო დამაჯერებელი უნდა იყოს, ვიდრე ყველაფერი, რაც ზემოთ დავწერე:
-
რომელი პოლიტიკოსი იღვიძებს დილით მოტივირებული და უხარია სამსახურში წასვლა?
-
რომელი პოლიტიკოსი წარმოგიდგენიათ ოპოზიციაში?
-
რომელ პოლიტიკოსს შეექმნება პრობლემა რუსეთის მიერ საქართველოს სრული ოკუპაციის შემთხვევაში?
პირველი კითხვა ამოწმებს იმას, თუ რამდენად აქვს პოლიტიკოსს გაცნობიერებული საკუთარი უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, ქვეყნის და არა ერთი კონკრეტული პირის მიმართ. პოლიტიკური თანამდებობის დაკავება განსხვავდება ჩვეულებრივი სამსახურისაგან. ძალიან მოკლე დროში უნდა მოასწრო შენი გეგმების განხორციელება. გეგმების, რომლებიც უკავშირდება შენი, შენი ოჯახის წევრების, თანამოქალაქეების მომავალს. მასწავლებლობაც საპასუხისმგებლო პროფესიაა, მაგრამ მასშტაბით ის ნამდვილად ვერ შეედრება, მაგალითად, თავდაცვის მინისტრის სამუშაოს მასშტაბს. გახდე თავდაცვის მინისტრი იმიტომ, რომ მინისტრს კარგი ხელფასი აქვს, წარმოუდგენელი დონის უპასუხისმგებლობაა. გეზარებოდეს სამსახურში მისვლა მაშინ, როდესაც რაიმე კანონი გაქვს მისაღები, წარმოუდგენელი დონის უპასუხისმგებლობაა. გინდოდეს პარლამენტის თავმჯდომარეობა, იმისათვის, რომ შენმა ოჯახის წევრებმა თქვან: „ჩემი საამაყო ბიჭი”, უპასუხისმგებლობაც არის და უზნეობაც.
მეორე შეკითხვა ამოწმებს იმას, თუ რამდენად არის პოლიტიკოსი საერთოდ პოლიტიკოსი. პოლიტიკა უწყვეტი პროცესია, რომელიც აქტორების ცვლასთან ერთად არ წყდება. აი, „ნამდვილი” პოლიტიკოსი კი ის არის, ვინც ამ პოლიტიკური პროცესის ნაწილია და მასთან ერთად ვითარდება თუ იცვლება. „ქართული ოცნების“ წევრებზე ფიქრისას, მხოლოდ იმის წარმოდგენა კი არ ჭირს, თუ რას იზამენ ისინი, როდესაც ძალაუფლებას დაკარგავენ და ოპოზიციაში ყოფნა მოუწევთ, არამედ იმისაც, საერთოდ რას იზამენ ისინი, როდესაც ძალაუფლებას დაკარგავენ, ზოგადად ცხოვრებაში რას იზამენ. ვიცი, გაგიჭირდებათ, მაგრამ აბა გაიხსენეთ, რა დაემართა რამდენიმე პრემიერ-მინისტრს მას შემდეგ, რაც მათ თანამდებობა დატოვეს. ოპოზიციაში წასვლაზე საერთოდ არ არის საუბარი. გაქრნენ! წარმოიდგინეთ ქვეყნის პრემიერი, რომელსაც პრემიერობის შემდეგ არცერთი უმაღლესი სასწავლებელიც კი არ მიიწვევს პოლიტოლოგიის სტუდენტებისათვის საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად. ლექციის წასაკითადაც არავის სჭირდება, ოპოზიციაში ყოფნაზე საუბარიც ზედმეტია.
მესამე შეკითხვა ერთდროულად ორ რამეს ამოწმებს: ა) ამა თუ იმ პოლიტიკოსის მიმართებას ალბათ ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემასთან: რუსეთთან. ანუ ამა თუ იმ პოლიტიკოსის საგარეო პოლიტიკურ ვექტორს და აგრეთვე ბ) მის პოლიტიკურ წონას საგარეო პოლიტიკაში.
რუსეთი ჩვენთვის მტერი სახელმწიფოა და ეს ასე გაგრძელდება, სანამ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ვერ მოახერხებენ კუთვნილი საკუთრების დაბრუნებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. შესაბამისად, საქართველოში წარმოებული ნებისმიერი პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობისკენ ნებისმიერ შემთხვევაში მოიაზრებს ოკუპირებულ რეგიონებსაც. და ვინაიდან ამ რეგიონებთან დაკავშირებული ქართული და რუსული პოლიტიკა, არა თუ არ არის მსგავსი, არამედ ერთმანეთის საწინააღმდეგოც არის, ნებისმიერი პროქართული პოლიტიკა რეალურად ანტირუსულია თავისი არსით. შესაბამისად, საქართველოს სრული ოკუპაციის შემთხვევაში, რუსეთმა პრობლემა უნდა შეუქმნას ყველა პოლიტიკოსს, რომელიც მსგავს ანტირუსულ პოლიტიკას აწარმოებს. ეს უკვე არაერთხელ გვაქვს გადატანილი და გამოცდილებით ვიცით, რომ ასე იქნება. და როგორ ფიქრობთ, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურები ქვეყნის სრული ოკუპაციის შემთხვევაში თალაკვაძეს დაჰკითხავენ? გამოკითხავენ მაინც? მოიკითხავენ საერთოდ? რა გითხრათ აბა!
ამ ყველაფრიდან გამოსავალი არის – განათლება. ვხუმრობ, რა თქმა უნდა. გამოსავალი ის არის, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს პასუხისმგებლობა. აბსტრაქციამ კი არ უნდა გვმართოს, არამედ კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც გადაწყვეტილებებს საკუთარი რეპუტაციის, სახელის, მომავლის რისკის გათვალისწინებით იღებენ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში არის შანსი, რომ რამდენიმე არჩევნების შემდეგ ჩვენ, მოქალაქეებმა მოვახდინოთ პოლიტიკოსთა ფილტრაცია ჩვენივე გემოვნების მიხედვით და, ბოლოს და ბოლოს, ყოველი არჩევნების წინ არ ვიდგეთ ხოლმე ცუდისა და უარესის, არამედ ოდესმე მაინც დავდგეთ კარგისა და უკეთესის არჩევანს შორის. ამისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი კი არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დაკარგოს ძალაუფლება, რომელიც დღეს აქვს, ანუ ივანიშვილმა უნდა დაკარგოს ძალაუფლება. ის უნდა გახდეს ძალაუფლების ერთ-ერთი და არა ერთადერთი წყარო. დაიქცევა ქვეყანა, თუ ეს ცვლილება განხორციელდა? არ ვიცით! სამაგიეროდ, ზუტად ვიცით, რა მიმართულებით განვითარდება ქვეყანა ცვლილების გარეშე. მთავარი შეკითხვა ის არის, გვაწყობს თუ არა ეს უკვე არსებული მიმართულება. დარწმუნებული ვართ, რომ ყველაფერი კარგად მიდის? იქნებ სჯობს, გავრისკოთ ცვლილება, რომელიც პოტენციურად უფრო დიდი წარმატების მომტანი შეიძლება იყოს? ამ შეკითხვებზე მე უკვე ვეღარ გაგცემთ პასუხს. თავად მოიფიქრეთ.
ზოგიც მერე იყოს.