7 მაისს სასამართლოში „რუსთავი 2-ის“ საქმეზე პროცესი ჩაინიშნა - ადვოკატი

პუბლიკა

„რუსთავი 2-ის“ საქმეზე სიახლე გვაქვს – როგორც იქნა, პროცესი დაინიშნა. საქმის განხილვა გაიმართება ა.წ. 07 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში. რამდენიმე დღეში საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მივაწვდით. ამ საქმეზე სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც ტელეკომპანია დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს – აქიმიძეს და დვალს!!!“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში იურისტი კახა კოჟორიძე წერს.

2020 წლის იანვარში სასამართლოში დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელი პაატა კარსანიძისა და ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ ისევ შეიტანეს. სასამართლომ საქმე  წარმოებაში მიიღო და „რუსთავი 2-ის“ 60%-ს ყადაღა დაედო.

კერძოდ,  საუბარია ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელზე, ქიბარ ხალვაშისა და პაატა კარსანიძის მიმართ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრში წილის რეგისტრაციის გაუქმებისა და შპს-ს წილის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის შესახებ.

ეს ის სარჩელია, რომელიც კახა კოჟორიძემ დვალი-აქიმიძის სახელით ერთხელ უკვე შეიტანა სასამართლოში, თუმცა პირველ ჯერზე მოსამართლემ ის განუხილველად დატოვა. ამ საქმეზე განცხადება სასამართლომ 17 იანვარს გაავრცელა. ამის შემდეგ კახა კოჟორიძის თქმით, მათ სარჩელი ხელმეორედ შეიტანეს სასამართლოში.

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დამფუძნებლებმა 2021 წლის 19 მარტს საქალაქო სასამართლოში დამატებითი სარჩელი შეიტანეს. სარჩელი „რუსთავი 2-ის“ გასხვისების აკრძალვაზე სასამართლოს უარს ეხება.