„ჩვენ არასდროს მიგვიღია გადაწყვეტილება, რომ ეს პროექტი ჩაიშალოს, როგორც ზოგიერთი მოგვიწოდებს, რომ ინვესტორმა დატოვოს ხეობა… პროექტი არ გადადებულა, პროექტი განხორციელდება, მაგრამ რაც შეეხება კაშხალს, რომელიც არის ყველაზე კრიტიკული ნაგებობა, ის აშენდება მას შემდეგ, რაც დასკვნები გადამოწმdება”, – ნამახვანჰესთან დაკავშირებით ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.
შეკითხვაზე, რატომ შენდება გზა, კაშხლამდე მისასვლელი, როცა არ ვიცით, აშენდება თუ არა კაშხალი? თურნავა პასუხობს, რომ „აშენდება კაშხალი, მაგრამ აშენდება, როდესაც ყველა დარწმუნდება იმაში, რომ ის იქნება უსაფრთხო”.
შეკითხვაზე, რატომ ამბობთ, რომ აშენდება კაშხალი, როცა დასკვნები არ არსებობს ჯერ? მინისტრმა აღნიშნა:
„ძალიან დეტალური დასკვნები არსებობს, რომელიც ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციებმა გააკეთეს, მაგრამ, რადგანაც გაჩნდა უნდობლობა და კითხვები, რამდენად მართლაც უსაფრთხოა ეს დასკვნები, გავახსნევინეთ ეს ყველაფერი და ყველა ექსპერტს, ვინც არის დაინტერესებული, შეუძლია იხილოს, წაიკითხოს და გადაამოწმოს. თუ დადგა მომენტი, რომ რაიმე შეიძლება გაკეთდეს უკეთესად, ინვესტორი მზადაა დამატებითი ხარჯი გაიღოს, დააზუსტოს მდებარეობა, შეცვალოს მასალების ხარჯი, დააზუსტოს ტექნოლოგია, მაგრამ საკითხი იმისა, რომ ჰესი არ აშენდეს, ამას, უბრალოდ, არ ვიხილავთ.
…ვაძლევთ დროს, ნებისმიერ დაინტერესებულ ექსპერტს, ადგილობრივი მოსახლეობის ნდობით აღჭურვილ ექსპერტებს, მეცნიერებს, გაეცნონ ამ დასკვნებს და თავისი საკუთარი აზრი გამოიტანონ, რამდენად საფუძვლიანია. არც იმას გამოვრიცხავთ, რომ შეიძლება რაღაც გვირჩიონ მათ გაუმჯობესებასთან დაკავშირებით და ეს მოხდება. მაგრამ იმდენად კარგად არის ეს პროექტი თვითონ მოკვლეული და შედგენილი, რომ ჩვენ არ ვუშვებთ იმ აზრს, რომ ეს პროექტი არ განხორციელდება. იმიტომ, რომ ეს საქართველოსთვის არის უმნიშვნელოვანესი”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მან ასევე ისაუბრა მოსახლეობასთან კომუნიკაციის პროცესზე. მას მიაჩნია, რომ ჰესის მოწინააღმდეგეების ძალიან ბევრ ლეგიტიმურ შიშს უპასუხეს, თუმცა მიუხედავად ამისა, პროექტზე მასირებული შეტევა მაინც მიმდინარებს.
„კომუნიკაციისთვის ჩვენ ყოველთვის მზად ვართ და არასდროს ამას არ ვიზარებთ, ისიც ვაღიარეთ, რომ შეიძლება უფრო მეტი კომუნიკაცია უნდა ყოფილიყო, პროექტი მართლაც დიდია და ამას იმსახურებს, თუმცა, უკვე ამ ეტაპზე, როდესაც ჩვენი ამ გაძლიერებული კომუნიკაციის ფონზე ძალიან ბევრი კონკრეტული გადაწყვეტილება შევთავაზეთ, რაც ძალიან ბევრ ლეგიტიმურ შიშს პასუხობს და დღის წესრიგიდან ხსნის, ახლა, სიმართლე გითხრათ, მეჩვენება, რომ უბრალოდ რაღაც მასირებული შეტევა მიდის მაინც ამ პროექტზე.
როგორც პრემიერმაც ბრძანა, როცა ენგურჰესს ვსტუმრობდით, ძალიან მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ გულწრფელი კითხვები და წუხილები, რაც ამასთან არის დაკავშირებული, და ისეთი ტიპის კრიტიკა, რომელიც არ არის გულწრფელი და შეიძლება იყოს სხვადასხვა ძალის მიერ ინსპირირებული, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით”, – აღნიშნა თურნავამ.